მსხვილყვავილა ჟასმინი
ჟასმინი მრავალწლიანი, მარადმწვანე ბუჩქია, ზეთისებრთა Oleaceae-ს ოჯახიდან. ჟასმინის გვარში ორასამდე სახეობაა გავრცელებული, მათ შორის, როგორც ეთერზეთოვანმა, უფრო მეტი გავრცელება ტროპიკული წარმოების მსხვილყვავილა ჟასმინმა ჰპოვა. ის წარმოადგენს 1,5-2 მეტრამდე სიმაღლის მარადმწვანე, სფერული ფორმის ბუჩქს, მუქი მწვანე ფოთლებით. ყვავილები შეკრებილია ნახევრად ქოლგისებურად, ყვავილობს ივნისიდან გვიან შემოდგომამდე.
მსხვილყვავილა ჟასმინის ყვავილებიდან მიღებული ეთერზეთი გამოირჩევა სასიამოვნო, ნაზი სურნელებით, რის გამოც მას ფართოდ იყენებენ უმაღლესი საპარფიუმერიო ნაწარმის – სუნამოების, ოდეკოლონების დასამზადებლად. ზოგიერთ ქვეყანაში ჟასმინის ყვავილებს ჩაისა და თამბაქოს არომატიზაციისათვისაც იყენებენ. მისაღებია რევმატიზმისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ, ეთერზეთს კი თვალისა და თავის ტკივილის დროსაც მიმართავენ.
მსხვილყვავილა ჟასმინის სამრეწველო კულტურა გავრცელებულია საფრანგეთში, იტალიაში, ალჟირში, ჩვენში ის პირველად შემოიტანეს 1937 წელს. ყველაზე მსხვილი პლანტაცია იყო ხორშის ეთერზეთოვანი კულტურების მეურნეობაში (სენაკის რაიონში), რომელიც მთელი ქვეყნისათვის ჟასმინის ეთერზეთის ერთადერთი მიმწოდებელი იყო. სამწუხაროდ, დღეისათვის, მას ჩვენში არ აწარმოებენ.
ჟასმინი ყინვების მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა: ყვავილები ზიანდება – 20-140 ტემპერატურის პირობებში და გაზაფხულზე იძლევა ამონაყარს, რომელიც იმავე წელს უხვად ყვავილობს. ჟასმინის ამ თავისებურებების გამო, იგი გაავრცელეს დასავლეთ საქართველოში, ასევე სოხუმის ეთერზეოვან მცენარეთა საცდელ სადგურში. ის კარგად ვითარდება მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის, წყლის კარგად გამტარ, საკვები ნივთიერებებით მდიდარ, სუსტ მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის ნოყიერ ნიადაგებზე.
ჩვენში მსხვილყვავილა ჟასმინის ვეგეტაციური ხერხით გამრავლება შეიძლება გამოვიყენოთ, რადგანაც მკაცრი ზამთარი ვერ იძლევა თესლის მომწიფების შესაძლებლობას და კარგავს აღმოცენების უნარს. ჟასმინის გამრავლება შეიძლება მყნობით, გადაწვენით და კალმების დაფესვიანებით.
საუკეთესო დროდ კალმების დასაფესვიანებლად ითვლება ივლის-აგვისტო, როდესაც ნაზარდი ყლორტი საკმაოდ მომწიფებულია და მდიდარია სამარაგო ნივთიერებით. კალმების დაფესვიანება წარმოებს კვალსათბურებში, რომელიც გერანის კალმების დასაფესვიანებელი კვალსათბურების ანალოგიურად ეწყობა. დასაფესვიანებლად აიჭრება როგორც მოყვავილე, ისე მწვანე, ლაღი ზრდის ყვავილის არმქონე ყლორტები ჯანსაღი, კარგად განვითარებული უხვად მოყვავილე ბუჩქებიდან.
კარგ შედეგს იძლევა ჟასმინის კალმების საშემოდგომო აჭრა, რომლებიც სათბურში კონებად შეკრულები უნდა გამოაზამთრონ და გაზაფხულზე კი დასაფესვიანებლად დარგან. ეს მეთოდი უფრო იაფია და პლანტაციაში ყვავილის მოსავლიანობას არ შეამცირებს.
