რუბრიკებისტატიები

მიწა და სახელმწიფო

საქართველოს საზოგადოებრიობას, პარლამნტს და მთავრობას

 მიწა ერისათვის მისი ყოფიერების ტერიტორიაა, ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც. იგი სასიცოცხლოდ აუცილებელი ბაზაა, რომელიც არსებითად განსაზღვრავს ქვეყნის ყოველმხრივი დამოუკიდებლობის ხარისხს და ფაქტობრივად წარმოადგენს მოცემულ სივრცეში ერის სულისდგმისა და შემოქმედების აუცილებელ პირობას.

კოღუაშვილი ლკადჯლკფჯასდ

საქართველოს მმართველი ხელისუფლების (2003-2012 წწ.) აგრარული პოლიტიკის სტრატეგია ემყარება იმის არგათვალისწინებას (არცოდნას ან არცოდნის სიმულაციას), რომ:

_  ქვეყნის რესურსულ პოტენციალში მიწას, როგორც უვადო ეკონომიკურ აქტივს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება;

_ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოება მიწის საკითხს უდგება საკუთარი ეროვნული და საზოგადოებრივი მიზანშეწონილობის მიხედვით: თუ საკუთრების კლასიკური გაგება წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოებრივ ინტერესებთან, უყოყმანოდ იწირება თეორია. ამ მხრივ დასავლური სახელმწიფოები არავითარ სიმორცხვეს არ ამჟღავნებენ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ მიწის საკუთრება, განსხვავებით სხვა ქონებისაგან, ერის საყოველთაო ინტერესების სოციალურ-სამართლებრივ მოთხოვნებს დაუქვემდებარა;

_ საქართველოში გაეროს სპეციალური მეთოდიკით გაანგარიშებული ნივთობრივი სიმდიდრე 1990 წელს სულ 275 მლრდ დოლარის ტოლფასი იყო, რომელშიც მიწას 54,3% ეკავა;

_ ამჟამად პლანეტაზე მიწის ერთი ნაგლეჯიც კი არ არის თავისუფალი და, თუ გადავხედავთ თანამედროვე კონფლიქტების უმრავლესობას, მათი მიზეზი სწორედ ტერიტორიული დავაა.

_ სამშობლოს დაცვით ქართველი გლეხი თავის პირად მამაპაპურსაც, თავის „მამულსაც“ იცავდა. სხვა სიტყვით: თავის პირად მამულს იგი თავისი დიდი მამულის _ თავისი სახელმწიფოს _ დაცვის სახით იცავდა.

ამ სასიცოცხლო თემაზე საზოგადოებამ უნდა იცოდეს შემდეგი:

საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია ქართველი ხალხის ორგანული სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული, ეთნო-ფსიქოლოგიური და ეთნო-კულტურული კანონზომიერი განვითარების შედეგია იმ მიწაზე, სადაც სახელმწიფოსთან ერთად შეიქმნა ქართული ეროვნება და ეროვნული ცნობიერება.

მიწა, საკუთრების სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, ერთდროულად წარმოადგენს საკუთრების ობიექტს, წარმოების საშუალებას და სახელმწიფო ტერიტორიასაც. ამდენად, მიწის საკუთრებას, გარდა ეკონომიკური და იურიდიული დატვირთვისა, პოლიტიკური ასპექტიც გააჩნია. ესაა სახელმწიფო ტერიტორიული შეუვალობა ანუ სუვერენიტეტი. სუვერენია ხალხი (ერი).

ის ფაქტი, რომ ტერიტორიულ სუვერენიტეტს იცავს სახელმწიფო, სულ არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოა მიწის უზენაესი მესაკუთრე. სახელმწიფო ტერიტორია (მიწა) ხალხის (ერის) საკუთრებაა. ერი, როგორც აღნიშნული უფლების სამართალმემკვიდრე, არ გულისხმობს მხოლოდ დღევანდელ თაობას. ეროვნული სამართალშეგნება სამართალსუბიექტად მიიჩნევს ასევე წარსულ და მომავალ თაობებსაც. სწორედ ამიტომ არც ერთ თაობას (მით უფრო, გარკვეული ვადით მოსულ ხელისუფლებას) არ აქვს არანაირი უფლება, საძვალე მოუშალოს წინაპრებს და მამული გაუყიდოს შთამომავლობას.

