რატომ არ მივიდა „ქართული ვაზის და ღვინის კულტურის პროექტი“ ლოგოკურ დასასრულამდე
ნათქვამია: „კაცობრიობის ცივილიზაცია მაშინ დაიწყო, როცა ადამიანმა თავისი ნააზრევი დაწერა“-ო, რადგან ისიც ნათქვამია, რომ „დაწერილს ნაჯახითაც ვერ ამოჩეხავ“-ო.
მართალია ანბანი ჩვენმა წინაპარმა მისცა კაცობრიობას, მაგრამ ქართველებს თავისი ნააზრევის დაწერა, არც ერთ დროში არ უყვარდათ. არადა დღეს სწორედ ესაა იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ესა თუ ის ისტორიული მოვლენა ან ძეგლი შენია და მასში ვერავინ მოგედავება. მაგალითისათვის შორს წასვლა არ გვჭირდება, სანამდე ჩვენი არქეოლოგები გრაკლიანის ასომთავრულ ასონიშნებს ნახავდნენ მანამდე, სომხები გვიმტკიცებდნენ, რომ ქართული ანბანი, სომხურის შემდეგ მაშტოცმა შეგიდგინათო. გრაკლიანის წარწერის შემდეგ კი გაირკვა, რომ ეს ასონიშნები კულტურული დამწერლობის საწყისია.
სამწუხაროდ, ზემოთ აღნიშნული ავადმყოფობა დღემდე შემოგვრჩა ქართველებს და დღესაც დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ შესრულებულზე საბუთის შექმნას და იმის საბუთის დატოვებას, რომ გამოკვლეულ-მიგნებული ჩვენია, ქართულია. მაგალითისათვის ავიღოთ საერთაშორისო კომისიის მიერ 2014-2017 წლებში შესრულებული „ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევის პროექტი“, სადაც მონაწილეობას იღებდა მრავალი სახელოვანი მეცნიერი მრავალი ქვეყნიდან. აი რას წერს ამ პროექტის უდიდეს მნიშვნელობაზე „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მაშინდელი თავკაცი (შემდგომში „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, დღეს კი ეკონომიკის მდგრადი განვითარების მინისტრი“) ბატონი ლევან დავითაშვილი: „დაახლოებით ვიცით, რომ ღვინის სამშობლო ვართ, მაგრამ კონკრეტული ფაქტები არ არის სათანადო დონეზე შესწავლილი. 60-იანი წლების მეთოდებით არის გამოთქმული ვარაუდი, არადა, დრო გავიდა და უამრავი ინოვაციაა არქეოლოგიაში. მოლეკულური, ბიომოლეკულური არქეოლოგია წამოვიდა; დნმ-ის და მოლეკულური კვლევის გარეშე აღარ არის არქეოლოგია, შესაბამისად, ამ ტექნოლოგიების გარეშე შესწავლილ მასალებზე დაყრდნობა და უბრალოდ განცხადების გაკეთება, რომ ეს ასეა, ღიმილის მომგვრელია ბევრისთვის საერთაშორისო თანამეგობრობაში, -ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს თანამედროვე მეთოდებით შესწავლილი და დასაბუთებული. მოხდეს ახალი მასალების მოპოვება და ამავე დროს ჩატარდეს ქართული ღვინის და ვაზის კულტურის კომპლექსური კვლევა. მიმდინარე პროექტი ერთად უყრის თავს ისტორიკოსებს, პალეობოტანიკოსებს, არქეოლოგებს, ეთნოგრაფებს, ლინგვისტებს და ა. შ. რომლებიც კულტურას შეისწავლიან სხვადასხვა ეპოქის ჭრილში“. ამ პროექტის კიდევ ერთ გრანდიოზულ მიზანზე გვეუბნება ასოციაცია „ქართული ღვინის“ აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი თინა კეზელი: „ეს არის ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის და შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტით ისტორიული მომენტი დგება. ამით საქართველო წერტილს დაუსვამს მითქმა-მოთქმას, სად დაიწყო ღვინო, ვინ იყო პირველი, რამდენი ჯიშია მსოფლიოში და რომელი რომელთან არის ნათესაურ კავშირში“. ამონარიდები ამოღებულია ჟურნალ „ღვინო“-დან N1. 2014 წ. განთავსებულ ნინო ფაცურიას წერილიდან: „ქართული ღვინო თავის ფესვებს იკვლევს“.
