დარგებიმედია ფერმერებისთვის TVმეთევზეობა

ცისარტყელა კალმახის ჯიშები

დონალდსონის კალმახი

დონალდსონის კალმახი სელექციის შედეგად მიღებული ცისარტყელა კალმახის მაღალპროდუქტიული და სწრაფად მზარდი ფორმაა, რომლის გამოყვანაზე მუშაობა სელექციონერმა ლ. დონალდსონმა 1932 წელს დაიწყო. მან საწყის ფორმად გამოიყენა ადგილობრივი ნაკადულის კალმახის სახეობა, რომელსაც 4 წლის ასაკში სხეულის მასა – 450-700 გრ, ხოლო ნაყოფიერება – 500-1000 ქვირითი ჰქონდა.

Без названия

40 წლიანი მუშაობის შემდეგ კალმახის ახალმა პოპულაციამ სქესობრივი მომწიფება 2 წელიწადში დაიწყო და მისი საშუალო ნაყოფიერება 5-7 ათას ქვირითს, ხოლო წონა 2-3 კგ-ს აღწევდა. სამწლიანების პროდუქტიულობა 5 დან 12 ათას ცალ ქვირითამდე გაიზარდა.

დონალდსონის კალმახი ყოფილი საბჭოთა კავშირშის ტერიტორიაზე 1982 წელს აშშ-დან შემოიყვანეს. სასელექციო მუშაობამ აჩვენა, რომ დონალდსონის კალმახს ცხოვრების პირველ წელს შეეძლო მიეღწია მასისთვის 0,25 დან 1 კგ-მდე; მეორე წელს – 0,5-დან 2 კგ-მდე; მესამე წელს – 2-დან 4,5 კგ-მდე. ერთი მდედრის ნაყოფიერება კი 20 ათასზე მეტ ქვირითამდე გაიზარდა.

კალმახის ამ სახეობის ტოფობა წყლის ტემპერატურაზეა დამოკიდებული და დეკემბერ-მარტის პერიოდში მიმდინარეობს. ქვირითის ინკუბაციისას, წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა 8-12°С. კალმახი აქტიურად იყენებს როგორც გრანულირებულ, ისე, პასტისებურ საკვებს. მისი მოშენებისა და გამოზრდის პროცესში ყველა საჭირო პირობის დაცვაა აუცილებელი, რადგან პირობების დაუცველობის შემთხვევაში გარდაუვალია მაღალი დანაკარგი ქვირითში, მოზარდეულსა და მწარმოებლებშიც.

დონალდსონის კალმახი გამოირჩევა მაღალი ხარისხის ხორცით.

კამლოოპსის კალმახი

კამლოოპსი ცისარტყელა კალმახის ღრმა წყლების ბინადარი ფორმაა. ბინადრობს ბრიტანული კოლუმბიის (კანადა) ღრმა ტბებსა და მდინარეებში. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკში; ახასიათებს ადრე შემოდგომის ტოფობა (აგვისტო-ოქტომბერი) და 2-3 თვით ადრე მწიფდება ვიდრე ჩვეულებრივი ცისარტყელა კალმახი.

300px-Kalmoopsis

საუკეთესო სქესობრივი პროდუქტიულობა აღენიშნებათ 2-3 წლიან მამრებს და 4 წლიან მდედრებს. ქვირითის ინკუბაცია ხდება 6-12°С ტემპერატურაზე. ცისარტყელა კალმახთან შედარებით უფრო პატარა ზომის ქვირითი აქვს, თუმცა ერთნაირ პირობებში, მისი ტოფობა 10-%-ით სწრაფია და უფრო მაღალი სამუშაო ნაყოფიერებით გამოირჩევა.

