აგრარული განათლებადარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

ბაღის მალამო, გამოყენების წესები და მომზადები მეთოდები

ბაღებში საშემოდგომო თუ საგაზაფხულო სამუშაოების დროს, ძლიერი ქარის, სეტყვის, თოვლის ან სხვა სტიქიური მოვლენები შედეგად მცენარეები ხშირად ზიანდება, დაზიანებული ადგილები კი მავნებლების და დაავადებების გავრცელების კარგ პირობებს ქმნის და თუ დროზე არ გატარდა პროფილაქტიკური ღონისძიებები, მცენარე დაზიანდება, რაც, ბუნებრივია, მოსავლიანობაზეც აისახება.
ამიტომ საჭიროა მცენარის დაზიანებული ტოტების მოცილება ან სათანადოდ დამუშავება. 

საამისოდ კი საუკეთესო საშუალება ე.წ. „ბაღის მალამოა“.

მცენარეებს, მექანიკური დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ადგილებზე უნდა წავუსვათ ბაღის მალამო, რაც ძალზე ეფექტიანია ჭრილობების მოსაშუშებლად და მავნებელ-დაავადებების გამრავლების შესაძლბლობების შესამცირებლად.

ბაღის მალამოს დამზადების მრავალი მეთოდი არსებობს:

პრაქტიკაში გამოიყენება შაბიამანი, კირი და კირხსნარით დამზადებული მალამო.

მომზადების წესი: 1 კგ. შაბიამანი, 1 კგ. კირი და 1 ლიტრი კირხსნარი მოვათავსოთ ჭურჭელში, კარგად ავურიოთ. მიიღება ფაფისებრი მასა, რომელიც მზადაა გამოსაყენებლად.

საკმაოდ გავრცელებულია კანიფოლი, ფიჭა, ცხიმით დამზადებული მალამოც.

მომზადების წესი: 1 წილი კანიფოლი და 2 წილი ფიჭა ჭურჭელში უნდა გავადნოთ და შევურიოთ ერთმანეთს. შემდეგ უნდა დავუმატოთ 1 წილი ცხიმი (უმარილო ღორის ქონი). მიღებული მასა წვრილი ჭავლით უნდა ჩავასხათ ცივ წყალში და შევკრათ გუნდებად. შემავსებლად შეიძლება დაემატოს ნაცარი.

გამოყენების წესი: აღნიშნული მალამო შეიძლება გამოვიყენოთ ხეხილის ბაღში, წაუსვათ მცენარეებს მექანიკურად დაზიანებულ ადგილებზე, განასხლავ შედარებით დიდ ჭრილობებზე (მათ შორის ნამყენზე), ტოტის გადანახერხზე, ტოტის მოხლეჩის ადგილზე, მექანიკურად დაზიანებულ კანზე და ა.შ.

აღნიშნული მეთოდები ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის.

ჯაბა ჭეიშვილი,

ასოციაცია “ელკანას” კოორდინატორი