2022 წელი საქართველის მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში
ტრადიციულად თვალი გადავავლოთ გასულ, 2022 წელს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროებში ჩავლილ ძირითად მოვლენებს. ეს წელი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კუთხით პასიური იყო, მაინც საინტერესო აღმოჩნდა. რაც მნიშვნელოვანია გასულ წელს ისტორიულ მოვლენებთანაც გვქონდა საქმე. ჩვენი განსახილველი საგნებია: ბეჭდური გამოცემები, ფესტივალები, ფილმები, საკანონმდებლო საქმე და სხვ.
• დავიწყოთ დარგობრივი გამოცემებით, რაც ზოგიერთ ჩავლილ წელთან შედარებით ღარიბი აღმოჩნდა. თუმცა ხელთ მაინცა გვაქვს რამდენიმე საინტერესო გამოცემა. უპირველესად გვინდა, აღვნიშნოთ პერიოდული გამოცემა, ქართულ-ინგლისური ჟურნალი „Homeland of Wine“ (ღვინის სამშობლო). გასულ წელიწადს სახეზე გვაქვს სამი გამოცემა. მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალი იგზავნება მსოფლიოს ბევრს ქვეყანაში, სადაც დარგის სპეციალისტებს საშუალება ეძლევათ, რომ ჩვენი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის სფეროებში გაეცნონ სიახლეებსა და ზოგადად მნიშვნელოვან ინფორმაციებს. ამ მხრივ ჟურნალი მართლაც ბევრ კარგ საქმეს აკეთებს.
• შემდეგი გამოცემა ესაა ილია ჭავჭავაძის მევენახეობა-მეღვინეობა. 2022 წელს წიგნი მეორედ გამოიცა. წიგნი გამოსაცემად მოამზადა მაია ნინიძემ. მასში წარმოდგენილია დიდი ილიას ნააზრევი და პუბლიკაციები ქართულ ვაზზე და ღვინოზე.
• ბატონმა დავით მაღრაძემ გამოსცა ინგლისურენოვანი სამეცნიერო ნაშრომი Wild grapevine in Georgia (ველური ვაზი საქართველოში).
შემდეგი და ამავე დროს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ ახალი მიკროზონის დარეგისტრირება. ამ მხრივ შემოგვემატა ახალი, რიგით ოცდამეცხრე მიკროზონა – ოკამი. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომდევნო წელი ამ მხრივ კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება. მეორე მხრივ ნამდვილად მოსაწესრიგებელია ზოგიერთი უკვე არსებული მიკროზონის საკითხი. საქმე ის გახლავთ, რომ მევენახეობის ზოგიერთი განსაკუთრებული ზონა, იგივე მიკროზონა თუშური გარმონივითაა გაწელილი და უაზროდ გაფართოვებული. ამ საკითხს დროული მიხედვა ესაჭიროება. ეს გარემოება ქართული ღვინის რეპუტაციაზეც და ხარისხზეც უარყოფითად მოქმედებს. ამ მხრივ რიგი სამუშაოებია ჩასატარებელი და თან სასწრაფოდ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ჩატარდა გასული წლის მიწურულს, ეს გახლავთ საქართველოს ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებული პირველი ცქრიალა ღვინის ფესტივალი. ამ ღონისძიებამ, რომელიც მიეძღვნა ოჯახური მარნების მიერ დაყენებულ ცქრიალა ღვინოების პოპულარიზაციას, ნამდვილად დაამტკიცა, რომ ამ მხრივ არსებობს ნამდვილი მზაობა და ოჯახური მარნები უკვე მზად არიან, თქვან თავიანთი ახალი სიტყვა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებული ეს ღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართა და საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ღონისძიება მიიღებს რეგულარულ ხასიათს.