3°С-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე კამლოოპსის კალმახის მომწიფება არ ხდება, ხოლო წყლის დაბალი ტემპერატურისას (6 °С-ზე ნაკლები) აღინიშნება მაღალი სიკვდილიანობა, ემბრიონისა და ლიფსიტების შენელებული ზრდა. ამიტომ, რენტაბელური კულტივირებისთვის წყლის ტემპერატურა 6-10 °С-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ორწლიანი გამოყვანისას (ბუნებრივი კვებისას ან 30%-მდე პროტეინებით კვებისას) ეს ფორმა სასაქონლო მასას – 150- 200 გრ-ს უკვე მოშენების მეორე წლის პირველ ნახევარში აღწევს. სასაქონლო მასის მისაღწევად გამოზრდის პერიოდი კამლოოპსისთვის 10-18, ხოლო ჩვეულებრივი ცისარტყელა კალმახისთვის 17-24 თვეა.

კამლოოპსისა და ცისარტყელა კალმახის კომბინირებული მოშენება მომგებიანია, რადგან საშუალებას იძლევა წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობის შენარჩუნების ფონზე ორჯერ ნაკლებად იქნეს გამოყენებული საინკუბაციო აპარატები და თევზწარმოების სხვა მოწყობილობები.

კალიფორნიული ოქროსფერი კალმახი

კალიფორნიული ოქროსფერი კალმახი წარმოშობით კალიფორნიის (აშშ) სიერა-ნევადის ალპური პლატოს ტბების, ნაკადულებისა და მდინარეების ზედა აუზების ენდემური ჯიშია. ის ცისარტყელა კალმახის სხვა ფორმებისაგან განსხვავდება მკვეთრი ოქროსფერი შეფერილობით, რომელიც საცხოვრებელი გარემოს პირობების შესაბამისად იცვლება. არსებობის პირველი წლისთვის მასში ჭარბობს მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი და ლიმონისფერ-ოქროსფერი ტონები. მთელი სხეულის გასწვრივ აქვს მოყავისფრო-ნაცრისფერი, ხოლო ზურგზე შავი პატარა ლაქები. მკაფიო შეფერილობა მჟღავნდება ტოფობის პერიოდში.

250px-Kaliforniuli

ოქროსფერი კალმახი იოლად ჯვარდება ბუნებაში. წარმოქმნის კლარკის ორაგულისა და ცისარტყელა კალმახის მაღალი სიცოცხლისუნარიანობით გამორჩეულ ჰიბრიდს. ის ალპური მდინარეებისა და ტბების ცივი წყლის მოყვარული თევზია, რომელიც ადაპტირებულია წყლის დაბალ ტემპერატურასა და გახსნილი ჟანგბადის მაღალ შემცველობასთან. ბუნებრივი გამოყვანისას, წყლის ოპტიმალური ტემპერატურა შეადგენს 14-16°С-ს. თუმცა, შეუძლია იცოცხლოს 1-25°С ტემპერატურის პირობებშიც. ამ სახეობებში, წყალსატევის ჰიდროლოგიური რეჟიმიდან გამომდინარე, ტოფობა შეიძლება მიმდინარეობდეს მარტი-აგვისტოს პერიოდში. ტოფობა იწყება 11°С, მაგრამ ძირთადად, კარგად მიმდინარეობს 13°С ტემპერატურაზე.

სქესობრივად მომწიფებული მამრები აქტიურობით ხასიათდებიან როდესაც 10-13 სმ სიგრძეს აღწევენ. 300-700 გრ მასის მქონე მდედრები დებენ 320-1100 ცალ ქვირითს, რომელთაგან სქესობრივი მომწიფების მდგომარეობამდე შთამომავლობის მხოლოდ 2% აღწევს. ტოფობა ხდება 1:5 შეფარდებით წყლის 15°С ტემპერატურაზე (შეიძლება გაგრძელდეს 30°С-მდეც).

სქესობრივ მომწიფებას ოქროსფერი კალმახი სიცოცხლის მესამე-მეოთხე წელს აღწევს. მთლიანად სიცოცხლის პერიოდში (6-7 წელი) ტოფობს 3-ჯერ. ბუნებრივ პირობებში ზრდისას შეიძლება მიაღწიოს 5 კგ-მდე მასას; ხელოვნურ პირობებში კულტივირებისას კი წლამდე ასაკის კალმახი 50-70 გრ-ს აღწევს; ერთწლიანები 90-130 გრ-ს და ორწლიანები 300-700 გრამსს.