როგორც ხედავთ, ამ ორი სახელმწიფო მოხელის ნააზრევიდან მოყვანილ ამონარიდებში ნათლად ჩანს თუ რა უდიდესი მნიშვნელობის პროექტთან გვქონდა საქმე.
ჩვენდა გასახარად, პროექტი წარმატებით დასრულდა და დამტკიცდა ის, რასაც აქამდე ყოველგვარი სანდო მამტკიცებელი საბუთების გარეშე ვამტკიცებდით, რომ „ვაზის და ღვინის სამშობლო საქართველოა“. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ყველაფერი სათანადოდ არ გაფორმდა, ანუ არ შედგა სათანადო აქტი, სადაც ეწერება პროექტის ჩატარების შესახებ, მასში მონაწილე მეცნიერების მითითებით და კვლევის დროს იმ სამეცნიერო შედეგის შესახებ, რომელსაც პროექტმა მიაღწია. აქტს ბოლოში ხელს უნდა აწერდეს პროექტში მონაწილე ყველა მეცნიერი და მათ ხელმოწერაზე დასმული უნდა იყოს იმ სამეცნიერო დაწესებულების ბეჭედი, რომელსაც ეს მეცნიერი წარმოადგენს. ასეთი აქტი, რომ იტყვიან „ქვას გახეთქავს“ და ყველა დროში იქნება იმისი საბუთი, რომ „ვაზის და ღვინის სამშობლო საქართველოა“. ამის ნაცვლად გვაქვს ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნებული წერილი სათაურით: -„საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიაში“, რომლის ავტორი ცნობილი ჟურნალისტი პატრიკ მაკგოვერნია და არა ამ პროექტში მონაწილე, რომელიმე ცნობილი მეცნიერი.
ჩემი აზრით, ჟურნალში გამოქვეყნებული ინფორმაცია ეს ჟურნალის მიერ თავისი მკითხველისთვის მიწოდებული ინფორმაციაა და არა იურიდიული ძალის მქონე საბუთი, რომელსაც სასამართლოში ფაქტის მამტკიცებელ საბუთად წარადგენ, არადა ამის საჭიროების დრო შეიძლება დაგვიდგეს, რადგან სომხეთის მეღვინეობის თავკაცს მიღებული შედეგის არ სჯერა და „რუსთავი2-ის ჟურნალისტთან საუბარში პირდაპირ განაცხადა: –„მე ამ საქმეს ასე არ დავტოვებო“.
ამ თემაზე „ღვინის ეროვნულ სააგენტოში“ გაგზავნილ წერილზე დუმილის შემდეგ, განცხადებით მივმართე მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს:
ბატონო პრემიერ-მინისტრო,
ქართველებს ეჭვი არასდროს გვეპარებოდა, რომ ვაზი და ღვინო ჩვენმა წინაპარმა მისცა კაცობრიობას. ის რომ ვაზი კულტურაში ამიერკავკასიის ტერიტორიაზე იბერებმა შეიყვანეს და მთელ მსოფლი-ოში აქედან გავრცელდა იტალიელმა გენეტიკოსებმა პროფესორებმა მიკელე მორგანტემ და გაბრიელე დი გასპერომ 204 ევროპული ჯიშის ვაზის გენეტიკური კვლევით მიღებული შედეგების საფუძველზე დაამტკიცეს. ამის შესახებ მათ 2021 წლის დეკემბერში ჟურნალ Nature communications-ში ვრცელი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნეს. მათ მიერ დადებული დასკვნა გენეტიკური კვლევის შედეგადაა მიღებული, ამიტომ მასთან პრეტენზია არავის არასდროს არ ექნება. რაც შეეხება ღვინოს აქ, ასეთი ძლიერი პოზიციები არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ 2014-2017 წლებში „ქართული ვაზის და ღვინის კვლევის პროექტი“ განხორციელდა, რომელი პროექტის პრეზენტაციაც 2014 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შედგა და თქვენ, როგორც იმ დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თვითონ გახსენით ის. პროექტში მონაწილეობა ბევრი ქვეყნიდან ბევრმა სახელოვანმა მეცნიერმა მიიღო. პროექტს „ღვინის ეროვნული სააგენტო“ და მისი მაშინდელი ხელმძღვანელი ბატონი ლევან დავითაშვილი უძღვებოდა, ხოლო სამეცნიერო კორდინატორი, ამავე სააგენტოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ბატონი დავით მაღრაძე იყო. პროექტს თანამედროვე ტექნიკა-ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა დაედგინა, რომ შულავერში გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილი ქვევრი და ყურძნის წიპწები ნამდვილად 8000 წლისაა, ამით კი დამტკიცდებოდა, რომ საქართველო ვაზის და ღვინის სამშობლოა.
