იყალთოში ქვევრების ახლად გახსნილ ქარხანას 7 წელიწადია ბოქლომი ადევს…
მართალია, საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობები სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის ყველა დარგის განვითარებისათვის კარგია, მაგრამ ჩვენს პირობებში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებამ პირველ რიგში, მეურნეობის ის დარგები უნდა განავითაროს, სადაც ნაკლები დანახარჯებით მეტის მიღწევა შეიძლება და დარგი, სწრაფი კაპიტალიზაციის უნარით რომ გამოირჩევა.
მხოლოდ საქართველოს დაუძინებელ მტერს შეუძლია ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ურჩიოს ტურიზმისა და ზამთარ-ზაფხულის კურორტების უპირატესი განვითარება, რადგან მისი დამღუპველი მაგალითი ნათლად გვაჩვენა პანდემიამ. მაშინ რა გამოდის? საკუთარ გამოცდილებაზედაც ვერაფერს ვსწავლობთ? გარდა ამ მაგალითისა, ისედაც ხომაა ცნობილია, რომ ქვეყანაში სადაც ტურიზმის სეზონი სულ მცირე 5-6 თვე მაინც არ გრძელდება, მისი განვითარება დამღუპველია ქვეყნისთვისაც, ბიზნესისთვისაც და მასში ჩაბმული ხალხისთვისაც?
შეუიარაღებელი თვალითაც მშვენივრად ჩანს, რომ საქართველოში, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის საკურორტო სეზონი, საშუალოდ ორ თვეს გრძელდება და ამ ორ თვესაც ამინდზე ხარ დამოკიდებული, ანუ ზამთარში თუ არ მოთოვა, ხოლო ზაფხულში მზიანი ამინდები თუ არ დგას, ასეთი ზამთრისა და ზღვის კურორტები არავის სჭირდება. კი ხედავთ წელს შუა იანვარში მოთოვა, ხოლო თებერვლის ბოლოს სეზონი დამთავრდება. ასევე, ანგარიში უნდა გაეწიოს გლობალურ დათბობას, ანუ რეალურია საშიშროება იმისა, რომ 15-20 წლის შემდეგ ზამთრის კურორტები შეიძლება საერთოდ თოვლის გარეშე დარჩეს.
მართალია, სასრიალო ბილიკების ხელოვნური გათოვლიანება სიძნელეს არ წარმოადგენს, მაგრამ სითბოში მისი შენარჩუნებაა შეუძლებელი. ამასთანავე, ხელოვნური გათოვლიანება ძვირი ჯდება და მოცემულ კურორტზე დამსვენებელთა გარკვეული რაოდენობა თუ არაა, საკურორტო სეზონი დიდ ზარალით დამთავრდება. ყველა აქ აღნიშნულიდან გამოდის, რომ ეს ბიზნესი საქართველოში, პურის ფულს ან მოგცემს ან არა. ამ დროს კი სამთო ტურიზმი და ალპინიზმი, სადაც საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული პირობები ააქვს (400-ზე მეტი 4000 მეტრს აცილებული მწვერვალია საქართველოში, ხოლო 6 მწვერვალი 5000-მეტრზე მაღალია), უყურადღებოდაა მიტოვებული. ასევე, ყურადღების გარეშეა სამედიცინო დანიშნულების კურორტები, სადაც სეზონი საერთოდ არ არსებობს.
ჩვენდა საკეთილდღეოდ, საქართველოს აქვს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისათვის იდეალური ბუნებრივ-კლიმატური პირობები, ორ ათეულზე მეტი ყურძნის ჯიში, საიდანაც უმაღლესი ხარისხის ღვინო დგება. ასევე, ბუნებრივი ღვინის დასაყენებლად ერთადერთი ბუნებრივი ჭურჭელი, ქვევრი. დღეის მდგომარეობით საქართველო აღიარებულია ვაზის და ღვინის სამშობლოდ.
