აგროსიახლეები

აჭარაში ციტრუსის მოსავლის აღება-რეალიზაციის პროცესი დაიწო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, მალხაზ კენჭაძის ბაღში, მანდარინის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.

როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა: „აჭარაში ციტრუსის მოსავლის აღების და რეალიზაციის პროცესი დაწყებულია. მოგეხსენებათ, ციტრუსი როგორც აჭარაში, ასევე გურიის რეგიონში მოსახლეობის ნაწილისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ პროცესს, რომ თითოეულმა ფერმერმა შეძლოს მოსავლის დაბინავება, რეალიზაცია და მიიღოს შემოსავალი. სწორედ ამიტომ შექმნილია შტაბი, რომელიც ამ პროცესს კოორდინაციას უწევს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიცემა სუბსიდია. 20-მდე საწარმო იღებს როგორც გადამუშავებისთვის, ასევე საექსპორტო მანდარინს და პროცესი ამ კუთხითაც გამართულია. ჩვენ აქაც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კულტურაში, ხელს ვუწყობთ ფერმერებს, რომ სრულად დააბინაონ მოსავალი და შესაბამის შემოსავალი მიიღონ“.

ფერმერ მალხაზ კენჭაძეს 0,7 ჰა ფართობზე 700 ძირი მანდარინი აქვს გაშენებული. მიმდინარე წელს, ფერმერი 10 ტონამდე მოსავალს ელოდება.

როგორც ფერმერმა აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, ციტრუსის სუბსიდირების პროგრამა კი, ფერმერებისთვის დიდი შეღავათია.