2017 წლის შემოდგომაზე ქვეყნის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანას ამცნო, რომ პროექტი წარმატებით დასრულდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამერიკისა და სხვა ქვეყნის ლაბორატორიებმა თანამედროვე ტექნიკა-ტექნოლოგიების გამოყენებით დაამტკიცეს, რომ ქართულ მიწაში ნაპოვნი ქვევრი და წიპწები ნამდვილად 8 000 წლისაა. ეს კი იმის დასტური უნდა ყოფილიყო, რომ საქართველო ვაზის და ღვინის სამშობლოა.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, პირადად ქართული ტრადიციული მეღვინეობის კვლევით ვარ დაინტერესებული და ახლახან ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჩემი წიგნი „ქვევრი და ქართული ტრადიციული მეღვინეობა“ გამოსცა. წიგნის წერის დროს გადავწყვიტე ქვეყნისათვის ამ დიდ მოვლენაზე ინფორმაცია წიგნში შემეტანა. ამ მიზნით მოვიძიე აქტი, რომლითაც უნდა მტკიცდებოდეს, რომ აღნიშნული პროექტი ნამდვილად შედგა, რის შედეგადაც დაიდო დასკვნა, რომ საქართველოში მოპოვებული არტეფაქტები ნამდვილად 8 ათასი წლისაა, აქტზე ხელს უნდა აწერდეს მასში მონაწილე ყველა მეცნიერი. აღნიშნულ პროექტს „ღვინის ეროვნული სააგენტო“ ხელმძღვანელობდა, ამიტომ ბუნებრივია ასეთი აქტის დედანი თუ არა, მათთან, მისი ასლი მაინც უნდა ინახებოდეს, ამიტომ აქტის მისაღებად წერილით მივმართე „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელს ბატონ ლ. მეხუზლას, პასუხის ორთვიანი ლოდინის შემდეგ სხვა არხებს მივმართე და გამოირკვა, რომ მიუხედავად პროექტის დამთავრებიდან გასული ხუთი წლისა, დღემდე არავითარი აქტი და კვლევებით დადასტურებული დასკვნა არ არსებობს, მის ნაცვლად გვქონია ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნებული წერილი სახელწოდებით: „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიაში“. სადაც ჟურნალის მრავალი გვერდი აქვს დათმობილი ამ პროექტზე ინფორმაციას. ტელეფონით ჩემთან საუბარში პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ბატონმა დავით მაღრაძემ აღნიშნა, რომ -„პროექტის დამთავრების შემდეგ არავითარი აქტი არ შემდგარაო“ (განსაცვიფრებელი ფაქტია პირდაპირ, ვფიქრობთ ასეთი „უგუნურება“, ქართველების მეტს არავის დაემართებოდა). ჩემს კითხვაზე: თუ რით ვამტკიცებთ, რომ აღნიშნული პროექტი ნამდვილად შედგა და დამტკიცდა, რომ ქართული მხრიდან წარდგენილი საკვლევი მასალა ქვევრისა და ყურძნის წიპწების სახით ნამდვილად 8000 წლისაა, დაახლოებით ასეთი პასუხი გამცა: -„პროექტის ჩატარების შესახებ მასალა ამერიკულ ჟურნალშია გამოქვეყნებული, ხოლო ანგარიში, თუ სად, რაზე და რა თანხა დაიხარჯა ბუღალტერიაში დევსო, სხვა რა დამადასტურებელი საბუთია საჭირო, რომ პროექტი ჩატარდა“? ამის შემდეგ დავამთავრე ბატონ დავითთან საუბარი და მოგმართავთ თქვენ:
ბატონო პრემიერ-მინისტრო, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ პრესა მთელ მსოფლიოში კომერციული ორგანიზაციაა და სათანადო თანხის გადახდის შემდეგ ნებისმიერ ინფორმაციას დაბეჭდავს (წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკულ ჟურნალს ამ წერილში გაცხადებულ ინფორმაციაზე, მისი დამადასტურებელი აქტი მაინც უნდა მოეთხოვა თუ ლაბორატორიული დასკვნები არა, ასევე ხედავთ რას ბეჭდავს და როგორ ინფორმაციაც ავრცელებს ქართული მედია), რომელი ინფორმაციის