იუნესკომ“ კი ღვინის დაყენების „ქართული ტრადიციული მეთოდი“, კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად სცნო. რაც შეეხება ქვევრის ღვინოს, ის ცალკე კატეგორიად ოფიციალურადაა აღიარებული. ასევე, გვაქვს ქვევრი, რომელიც დიდი ხანია დასავლეთმა აღიარა და მზადაა ათიათასობით ცალი შეისყიდოს თუ, რა თქმა უნდა, საქართველოს მრეწველობა წარმატებით გადაწყვეტს ხარისხიანი ქვევრის აშენების, არც თუ ისე ძნელად მისაღწევ პრობლემას.
უნდა აღინიშნოს, რომ დარგის ამაზე დიდი რეკლამა, რაც საერთაშორისო სტრუქტურებმა გაგვიკეთეს, წარმოუდგენელია.
როგორც ვხედავთ, დასავლეთის შესაბამისმა სტრუქტურებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ქვევრი და ქვევრის ღვინო, მაღალი მოთხოვნილების პროდუქცია იყოს ღვინისა და ღვინის ჭურჭლის საერთაშორისო ბაზარზე.
სამწუხაროდ, დღემდე საქართველოს არც ერთმა ხელისუფლებამ თითი-თითზე არ დაადო იმისათვის, რომ დასავლეთის ეს რეკლამა, ქვეყნის სასიკეთოდ გამოეყენებინათ. არადა დასავლეთის ბაზარზე გატანილი ათასობით ქვევრი და ასობით მილიონი ბოთლი ქვევრის ღვინო, ქვეყანაში რამდენიმე მილიარდსაც შემოიტანდა და ხალხიც უამრავი დასაქმდებოდა. მისი საშუალო ფასი კი 4-5 დოლარი იქნებოდა და არა 2-2,5 დოლარი, ისე როგორც დღესაა ევროპული ტიპის ქართული ღვინის შემთხვევაში.
ცნობილია, რომ მრეწველობაში ერთი სამუშაო ადგილის შექმნას საშუალოდ 25 ათასი დოლარის კაპიტალდაბანდება ესაჭიროება, მაშინ, როცა მევენახეობა-მეღვინეობა-მექვევრეობაში გონივრულად ჩადებული, მისი ნახევარიც საკმარისია.
ძველმა იბერებმა ქვევრის შენება რვა ათასი წლის წინ დაიწყეს, მაგრამ ქვეყანაში დღემდე ერთი მაღალი ხარისხის ქვევრიც არ აშენებულა, რადგან მას ყოველთვის კუსტარულად, ხელით აშენებდნენ და მისი გამოწვა, ყველა დროში შეშით ხდებოდა. ხელით კი შეუძლებელია ერთნაირი ფორმის, ზომისა და სისქის ქვევრის აშენება. ასევე, შეუძლებელია შეშით გახურებულ ღუმელში თიხის გამოწვის ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, უამისოდ კი თიხა ქვად არ გადაიქცევა და ასეთი ქვევრი, პრობლემური იქნება ხანგრძლივი დროით შესანახი ღვინისათვის.
თუ ქვევრი დღემდე ქართულ ოჯახურ მეღვინეობას პრობლემას არ უქმნის, ეს იმიტომ, რომ ქართული ტრადიციული მეღვინეობა, ღვინის დავარგება-დაძველებას და წლობით შენახვას არ ცნობს და უპირატესობას ყოველთვის ახალ დადუღებულ მაჭარს ანიჭებს, რადგან მასში მაქსიმალურადაა შენარჩუნებული ყველა ის სამკურნალო თვისებები და კვებითი ღირებულება, რაც ყურძნის მტევანში უფლის მიერაა ჩადებული. დღეს ქვევრი, დასავლეთს და ევროპული ტიპის ღვინის მწარმოებელ ქართულ ფირმებს, ღვინის დასავარგებლად, დასაძველებლად და ხანგრძლივი დროით შესანახად სჭირდებათ, ამიტომ ის ამ მოთხოვნებს უნდა მოვარგოთ. კუსტარული წესით ხარისხიანი ქვევრის აშენება კი გამორიცხულია.
