ზემო სამგორის სარწყავი სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია
გარდაბნისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში 90 მილიონი ევროს ღირებულების მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც ზემო სამგორის სარწყავი სისტემის სრულფასოვან რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
პროექტი 19 129.4 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მოიცავს და სარწყავი ინფრასტრუქტურის განახლებას უზრუნველყოფს.
ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მნიშვნელობა და მოსალოდნელი შედეგები გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას გააცნეს. პრეზენტაციას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
„ზემო სამგორის სარწყავი სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია მელიორაციის სექტორში მიმდინარე რეფორმის ნაწილია. მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდების ხარისხს, ზრდის სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობას და ხელს უწყობს რეგიონში აგროსექტორის განვითარებას“, – განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ზემო და ქვემო მაგისტრალური არხების დაზიანებული უბნების აღდგენა, გრუნტის მონაკვეთების მოპირკეთება, მეორე და მესამე რიგის არხების რეაბილიტაცია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სოფლებში არსებული მეოთხე რიგის გამანაწილებელი ქსელის მოწესრიგება. ასევე განხორციელდება პალდოს სათავე ნაგებობის სარემონტო სამუშაოები და დამონტაჟდება თანამედროვე, SCADA სისტემასთან თავსებადი წყლის დონისა და ხარჯმზომი მოწყობილობები.
პროექტი ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობით.