მთავრობა, რომელიც საზოგადოებრივი საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების საკითხს აყენებს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაეკითხოს ერს (ხალხს), სურს მას ამ საკუთრების გასხვისება უცხოელებზე თუ არა. ამ შემთხვევაში დემოკრატიული ქვეყნების „დემოსი“ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს, მთავრობა კი, რომელსაც ხალხის აზრი ამ საკითხში ნამდვილად აინტერესებს, კი არ ეწინააღმდეგება მას, არამედ ვალდებულია, უზრუნველყოს რეფერენდუმის ჩატარება.

ქართველი ერისათვის მიწა-წყლის წართმევის მცდელობას იმდენივე ხნის ისტორია აქვს, რამდენიც იმის ცოდნას დანარჩენი მსოფლიოს მიერ, რომ საქართველო „ღვთის მიერ კურთხეული ადგილია“, ანუ, თავისი ფართობისადმი პროპორციის მხრივ, ბუნებისგან ბევრად უფრო უხვად დასაჩუქრებული ადგილია, ვიდრე დედამიწის დანარჩენი ტერიტორია საშუალოდ. ეს მცდელობა ხორციელდება არა მხოლოდ გეოსტრატეგიული ქმედებების დონეზე (დაპყრობა, დახოცვა, აყრა და ა.შ.), არამედ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის დონეზეც, სახელდობრ, თვით საქართველოს სინამდვილეში იმგვარი „მშვიდობიანი“ დივერსიული ცვლილებების განხორციელების (ან სათანადო მცდელობის) დონეზეც, რომლებმაც შედეგად უნდა მოიტანონ ფაქტობრივი და ფსიქოლოგიური ბმის შესუსტება საქართველოს მიწასა და მის კანონიერ პატრონს, ქართველ ერს (ხალხს) შორის.

ფართოდ უნდა გაცხადდეს საქართველოს საზოგადოების ერთობლივი აზრი, რომ ხელისუფლების განზრახვა უცხოელებისთვის ხელოვნურად გაღატაკებული გლეხების მიწის მიყიდვისა, არის კანონსაწინააღმდეგოდ მოპოვებულის გაყიდვა და რომ ასეთი ნასყიდობები გაუქმდება.

კატეგორიულად დაუშვებელია სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის გადაყვანა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში, მისი შემდგომი პრივატიზაციის მიზნით. ასეთი თვალთმაქცური გზით მიწის გასხვისება ინვესტირება არ არის. ის შეიძლება შეფასდეს როგორც სპეკულაცია, რაც განვითარებულ სამყაროში დაგმობილია.მოსახლეობის ეს ნება და ეს აზრი, გაფრთხილების ფორმით უნდა მიეწოდოს შემოსახლების მსურველებს, როგორც გაფრთხილება ნაქურდალის ყიდვის გამო, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

ილია ჭავჭავაძე უცხოელებზე (ხიზნებზე) გრძელვადიანი მემკვიდრეობითი იჯარის გამოყენებას სთავაზობდა ქართულ საზოგადოებას. დღეს საქართველოში დასაშვებია გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარის (სარგებლობის უფლების გაყიდვა) ფორმის გამოყენება, რომელიც მსოფლიოს უმეტეს დემოკრატიულ ქვეყნებშია გამოყენებული.

საქართველომ სასწრაფოდ უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი (როგორც ევროკავშირის რიგმა ახალმა წევრმა ქვეყნებმა) და შეაჩეროს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასხვისება (ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებამდე) უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და იმ იურიდიულ პირებზე, რომლებიც საქართველოშია დაფუძნებული, მაგრამ მათში ნებისმიერი მასშტაბით მონაწილეობენ არარეზიდენტი იურიდიული თუ ფიზიკური პირები. ამ მოთხოვნის შესრულება ოდნავადაც არ გააუარესებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს, პირიქით, უდიდეს საფრთხეებს ააცილებს მას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა მიისწრაფის ევროკავშირისაკენ და იმედია, რომ ახლო მომავალში გახდება ამ ორგანიზაციის წევრი. ცხადია, წევრობა გულისხმობს გარკვეულ ვალდებულებებს, მათ შორის _ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას მიწის საკუთრების საკითხშიც.

ილია ჭავაჭავაძის პარადიგმა, ისტორიული ხედვით განმტკიცებული, მიწისადმი ქართველი კაცის განსაკუთრებული დამოკიდებულების თაობაზე არა მარტო ქართველი ერისთვისაა აქტუალური, არამედ მთელი განვითარებული კაცობრიობისათვის.

ქართველ ერში ეროვნული ინსტიტუტების შენარჩუნებისათვის ტერიტორიულ დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ სტაბილობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

პაატა კოღუაშვილი