საქართველოში დღეს რამდენიმე ასეული ქვევრებით გაწყობილი მარანია, რომელთა მფლობელებს ეს უხარისხო ქვევრები დიდ პრობლემებს უქმნის, რისი დასტურიცაა პრესის ფურცლებზე მექვევრეთა მიმართ მათ მიერ გამოთქმული საყვედურები.
ქვევრის უხარისხობის მიზეზთა დასამტკიცებლად მაგალითისთვის ქვევრის შენების ყველაზე საპასუხისმგებლო პროცესი, ქვევრის გამოწვა ავიღოთ. ამ დროს, ყველაზე მთავარი თიხის დუღილის პროცესის სწორად წარმართვაა, რომლის დროსაც თიხის გამოცხობა და ქვად ქცევის პროცესი მიმდინარეობს. ეს პროცესი, დაახლოებით 24 საათი გრძელდება და ამ დროს, ღუმელში 820-850 გრადუსი ტემპერატურა უნდა იყოს, არც მეტი არც ნაკლები, რადგან თიხაში სხვა ტემპერატურაზე, სხვა პროცესები მიდის. შეშით კი ამ რეჟიმის დაცვა 24 საათით კი არა, ერთი საათითაც არ შეიძლება. უამისოდ კი ქვევრის კედელი უმი გამოდის და ასეთ ქვევრში მაღალი ხარისხის ღვინის დაყენება და შენახვა, რეკომენდებული არ არის. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ქვევრის წარმოებაში თანამედროვე ტექნიკა-ტექნოლოგიების ჩართვა და მისი ინდუსტრიულ რელსებზე გადაყვანა. მხოლოდ ამ გზით შეიძლება მაღალი ხარისხის ქვევრის აშენება და მისი მსოფლიო მეღვინეობაში ფართოდ დანერგვა, რომელი ბიზნესიც ქვეყანას ბევრჯერ მეტ შემოსავალს მოუტანს, ვიდრე დღეს მეღვინეობას მოაქვს, რადგან ერთი 3 ტონიანი მაღალი ხარისხის ქვევრის აშენებას 1500 დოლარი მაინც სჭირდება, მისი ფასი კი ევროპის ბაზარზე სულ მცირე 5 ათასი დოლარია.
რაც შეეხება ქვევრის შენებაში მექანიკის ჩართვას, ეს მეთოდი წლების წინ გვაქვს შექმნილი და დაპატენტებული, ერთი ექსპერიმენტული ქარხნის აშენებას კი საშველი არ დაადგა, მიუხედავად იმისა, რომ ათობით მიმართვა და თხოვნა მაქვს დაწერილი, ყველა დროის ხელისუფლებისათვის, ყველა დონეზე.