ჟასმინი ყინვების მიმართ მგრძნობიარეა, ამიტომ პლანტაციის გასაშენებლად უნდა შეირჩეს ყინვისაგან დაცული, მზიანი, თბილი ნაკვეთი, სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ექსპოზიციის 100-მდე დაქანებული ფერდობი, ქარებისაგან საკმაოდ დაცული.
ნიადაგის ძირითადი დამუშავება მიმდინარეობს შემოდგომა-ზამთარში, პლანტაციის გაშენებამდე ერთი წლით ადრე, 45-55 სმ სიღრმეზე, საპლანტაჟო გუთნით. დამუშავების წინ შეგვაქვს ფოსფორიანი სასუქი 300-350 კგ რაოდენობით ერთ ჰექტარზე სუფთა ელემენტზე გადაყვანით.
ჟასმინის ჩასარგავ ორმოებს ვიღებთ 20-22 სმ სიღრმით და 25-27 სმ სიგანით, სადაც დარგვამდე შეგვაქვს 1,5-2 კგ გადამწვარი ნაკელი, რომელიც კარგად აირევა მიწასთან და შემდეგ ორმოს ცენტრში ირგვება წინასწარ გამზადებული ნერგი.
პლანტაციის მოვლა იმაში მდგომარეობს, რომ არ უნდა დაუშვან ნიადაგის ქერქის წარმოქმნა და სარეველების განვითარება, რისთვისაც ნიადაგი პერიოდულად უნდა გააფხვიერონ, ხოლო ზაფხულის მეორე ნახევრიდან ისეთი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, რაც მცენარეთა ზრდას შეანელებს და ხელს შეუწყობს ნაზარდის მომწიფებას. ამ მიზნით, მწკრივთაშორისების გაფხვიერება უნდა შეწყვიტონ და სიდერატები დათესონ. ყინვების დაწყების წინ, მშრალ ამინდში, მცენარეთა ყინვისაგან დასაცავად, მწკრივებში სპეციალური გუთნით, მცენარეებს მიწა უნდა მიაყარონ და მიატკეპნონ.
გაზაფხულზე, 20 მარტიდან, მცენარეს შემოყრილი მიწა უნდა შემოაცალონ, მწკრივთაშორისებში უნდა გაშალონ, გააფხვიერონ ნიადაგი და ჩაატარონ მცენარეთა გასხვლა-ფორმირება. 1 ჰა-ზე შეიტანონ 120 კგ ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქი. მოყინული ნაწილები უნდა მოიჭრას ისე, რომ 3-4 სმ ქვემოთ მოუყინავი ნაწილებიც გაყვეს.
აზოტიანი სასუქი 2-ჯერ უნდა შეიტანონ: ვეგეტაციის დაწყების წინ და ყვავილობის დაწყების დროს, 120 კგ, ხოლო 3 წლიანზე უხნეს პლანტაციაში 150 კგ დოზის ნახევარი თითოეულ ჯერზე. 6-7 წლამდე მოსავლიანობა იზრდება, შემდეგ კი კლებულობს. განოყიერების თვალსაზრისით, ყოველ მეორე წელს უნდა შეიტანონ 40 ტონა ორგანული სასუქი.
მესამე წლიდან ჟასმინის პლანტაცია კარგად ყვავილობს და მოსავლიანობა იზრდება 7-8 წლის ხნოვანებამდე, ხოლო შემდეგ მოსავლიანობა თანდათან მერყეობს კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
საკრეფად შემოსულად ითვლება ყველა გაშლილი ყვავილი. კრეფენ დილით, ცვარის გაშრობისთანავე და უმჯობესია მოკრეფა დამთავრდეს, სანამ მაღალი ტემპერატურა დადგებოდეს, რადგანაც დღის მაღალი ტემპერატურის პირობებში მოკრეფილი ყვავილი ეთეროვანი ზეთის ნაკლებ გამოსავალს იძლევა. კრეფა უნდა დაიწყონ ნამის შეშრობის შემდეგ, დილის საათებში. კრეფის დაგვიანებისას ყვავილში ეთეროვანი ზეთი მცირდება. ერთ მუშას შეუძლია მოკრიფოს 3-4 კგ ყვავილი. მოკრეფილი ყვავილი დაუყონებლივ უნდა გაიგზავნოს გადასამუშავებლად. ყვავილის მოსავალი შეიძლება იყოს 3-6 ტონამდე.
რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი,პროფესორი