აგრარული განათლებადარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ჭურ-მარანი

ქართული მარანი ორნაირია _ ღია და დახურული. ღია მარანი დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მას ჭურ-მარანს უწოდებენ. ლიხთიმერეთში ჰავისა და ნიადაგის მოჭარბებული ტენიანობის გამო ჭურების გადახურულში ჩადგმა საშიშია: მუდმივი ჩერო და უმზეობა ღვინოს დასცდის და შმორის სუნს მისცემს.
ქვევრებს მზემ რომ არ დახედოს და ღვინო არ წაახდინოს, ჭურისთავი საგანგებოდ არის დაჩრდილული. ტრადიციულად – რცხილის ხეებით ან თხილის ბუჩქებით. უყვართ ჭურის თავზე კომშის დარგვაც – მას კარგი ჩრდილი აქვს, სუფთაა და მატლს იშვიათად იჩენს, ფესვები სწორად და ღრმად მიდის მიწაში და ქვევრს არ აზიანებს. რაჭველები ჭურ-მარნის თავზე კოპიტს რგავენ.

ჭურისთავს ზედ ეკვრის მარანი, რომელიც ნაირგვარია როგორც მასალით, ისე კონსტრუქციული თავისებურებით.

დახურული მარანი კი ქართლ-კახეთსა და დასავლეთ საქართველოს მთიან ზოლში იციან. ამ ტიპის მარანი ზოგან განცალკევებით დგას, ზოგან კი საცხოვრებელი სახლის კომპლექსშია ჩაშენებული. ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ჩატანებულ მარანს ზოგჯერ ლამის მთელი პირველი სართული უკავია. ქართლ-კახეთში აქა-იქ შემორჩენილია ერთსართულიანი სახლი, რომლის ერთი თვალი საცხოვრებელია, მეორეში კი მარანია გამართული.

ყურძნის მოსავლის აღების შემდეგ, მისი დაწურვისთანავე, დაწმენდილ სუფთა თავ ღვინოს ამა თუ იმ წმინდანის სახელზე დაფლულ ქვევრში ჩაასხამდნენ. წმინდანის დღეობაზე ქვევრს მოხდიდნენ, თავ ღვინოს ამოიღებდნენ და ხატში მიტანდნენ. შეწირულ ღვინოს ზედაშე ერქვა. დღეობამდე ღვინის ზედაშის მოხსნა არ შეიძლებოდა. აკრძალული იყო ზედაშე ღვინის გაყიდვა და გასხვისებაც.

საქართველოში ღვინის ზედაშე საოჯახო ვენახებისა და საგვარეულო და სასოფლო ხატების ვენახების მოსავლისგან იწურებოდა. ზედაშეს ქვევრი ვენახში, მარანში ან საყდრის გალავანში იყო ჩაფლული. მცხეთის რაიონის სოფელ ერედის ძალისის წმინდა გიორგის ეკლესიის გალავანში 115 ქვევრი აღმოჩნდა. ამ ჭურჭელს სოფლელები საოჯახო და საგვარეულო ზედაშეებისთვის იყენებდნენ.

საზედაშეო ღვინოს ეკლესია-მონასტრებშიც წურავდნენ. ეს ღვინო აღაპის ვალდებულებას უკავშირდებოდა – სააღაპოდ შეწირული ან სააღაპოდ გაპიროვნებული გლეხი მოვალე იყო, ამა თუ იმ პირის აღაპისთვის მონასტერში სურსათი და ღვინო მიეტანა. ეს ღვინო ზოგჯერ პირდაპირ საზედაშეოდ იწოდებოდა.

საზედაშეო ქვევრები მარნის მარჯვენა კუთხეში იყო ჩაფლული და წმინდა ადგილად ითვლებოდა. თუ კარის ეკლესია არ ჰქონდათ, სამეგრელოში ქორწინებისა და ნათლობის საიდუმლოებას მარანში ასრულებდნენო, – გვიმოწმებენ უცხოელი მოგზაურები ლამბერტი და შარდენი. ქართლშიც ბავშვის ნათლობა მარანში სრულდებოდა. ახალი წლის დილით მეკვლე მარანს მიულოცავდა, საახალწლო ხონჩა ნათლისღებამდე მარანში უნდა ყოფილიყო. იმერეთში მარანი ან ჭურისთავი წმინდათაწმინდა ადგილად მიიჩნეოდა, სადაც ამა თუ იმ წმინდანის ან დღეობის სახელდებული ჭური ემარხა. მათთვის თავის მოხდა და ღვინის მოხმარება ნებადართული იყო შობას, ახალი წლის წინა საღამოს, ახალ წელიწადს, მაისის ორშაბათს, კოხინჯრობას, ელიაობას, ამაღლებას, კვირიკობას და სხვა დღესასწაულებზე.

სვანეთში კახთ-ტაბაგის გადახდის დროს სუფრას პირველად მარანში გაშლიდნენ, ზედ საუკეთესო კერძებს დააწყობდნენ, სანთლებს აანთებდნენ, ოჯახის უფროსი კი ოჯახის კეთილდღეობისთვის ილოცებდა.

ქართველ ტომებში დასტურდება სალოცავი ნაგებობანი საზედაშეო ჭურჭლის შესანახად. სამეგრელოში ის საჯვარე ან ოხვამერი მარნის სახელით იყო ცნობილი. საჯვარესთან მივიდოდნენ, დაილოცებოდნენ, სანთელს აანთებდნენ. ქიზიყშიც ჰქონდათ და დღესაც აქვთ ხისა თუ ქვითკირის საოჯახო და საგვარეულო სალოცავები, სადაც ქვევრებში შესაწირავი ღვინო ინახება.

ღვინისთვის სალოცავებიც ზედაშეებად იწოდებოდა. ქართლში, სოფელ ბაზალეთში, ნათელაანთ გვარს ჰქონდა მარანი, რომელიც ლაშარის ნიშს წარმოადგენდა. სოფელ ქსოვილში ლაშარის ნიშა მარანია, სადაც ღვინოს ინახავდნენ. ფშავ-ხევსურეთის სალოცავებს კახეთში საკუთარი ვენახები ჰქონდათ.

საუბარმა მეტისმეტად შორს რომ არ წაგვიყვანოს, აქ დავასრულებთ, ოღონდ მანამდე გავიხსენებთ შიომღვიმის მონასტრის მარანს, რომელიც სიუხვითა და ბარაქით ქართველთათვის კეთილდღეობის სიმბოლოდ იქცა. ღმერთმა დალოცოს და აავსოს ჩვენი ქვეყანა, როგორც ერთ დროს შიოს მარანი!

წყარო: http://karibche.ambebi.ge