საქართველოში ქვევრის ახლებურად შენების დაწყების წინაპირობა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში აშენებული ქვევრის ქარხანა უნდა გამხდარიყო, სადაც სხვა ბევრ სიახლესთან ერთად ქვევრის ელექტრო ღუმელში გამოწვის პრაქტიკაა დანერგილი, ეს კი საშუალებას იძლევა ზუსტად იქნას დაცული ქვევრის გამოწვის ტემპერატურული რეჟიმი და სხვა პროცესები. მშენებლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ დროულად ააშენეს და ჩააბარეს ობიექტი. ამასთანავე, ყველა მექანიზმი გამართულად მუშაობს, რისი დასტურიც ქარხნის წარმატებით გაშვება და როგორც მაშინდელ პრესაში დაიწერა, ქარხანაში 4 ცალი მაღალი ხარისხის საპილოტე ქვევრის აშენება-გამოწვა მოხდა (4 ცალი, იმიტომ რომ ამ ტევადობის ღუმელია ქარხანაში დამონტაჟებული). ანუ შემდგომში ქარხნის წარმატებით მუშაობას წინ არაფერი უნდა დადგომოდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და ქარხნის გაშვებიდან განვლილი 7 წლის მიუხედავად, ქარხანას დღემდე ბოქლომი ადევს და დაპირება, რომ უმაღლესი ხარისხის ქვევრებთან ერთად, ქარხნის ბაზაზე გახსნილ სასწავლებელში ახალგაზრდა პროფესიონალ მექვევრე ოსტატებსაც გაზრდიდნენ, დღემდე დაპირებად რჩება.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემას პრესის ფურცლებზე და ტელევიზიაში ამ 7 წლის მანძილზე, ათობით წერილი და რამდენიმე ტელეგადაცემა მიეძღვნა, საიდანაც ვგებულობთ, რომ ქარხნის გასაღები „ალავერდის ეპარქიას“ აქვს ჩაბარებული, ქარხანა კი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა განთავსებული და მათ ბალანსზე ირიცხება, თვით ქარხანა კი „ეკონომიკის სამინისტროს“ ეკუთვნის. ისიც გავიგეთ, რომ თელავის მერიაში დიდი სურვილი არავის აქვს, რომ თავის ბალანსზე არსებულ ქარხანას მიხედოს და თუ თვითონ სურვილი არ აქვთ და ქარხნის ამუშავება არ შეუძლიათ, ისეთ კაცზე გაასხვისოს, რომელსაც მისი ასამუშავებელი სახსრებიც აქვს და ამის სურვილიც.
რაც შეეხება ეპარქიას და მის წინამძღვარს ღრმად პატივცემულ მიტროპოლიტ დავითს, მათ ამის გაკეთების დიდი სურვილი ჰქონდათ და აქვთ დღესაც, მაგრამ ამისთვის საჭირო სახსრები არ აქვთ და ვერც იშოვნიან, რადგან ბანკი პატიოსან სიტყვაზე სესხს არ იძლევა, ამისათვის ან მდიდარი თავდები ორგანიზაციის მონახვაა საჭირო, ან ეპარქია თვითონ უნდა ფლობდეს თავდებში ჩასადებ შესაბამის ქონებას. საქმეს ისიც აბრკოლებს, რომ ეპარქიას კიდეც რომ ჰქონდეს შესაბამისი ღირებულების ქონება, ბანკში მაინც ვერ ჩადებს, რადგან საეკლესიო ქონების გირაოში ჩადება და ბანკისგან მისი მიღება, კანონითაა აკრძალული. ამიტომ ეპარქია სულ მცირე, იმ ერთ მილიონ ლარს, რომელიც ქარხნის ასამუშავებლად საბრუნავი სახსრების სახითაა საჭირო (ანუ საკუთარი შემოსავლის მიღებამდე გაწეული ხარჯების დასაფარად), ვერ სესხულობს (თუ ისესხებდა ალბათ 7 წელი საკმარისი იყო ამისთვის).
დროა ხელისუფლება და სამინისტრო თავის სიმაღლეზე დადგეს და ეს ერთი მილიონი ლარი ან თვითონ მოუნახოს ეპარქიას, ანუ თუ 6 მილიონად ღირებული ქარხანა ჩააბარა, ბარემ მადლი ქნას და საბრუნავი სახსარიც მისცეს, მით უმეტეს, სოფლის განვითარების ფონდებში ყოველ წლიურად ასობით მილიონი ლარი ირიცხება (სხვათა შორის ეს ქარხანაც ასეთი პროგრამითაა აშენებული და მასში, საბრუნავი სახსრები რომ არ იყო გათვალისწინებული, „ნონსენსია“).
