ჭაჭუნას აღკვეთილში 800-მდე კოლხური ხოხობი გადაიყვანეს
საქართველოს ადგილობრივი ფაუნის აღდგენისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით, კოლხური ხოხბის ბუნებრივ გარემოში დაბრუნების პროგრამა გრძელდება.
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჭაჭუნას დაცული ტერიტორიების საადაპტაციო ვოლიერში ფონდ „ქართუს“ ფრინველთსაშენში გამოყვანილი 800-მდე კოლხური ხოხობი გადაიყვანეს.
ფრინველები საადაპტაციო ვოლიერში რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩებიან. ამ პერიოდში ისინი ველურ გარემოსთან შეგუებასა და თვითგადარჩენისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავებას შეძლებენ. ადაპტაციის დასრულების შემდეგ ხოხბებს ბუნებრივ გარემოში ეტაპობრივად გაუშვებენ.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში მდებარე ფრინველთსაშენი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ფუნქციონირებს, ქართული ფაუნის ისეთი სახეობების გამრავლებასა და აღდგენას ემსახურება, როგორებიცაა კოლხური ხოხობი, კაკაბი და გნოლი.
ფრინველების ბუნებაში დაბრუნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პერიოდულად ხორციელდება და მიზნად ისახავს ადგილობრივი სახეობების პოპულაციების აღდგენას, ბუნებრივი ეკოსისტემების გაძლიერებასა და ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
კოლხური ხოხბის ბუნებრივ გარემოში დაბრუნება მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოს ადგილობრივი ფაუნის დაცვისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფრინველების გაშვებას წინ უძღვის საადაპტაციო პერიოდი, რაც მათ ველურ პირობებში გადარჩენის შესაძლებლობას ზრდის.

