აგროსიახლეები

“ჩირიფრუტის” უშაქრო პროდუქტი, შესაძლოა, ევროპულ მარკეტებში გაიყიდოს

„ჩირიფრუტის“ პროდუქციით გერმანელები დაინტერესდნენ. ტკბილეულის მწარმოებელი ქართული კომპანია ბერლინში გამართული, ტკბილეულის საერთაშორისო გამოფენიდან, კონკრეტული შეთავაზებით დაბრუნდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“  „ჩირიფრუტის“ თანადამფუძნებელმა სოფიო ჯიქიამ განუცხადა, გამოფენა გერმანიაში იანვრის ბოლოს გაიმართა და იქ, ქართული ჩირითა და შოკოლადით შექმნილმა ნუგბარმა უცხოელი ვიზიტორების ყურადღება მიიპყრო.

„გერმანელებისგან გვაქვს დაკვეთა. უნდათ რომ, ჩვენს მიერ წარმოებული ტკბილეული, ევროკავშირის მასშტაბით, სავაჭრო ქსელებში შეიტანონ. მათი სურვილია, რომ დავუმზადოთ უშაქრო პროდუქტი, ყოველგვარი დანამატების გარეშე. ახლა, სწორედ ამ პროცესში ვართ, ვმუშაობთ, რა ტიპის და რა რაოდენობის ტკბილეული შევქმანთ. ეს ჩვენი კომპანიის ისტორიაში ექსპორტის პირველი შემთხვევა იქნება. ამიტომ, განსაკუთრებულად ვემზადებით და ვეცდებით, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს“, – აღნიშნა სოფიო ჯიქიამ.

მისივე თქმით, ბერლინში გამართულ გამოფენაზე „ჩირიფრუტმა“ 10-მდე სახეობის ქართული პროდუქტი წარადგინა, მათ შორის სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, სრულიად ახალი კანფეტიც დამზადდა.

სოფიო ჯიქიას განცხადებით, საერთაშორისო ბაზრებზე ჩირისა და შოკოლადის კომბინაციით შექმნილი ტბილეული სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. საერთაშორისო ბაზრების პარალელულად, ჩირისა და შოკოლადის კომბინაციით შექმნილი პროდუქციის ცნობადობა მზარდია საქართველოშიც.

ბოლო 5-6 წელში, დაახლოებით, 20-ამდე გაიზარდა იმ მცირე საწარმოთა რიცხვი, რომლებიც ამ პროდუქტს ადგილობრივი და იმპორტირებული ნედლეულით ამზადებენ.

შეგახასენებთ, „ჩირიფრუტი” 90-მდე სახეობის ჩირს აწარმოებს და 20-მდე ადამიანს ასაქმებს. 

ავტორი: მარი მელიქიშვილი

წყარო: https://business-partner.ge/