როგორ მოვაშოროთ ხურმას სიმწკლარტე
ხურმას მწკლარტე გემოს ტანინები აძლევს. თუ ხილი მათ დიდი რაოდენობით შეიცავს, ამან შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს თირკმლებისა თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაში და ამას ღვიძლის ინტოქსიკაციაც კი შეიძლება მოჰყვეს. ამიტომ სჯობს ხურმა გათალოთ და ისე მიირთვათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხურმა ბოლომდე მწიფე არ არის.
რაც შეეხება კარგად დამწიფებულ ხურმას, მასში ტანინები აღარ შედის და მისი ჭამა ზედმეტი მანიპულაციების გარეშეა შესაძლებელი.
მწკლარტე, ანუ დაუმწიფებელი ხურმა თუ შეიძინეთ, შეგიძლიათ ბანანთან ერთად პაკეტში მოათავსოთ და ნახავთ, რომ ერთ დღეში ის საგრძნობლად დამწიფდება.
კიდევ ერთი მეთოდი _ ხურმა სწრაფად რომ დამწიფდეს და ტანინების გამოსადევნად, ეს თბილ წყალში 10-12 საათი უნდა გააჩეროთ.
ხურმა შეიცავს უამრავ იოდს და თუ ამ მიკროელემენტზე ალერგია გაქვთ, მაშინ შეიძლება ხურმის მიმართ მომატებული მგრძნობელობა განვითარდეს.
სახეობის მიხედვით ხურმის 100 გრამი 16-დან 25 გრამამდე შაქარს შეიცავს. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და, შესაბამისად, ხურმა არ არის რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, განსაკუთრებით დეკომპენსაციის სტადიაში (დაავადების გამწვავება, როდესაც სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია, მაგალითად, ჭამის შემდეგ იზრდება 20 მოლ/ლ-მდე და მეტადაც).
ხურმის მაქსიმალური რაოდენობა ერთი ან ორი საშუალო სიდიდის ნაყოფია, რაც ჯანმრთელმა ადამიანმა დღეში შეიძლება მიირთვას.