ფუტკრის ოჯახის გაუჩინარება, რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი
ცნობილია, რომ ზოგჯერ ფუტკრის ოჯახის დიდი ნაწილი სკიდან უჩინარდება და სკაში ტოვებენ დედა ფუტკარს, ფუტკრების ახალ თაობას, ხშირ შემთხვევაში, ბევრ საკვებთან ერთადაც.
ერთ-ერთი კვლევის შედეგად შეფასდა ფუტკრის ოჯახების ასეთი გაქრობის გამომწვევი ფაქტორი და დადგინდა, რომ ფუტკრების გაუჩინარებას შეიძლება იწვევდეს ერთი კონკრეტული ფაქტორი, ან ფაქტორთა ერთობლიობა.
ფუტკრის ოჯახების გაქრობის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად კლიმატის ცვლილებაც სახელდება. კერძოდ, ცვლილებები ფუტკრების ბუნებრივ გარემოში და ცუდი კვება, რამაც შეიძლება ფუტკრების მიერ სკის დატოვება განაპირობოს. ამას გარდა, კლიმატის ცვლილება, შესაძლებლობას უქმნის ინვაზიურ სახეობებს შეაღწიონ ფუტკრის სკაში, გააფუჭონ დაგროვილი საკვები და მოშალონ სკაში მიმდინარე პროცესები, რაც შედეგად ფუტკრების რაოდენობის შემცირებას იწვევს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ფუტკრის ოჯახები შეიძლება განადგურდეს ამინდის პარამეტრებში გამოწვეული იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებით, რაც კლიმატის ცვლილებას სდევს თან. ფუტკარი შეიძლება განადგურდეს წყალდიდობის ან ხანძრის შედეგად. ინტენსიურმა სიცხემ შესაძლებელია გამოიწვიოს ფიჭის დაშლა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ფუტკარი წყალს, რომელიც მას გასაგრილებლად სჭირდება, რთულად მოიპოვებს. არასეზონული წვიმები ან/და სიცივე ზეგავლენას ახდენს დედა ფუტკრის წარმატებით შეჯვარების უნარზე, მაშინ, როდესაც, დედა ფუტკრის შეჯვარება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოჯახის გასამრავლებლად და გადასარჩენად.
კლიმატის ცვლილების გავლენის შესაფასებლად, მცენარეთა დამტვერიანებასა და ფუტკრის ქცევაზე, საზღვაო და ხმელეთის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიის ხმელთაშუა ზღვის ინსტიტუტის (საფრანგეთი) მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო შეეფასებინა მცენარეთა დამტვერიანებაზე კლიმატის ცვლილების გავლენა და ასევე, ფუტკრის რეაგირება მცენარის ყვავილის სურნელის ცვლილებაზე. სანამ კვლევის შედეგებს განვიხილავთ, თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ დამამტვერიანებლები, მოცემულ შემთხვევაში ფუტკარი, საკვების მოპოვების (მოძიების) პროცესში დამოკიდებულია ვიზუალურ სიგნალებსა (ფერი, ყვავილების რაოდენობა) და სურნელზე. ფუტკარს შეუძლია დაიმახსოვროს არომატი/სურნელი და დააკავშიროს ეს სურნელი შესაბამის მცენარესთან. მეხსიერების გამოყენებით, ფუტკარს აგრეთვე შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს იმ მცენარეების სურნელი, რომლებიც აწარმოებენ ნექატს შაქრის მაღალი შემცველობით და ნექტარს შაქრის ნაკლები შემცველობით. ფუტკარი, ასევე განასხვავებს იმ მცენარეს, რომლის ყვავილი საერთოდ არ შეიცავს ნექტარს.
ყვავილის სურნელი შედგება ასობით მოლეკულისგან, რომელსაც მცენარე გამოყოფს, თუმცა, როდესაც მცენარე განიცდის სტრესს (მაგალითად, წყლის ნაკლებობის ან ბალახისმჭამელი ცხოველების გამო), თავდაცვის მიზნით, გამოყოფს ნაერთებს, რომლებიც მის ყვავილს სურნელს უცვლიან. კლიმატის ცვლილება, რომელიც ბევრ რეგიონში ტემპერატურის მატების და გვალვის საფრთხეს ზრდის, მცენარეებში იწვევს სტრესს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, თავის მხრივ, იწვევს მცენარის ყვავილის სურნელის ცვლილებას.
დამტვერიანებაზე კლიმატის ცვლილების შესაფასებლად ჩატარებული კვლევისათვის შეირჩა მცენარე როზმარინი. მკვლევრებმა გაზომეს როზმარინის სურნელი მოცემული მომენტისთვის და უფრო მშრალ კლიმატურ პირობებში. კვლევის ფარგლებში, ასევე შეფასდა თუ როგორ რეაგირებენ ფუტკრები მცენარის ყვავილის სურნელის ცვალებადობაზე. აღმოჩნდა, რომ სტრესის დროს, როზმარინი გამოყოფს უფრო ინტენსიურ და განსხვავებულ სურნელს (უფრო მეტი მოლეკულით). ასევე, გაირკვა, რომ შინაურმა ფუტკრებმა, რომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება გარეული ფუტკრების რაოდენობას, უპირატესობა მიანიჭეს მცენარეებს, რომლებიც არ განიცდიან სტრესს (სავარაუდოდ, მათგან მიღებული რესურსის ხარისხის გამო), მაშინ, როდესაც, პატარა გარეულმა ფუტკარმა არჩევანი დასტრესილი მცენარის სასარგებლოდ გააკეთა.
კვლევის ფარგლებში, ასევე აღმოჩნდა, რომ დასტრესილი მცენარეები ცოტათი უფრო მეტ ნაყოფს იძლევიან. ეს კი, მეტყველებს პატარა გარეული ფუტკრის, როგორც დამამტვერიანებლის დიდ მნიშვნელობასა და ეფექტიანობაზე. კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ საკვებად იმ მცენარეების გამოყენებით, რომლებიც სტრესს განიცდიან, გარეული ფუტკარი ასევე ზრდის ამ მცენარის ნაყოფიერებას, რომელიც უკეთ ერგება მშრალ პირობებს.
კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი, დაბალემისიებიანი (კლიმატგონივრული) სოფლის მეურნეობა