თუ ამისი სურვილი არ არის, მაშინ მთავრობამ, როგორც ამ დროს ქონების მეპატრონემ თვითონ აამუშაოს ქარხანა, ან ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანოს და გაყიდოს ის, რადგან როგორც საქართველოს, ისე დასავლეთის მეღვინეობას ყოველწლიურად ათასობით ხარისხიანი ქვევრი სჭირდება, ქარხანა კი დღემდე დაკეტილია და ამ ხნის მანძილზე, მხოლოდ ოთხი საპილოტე ქვევრი ააშენა.
აქვე მინდა დავამატო, რომ იყალთოს ქარხნის ამუშავება და ხარისხიანი ქვევრების გამოშვება, დიდ სტიმულს მისცემდა ქვეყანაში ქვევრების ინდუსტრიული წესით წარმოებას და დღემდე ქვეყანაში ათამდე ქვევრის მშენებელი ქარხანა მაინც აშენდებოდა.
არადა წლების განმავლობაში იყალთოს ქარხნის ეს მდგომარეობა, ყველა ინვესტორს ხელს უშლის და აფრთხობს, რომ ქვევრის წარმოებაში ფული ჩადოს და მისი წარმოება ინდუსტრიულ რელსებზე გადავიდეს, რადგან ცუდ მაგალითად იყალთოს უქმად მდგარი ქარხანა უდგათ ცხვირწინ, რაც ბიზნესის ენაზე იმას ნიშნავს, რომ ქვევრის მშენებლობაში ტექნიკა-ტექნოლოგიების დანერგვა შეუძლებელია და მისი წარმოება, მომავალშიდაც კუსტარული წესით უნდა გაგრძელდეს.
აქვე, ორიოდე სიტყვა ეპარქიის მესვეურებს და პირადად მის უწმინდესობას მიტროპოლიტ დავითს მინდა ვუთხრა: უწმინდესო, ქვეყნისთვის და ალბათ თქვენთვისაც მისასალმებელი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ქვეყნის ხელისუფლება და ცალკეული პასუხისმგებელი პირები, დიდ პატივისცემას იჩენენ დედა ეკლესიის მიმართ და 7 წელია თქვენგან, იყალთოს ქვევრის ქარხნის ამუშავებას ელოდებიან. აქ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი დასვას კითხვას: რატომ არ იყენებს ჯეროვნად ეკლესია ხელისუფლების ამ ლოიალურ დამოკიდებულებას? თქვენი ეპარქია, ხომ თვითონაა დაკავებული მეღვინეობით და კარგად იცით თუ რა დიდი დეფიციტია საქართველოში ხარისხიანი ქვევრი, რომ არაფერი ვთქვათ დანარჩენ მსოფლიოზე. თქვენ კი ამ დროს, წლების განმავლობაში დაკეტილი გაქვთ ხარისხიანი ქვევრის საწარმოო ქარხანა. თუ იმას ელოდებით, რომ ხელისუფლებას მოთმინების ფიალა აევსება, გასაღებს „ჩამოგართმევთ“ და ქარხანას გაყიდის, ეს არ მოხდება, რადგან დღეს ქვეყანას, მორწმუნე და დედა ეკლესიის პატივისმცემელი პრემიერი და მთავრობა ჰყავს. ამიტომ თუ ქარხნის ამუშავება არ შეგიძლიათ, მაშინ ინიციატივა თქვენ თვითონ უნდა აიღოთ და გაყიდვის წინადადებით მეპატრონეს თვითონ უნდა მიმართოთ, რითაც დიდ საქმეს გაუკეთებთ, როგორც ქართულ მეღვინეობას და ეკონომიკას, ისე მსოფლიოს მეღვინეობას.
მეღვინეობას და მეღვინეს ხარისხიანი ქვევრი სჭირდება, სად და ვინ ააშენებს, მისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ ამ კუთხით შესაბამისი გადაწყვეტილები და რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოთ.
ჟორა გაბრიჭიძე /ნახევარგამტართა ფიზიკის
ს/კ ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი,
საქ. ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი
ტელ. შეკითხვებისათვის – 551 333 155
წყარო: ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №1 (124) 2023 წ