სანდოობაზე პასუხს ავტორი აგებს და არა ჟურნალი, ამიტომ მათში განთავსებული ინფორმაცია, არანაირ ნდობას არ იმსახურებს და არანაირი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს არ წარმოადგენს. ის ინფორმაცია, რომელიც ამერიკულმა ჟურნალმა დაბეჭდა, მომხდარზე ინფორმაციის გავრცელებაა და მეტი არაფერი, ანუ ამით არაფერი არ მტკიცდება. ამიტომ სანამდე არ შედგება სათანადო აქტი, პროექტის დაწყების, დამთავრების და დადებული დასკვნის შესახებ, რომელზედაც მასში მონაწილე ყველა მეცნიერის ხელმოწერა არ იქნება, პროექტი შემდგარად არ ითვლება და საქართველო ვაზის და ღვინის ისეთივე საეჭვო სამშობლო იქნება, როგორიც ამ პროექტის დაწყებამდე იყო.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ყველა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გასცეთ განკარგულება იმის შესახებ, რომ აღნიშნული პროექტი წესის და რიგის მიხედვით გაფორმდეს, ანუ ჩატარებულ კვლევებზე შედგეს შესაბამისი აქტი მასში მონაწილე ყველა პირის ხელმოწერით და თან დაერთოს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით დადებული დასკვნები. მხოლოდ ასეთ აქტს ექნება მტკიცებულების ძალა და იქნება იურიდიული საბუთი, რომლის შინაარსზედაც ვერავინ ვერასდროს ვერ შემოგვედავება. წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი სად დაირწა ვაზისა და ღვინის აკვანი, ძველებურად ჰაერში იქნება გამოკიდებული, სადავო იქნება და ჩვენს კეთილ მეზობლებს ყოველთვის ექნებათ იმის პრეტენზია, რომ სომხეთია ვაზის და ღვინის სამშობლო ქვეყანა და არა საქართველო.
წერილს ხელი მოვაწერე, ჩემი ხელით მივიტანე მთავრობის კანცელარიაში და იმ ყუთში ჩავუშვი, რომელზედაც საშვთა ბიუროს თანამშრომელმა მიმითითა.
მართალია, მშრომელთა წერილების წასაკითხად საქართველოში არც ერთ ხელმძღვანელ პირს არ სცალია, მაგრამ მიღებული პრაქტიკის თანახმად ამ წერილს, სოფლის მეურნეობის კანცელარიას დააწერდნენ, სამინისტროს კანცელარია კი „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ კანცელარიას გადაუგზავნიდა, იქ კი ვინმე „მეისრეს“ დააწერდნენ (ესეც მიღებული პრაქტიკაა და წერილს პირველი პირი არც იქ წაიკითხავდა), რომელსაც ჩემთვის რაღაც პასუხი უნდა მოეწერა. ეს ყველაფერი სულ დიდი ერთ თვეში უნდა მომხდარიყო. ჩემი მიმართვიდან ორ თვეზე მეტი გავიდა და პასუხი დღემდე არ ჩანს (ალბათ არაფერი აქვთ მოსაწერი), ამიტომ მინდა საზოგადოება და ჩვენი მევენახეობა-მეღვინეობის ყველა გულშემატკივარი საქმის კურსში ჩავაყენო, რომ დაიხარჯა ხალხის ფული, გამოცხადდა შედეგი, რომ საქართველოში მოპოვებული არტიფაქტებით დამტკიცდა, რომ „საქართველო ნამდვილადაა ვაზის და ღვინის სამშობლოა“, მისი დამადასტურებელი სათანადო საბუთი კი დღემდე არ გაფორმებულა.
ვიდრე პროექტი დავიწყებას არ მიცემია (თუ მართლა შედგა ასეთი პროექტი) და მასში მონაწილე სახელოვანი მეცნიერები ჯანმრთელად არიან, ანუ ხელის მომწერები ადგილზე არიან, ქართულმა საზოგადოებამ შესაბამისი აქტის გაფორმება უნდა მოითხოვოს, რათა მომავალ თაობას სწორად შედგენილი საბუთი დავუტოვოთ იმისა, რომ საქართველო ნამდვილადაა ვაზის და ღვინის სამშობლო.
ჟორა შალვას ძე გაბრიჭიძე /ნახევარგამტართა ფიზიკის
ს/კ ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი/.
შეკითხვებისათვის ტელ. 551 33 31 55