ფუტკრის ოჯახის ბუდის ჰიგიენა
ფუტკრის ოჯახის ბუდის ჰიგიენა ბევრად უფრო კომპლექსური საკითხია და უმეტეს შემთხვევაში მეფუტკრისათვის ბუდის ძირითადი ნაწილის – ფიჭების დეზინფექცია რთულად ჩასატარებელი და არარაციონალურია.
ამავდროულად, ფიჭების სათანადო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა ფუტკრის ოჯახებში ფუტკრის დაავადებათა მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.
ფუტკრის ოჯახებთან მუშაობისას დაგროვილი ფიჭისა და დინდგელის საფუტკრეში ღიად დატოვება ან დაგდება იზიდავს სხვა ოჯახის მუშა ფუტკრებს, რაც ქურდობის პროვოცირებასა და დაავადებების გავრცელებას განაპირობებს. ნარჩენების ჩასაყრელად გამოყენებული უნდა იყოს თავსახურიანი კონტეინერი.
როგორც ფუტკრის ბიოლოგიის შესაბამის თავში იყო განხილული, ფიჭა განიცდის ერთგვარ ფიზიოლოგიურ ცვეთას. ფუტკრის ოჯახში თაობათა ცვლის კვალდაკვალ ფიჭა მუქდება და მასში მატულობს სხვადასხვა დამაბინძურებლის (ფუტკრის ექსკრემენტები, ტოქსინები, პათოგენური მიკროორგანიზმები) კონცენტრაცია.
ბუნებაში ბუდის განახლება ფუტკრის გამრავლების პროცესს უკავშირდება და ადამიანის ჩარევის გარეშე ხორციელდება. საფუტკრეში ფუტკრის ოჯახების გამრავლება მეფუტკრის მიერ მართული პროცესია და ბუნებრივი სცენარისგან მკვეთრად განსხვავდება. ფუტკრის ოჯახს მეფუტკრე არ აძლევს ბუდის დატოვების საშუალებას და სკის დაცლის უფლებას. ამიტომაც სწორედ მეფუტკრეს ევალება ძველი ფიჭის ახალი ასაშენებელი ფიჭით ჩანაცვლება. რამდენი ფიჭა უნდა ჩანაცვლდეს წლის განმავლობაში ფუტკრის ოჯახში? იმდენი, რამდენიც შესაძლებელია და რაც მეტი, მით უკეთესი. თვალსაჩინოებისთვის, იხილეთ ფუტკრის ოჯახში ბუდის ფიჭების განახლების სქემები.
დამკვიდრებული აზრი, თითქოს ფიჭის მშენებლობის პროცესი ენერგეტიკულად „ძვირი უჯდება“ ფუტკრის ოჯახს, მოკლებულია რაციონალურობას. პირველად ფიჭის მშენებლობის „ხარჯის“ შეფასება გიორგი ტარანოვმა სცადა , თუმცა მოგვიანებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზუსტი ან თუნდაც მიახლოებითი კალკულაციაც კი შეუძლებელია ამ საკითხის მრავალმხრივობის გამო . თუმცა, ორი რამ უდავოა:
- ხელსაყრელ პირობებში ფუტკრის ჯანმრთელი ოჯახი ბუნებრივად და ძალდატანების გარეშე უხვად გამოიმუშავებს ცვილს;
- ფიჭების როტაციით მიღებული ფუტკრის ოჯახების გამა156 ჯანსაღებელი ეფექტი შეუფასებელია!
ბუნებაში ფუტკრის ოჯახი ბუდის გაფართოებას ფიჭის მშენებლობით ახერხებს. საფუტკრე მეურნეობაშიც უნდა იყოს ეს პრინციპი დაცული. ფუტკრის ოჯახის ბუდის გაფართოება გაზაფხულზე ასაშენებელი ფიჭით უნდა დაიწყოს (1-2). ძირითადი ღალიანობის დაწყებისას რეკომენდებულია გაზაფხულზე აშენებული და სხვა ღია ფერის უდეფექტო ფიჭებით ბუდის ბარტყიანი ნაწილის (ქვედა კორპუსი) დაკომპლექტება (3-4). მოცემული სქემა განსაზღვრულია დადანის სკებისთვის.
როგორი ცვილისგან უნდა დამზადდეს ასაშენებელი ფიჭა?
ასაშენებელი ფიჭა შესაძლოა საფრთხის შემცველიც აღმოჩნდეს. ცვილისგან, რომელიც დაბინძურებულია ანტიბიოტიკებით, პესტიციდებით ან სხვა ტიპის ტოქსინებით, მიიღება ასევე დაბინძურებული ასაშენებელი ფიჭის ფურცელი.
მეფუტკრე უნდა ერიდოს გაურკვეველი წარმოშობის ასაშენებელი ფიჭის შეძენას. სწორი მიდგომა გულისხმობს საკუთარი ცვილის მარაგების შექმნას და მისგან ფიჭის ბეჭდვას. შედარებით ნაკლებია ქიმიური დაბინძურების ალბათობა თაფლის დაწურვისას დაგროვებული ანათალისგან მიღებულ ცვილში. ფიჭის მდგომარეობა და ცვილი სარკეა საფუტკრე მეურნეობაში მიმდინარე პროცესებისა, სწორედ მასშია არეკლილი ფუტკრის დაავადებათა კონტროლის მიზნით გამოყენებული პრაქტიკის თავისებურებები.
ხელოვნური ფიჭის დამზადება უნდა ხდებოდეს უვნებელი ცვილისგან, ცვილში არ უნდა აღინიშნებოდეს ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა ქიმიური დამაბინძურებლების კვალი. ანტიბიოტიკებითა და პესტიციდებით დაბინძურებული ცვილისგან დამზადებული ფიჭებიდან შესაძლოა მოხდეს თაფლის დაბინძურება. ასევე ფიჭის საბეჭდად გამოყენებული ნედლეული უნდა იქნეს გასტერილებული თუკი ის ამერიკული სიდამპლით დაავადებული ოჯახებიდან არის მიღებული. ფიჭის დასამზადებელ ნედლეულად უმჯობესია თაფლიანი ფიჭის ანათალისგან მიღებული ცვილის გამოყენება.
„მეთაფლე ფუტკრის დაავადებების მართვა
და უვნებელი თაფლის წარმოება“
სახელმძღვანელო