რა თქმა უნდა „ახალი ღვინის ფესტივალის” გარეშე წელი ვერ ჩაივლიდა. ღვინის კლუბის მიერ ჩატარებული ეს დიდი ღონისძიება უკვე მთელს საქართველოშია ცნობილი და მოსახლეობაში იგი მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. ღვინის კლუბისვე ეგიდით ჩატარდა ასევე ტრადიციად ქცეული ღონისძიება „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“. ეს ღონისძიება არის მართებულად გათვლილი და იგი თავის სახელს სრულიად ამართლებს. ესაა შესანიშნავი საშუალება მათთვის, ვინც მარანი ეს ესაა დაასრულა და ღვინის ჩამოსხმაც ახალი დაწყებული აქვს. საერთოდ ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველოს ღვინის კლუბის მოღვაწეობა და მრავალწლიანი მუშაობა. მათი საქმიანობა დიდად უწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. სწორედ ამავე საქმიანობასთანაა დაკავშირებული ღვინის კლუბის მიმდინარე პროექტი „ღვინის სოფელი“. პროექტის პირველი ნაწილი უკვე დამთავრდა და იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებში მოიცავდა საგანმანათლებლო პროგრამის ერთწლიან განხორციელებას, რაც დასრულდა სპეციალურად ამ პროექტის ბენეფიციარებისთვის თბილისში ღვინის გამოფენით. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში გამოიცა წიგნი „მცირე მარნების მეგზური“ (ვენახი, ღვინო, ტურიზმი). ამჟამად მიმდინარეობს პროექტის მეორე ნაწილი, რაც მოიცავს ამავე საქმიანობის განხორციელებას სამეგრელოსა და გურიაში. პროექტის ფარგლებში ამჯერადაცაა დაგეგმილი გამოფენის ჩატარება და წიგნის გამოცემა. საქართველოს ღვინის კლუბის საქმიანობას წარმოადგენს ელექტრონული ჟურნალი „მარანის“ მართვაც. ამას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბეჭდური მასალა ყოველთვის არაა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, მას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ინფორმაციის დროულად გავრცელების მხრივაც. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს ღვინის კლუბსა და საჯარო ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მევენახეობა-მეღვინეობის ლიტერატურის გაციფრულება. წიგნების ელექტრო ვერსიები იდება პორტალ „მარანზე“.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ტარდება ნატურალური ღვინის ასოციაციის მიერ ესაა ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ნატურალური მეღვინეობის მიმართულების მემარნეები. გასულ წელს ამგვარი ფესტივალი სახელწოდებით „ამერიმერი“ ჩატარდა წყალტუბოში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ღონისძიება არ ჩატარებულა დედაქალარში, იგი საკმაოდ მასშტაბური იყო სადაც ნამდვილად იგრძნობოდა საზოგადოების აქტივობა. მნიშვნელოვანია, რომ ამერიმერს რეგულარული ხასიათი აქვს.
გარდა აქ ჩამოთვლილი ღონისძიებებისა კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი დღე გაიმართა, რაც საბოლოოდ დიდად უწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ასეთი დღეები იყო: გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი, ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი, ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი, ნიუ იორკში გამართული საფერავის პირველი ფესტივალი, ქართული ღვინის კვირეული, ექსპოჯორჯიას ღვინის საერთაშორისო გამოფენა და სხვ.
მართალია ამ დარგებში ახალი ფილმი არა გადაუღიათ, მაგრამ სამაგიეროდ გრძელდება ტელეგადაცემა „ყველაფერი ღვინოზე“, რომელსაც ანა გოდაბრელიძე უძღვება. ტელეგადაცემა უდავოთ მნიშვნელოვანია, რადგან განიხილავს და საზოგადოებას აცნობს ახალ მარნებსა და ვენახებს. ეს კი თავის მხრივ დარგის პოპულარიზაციას ემსახურება.
ასევე სიახლეს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ აღებული ინიციატივა, ჯიღაურის ბაზაზე მოაწყოს ღვინის მუზეუმი. პროცესი დაწყებულია და 2023 წელს დასრულდება.
ორი სიტყვით შევეხოთ საქართველოს კანონს ვაზისა და ღვინის შესახებ. მისი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კანონი საჭიროებს ჩასწორებებს. ეს პრობლება პრობლემადვე რჩება. წლები გადი, საკითხი კი არ არის გადაჭრილი. ასევე უნდა ჩასწორდეს დოკუმენტი ქვევრის გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ, რადგან ეს დოკუმენტი ძალიან უხეშ და ყოვლად მიუღებელ შეცდომებს შეიცავს.
აქვე გვინდა შევეხოთ ტრადიციული მარნების განვითარების საკითხს. მისასალმებელია, რომ ეს საქმე ვითარდება, რადგან ჩვენ უცხოეთის ბაზარს სწორედ ოჯახური მარნების განვითრების შემთხვევაში დავიმკვიდრებთ. სახელმწიფო შეძლებისდაგვარად ხელს უწყობს ამ საქმის განვითარებას, რაზეც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. სასურველი იქნება, რომ მემარნეებს სახელმწიფოს მხრიდან გააჩნდეთ მეწარმეობის უფლება. ამისათვის კი ისინი უნდა ფლობდნენ გარკვეულ ცოდნა-გამოცდილებას. ეს საქმიანობა უნდა გააკონტროლოს სპეციალურმა კომისიამ, რისი წარმატებით გავლის შემდეგ მემარნეს უფლება ექნება განახორციელოს ღვინის დაყენება, ჩამოსხმა და რეალიზაცია. ამ შემთხვევაში არანაკლები მნიშვნელობა იმ მემარნეთა გამოცდილებას ენიჭება, რომლებიც ჩართულები არიან ღვინის ტურიზმში. ხშირია შემთხვევა, როდესაც ამ მხრივ მომუშავე მემარნეებს არასაკმარისი გამოცდილება აქვთ, რაც გარკვეულ უხერხულობას ქმნის იქ მისულ ვიზიტირთა შორის. საუბარია, როგორც დარგობრივ ცოდნაზე, ისე კულინარიულ გამოცდილებაზეც.
გასულ წელს აღნიშვნის ღირსი კიდევ ის გახლდათ, რომ ძალიან აქტიური ხასიათი მიიღო უცხოეთის ბიო და ნატურალური ღვინის გამოფენებმა, სადაც ჩვენი მემარნეებიც იღებენ მონაწილეობას. ამგვარი გამოფენები 2023-შიცაა დაგეგმილი და შესაბამისად ქართული ტრადიციული ღვინის მეწარმეები მონაწილეობას მიიღებენ ამ გამოფენებში, იქნება ეს იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი…
ზოგადად ვაზისა და ღვინის სფეროებში ქალების ჩართულობას მნიშვნელობა ნამდვილად აქვს. ამ მხრივ გასული წელი გამორჩეული იყო, რადგან საქართველოში პირველად ჩატარდა კონფერენცია „ქალები საქართველოს ღვინის ბიზნესში“.
სახელმწიფოს მხრიდან რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება. სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან ერთად სახელმწიფო გარკვეულ დახმარებას გაუწევს ბიომევენახეებს, რომელი პროგრამის ფარგლებშიც ხდება ბიოპრეპარატების, ბიოსასუქებისა და ბიოსერტიფიცირების პროცესის გარკვეულწილად დაფინანსება და ამ დარგის წახალისება. ეს გადაწყვეტილება დიდად შეუწყობს ხელს ბიოწარმოების განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა რამდენიმეწლიან სამუშაოს მოიცავს.
ამგვარად ჩაიარა საქართველოში 2022 წელმა. ავღნიშნავთ, რომ ქართული ტრადიციული ღვინის ხარისხი ნამდვილად აღმავლობის გზაზეა, რაზეც საუბრობს განსაკუთრებით უცხოეთის გამოფენებში მიღწეული წარმატებები. ამ ყოველივეს ხელს უწყობს სახელმწიფოსა თუ კერძო სექტორის აქტიური მუშაობა. იმედი ვიქონიოთ, რომ მომდევნო წელი გაცილებით საინტერესო იქნება საქართველოს ვაზისა და ღვინის სფეროებში.
გიორგი ბარისაშვილი
მცხეთა, 2023 წ.