ქლიავის გასაშენებლად რეკომენდებული და პერსპექტიული ჯიშები
ქლიავი უაღრესად სასარგებლო ხილია, მდიდარია ვიტამინებით, სხვადასხვა ნივთიერებით, ორგანული მჟავებით, მაგრამ მისი მიღება ყველასთვის და ყოველთვის არ არის რეკომენდებული.
ქლიავი (Prunus domestica) ვარდისებრთა ოჯახის კურკოვანთა გვარის მცენარეა – საშუალო სიმაღლის ხე. აქვს კურკიანი მომჟავო–მოტკბო ნაყოფი. მის სამშობლოდ ცენტრალური აზია მიიჩნევა.
ქლიავი შეიცავს 9-დან 17%-მდე შაქრებს (ფრუქტოზა, გლუკოზა და საქაროზა), წყალს, ცილებს, ნახშირწყლებს, საკვებ ბოჭკოებს, ვიტამინებს A, B1, B2, B9, C, P, PP, E. ის მდიდარია კალიუმითა და ფოსფორით, ასევე კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, ასევე შეიცავს ბორს, მანგანუმს, სპილენძს, თუთიას, ნიკელს, ქრომს. ქლიავის შემცველობაშია პექტინის, მთრიმლავი, აზოტის ნივთიერებები, ორგანული მჟავები.
ცნობილია ქლიავის დაახლოებით 2000 სახეობა, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან ფორმით, ფერითა და გემოთი.
დღეს გაგაცნობთ რამდენიმე პერსპექტიულ ჯიშს, რომლის გაშენება შესაძლებელია, როგორც ეზოში, პირადი მოხმარებისთვის, ისე სამრეწველო დანიშნულებით.
სტენლი _ ამერიკული ჯიშია. მსხმოიარობაში შედის მე-4-5 წელს, ხასიათდება საშუალო-საგვიანო ყვავილობით, თვითდამტვერავია, მაღალმოსავლიანი და რეგულარულად მსხმოიარე ჯიშია, ერთი ხის საშუალო მოსავალი სრულმსხმოიარობაში 40-50 კგ-ს შეადგენს. ნაყოფი მწიფდება სექტემბრის დასაწყისში, გამოიყენება სასუფროდ, მზადდება საუკეთესო ხარისხის ჩირი. ნაყოფის მასა 40-45 გრამია, ნაყოფი წაგრძელებული, კვერცხისებრი ფორმისაა, კანის შეფერვა მუქი იისფერია, დაფარულია ნაფიფქით. რბილობი მკვრივი, მოტკბო გემოსი, კურკა რბილობს ძირითადად ადვილად სცილდება, თუმცა ხანდახან რთულადაც.
პრეზიდენტი _ მსხმოიარობაში შედის ადრეულად – მე-3-4 წელს, ხასიათდება საშუალო-საგვიანო ყვავილობით. მაღალმოსავლიანი და რეგულარულად მსხმოიარე ჯიშია. მწიფდება სექტემბრის ბოლოს, ხანგრძლივად ინახება სამაცივრო პირობებში. ძირითადად გამოიყენება სასუფროდ. ნაყოფი ძალიან მსხვილია – 60-70 გრამი, ზოგჯერ 100 გრამსაც აღწევს. ნაყოფი კვერცხისებრი ფორმისაა, კანი მუქი იისფერია, რომელიც გადადის მოწითალო ფერში, ოდნავ არის დაფარული ნაფიფქით. რბილობი მკვრივი, ხასიათდება სასიამოვნო გემოთი, კურკა მსხვილი, რბილობს რთულად სცილდება.
შავქლიავა _ ადგილობრივი ჯიშია. მსხმოიარობაში შედის მე-3-5 წელს, ხასიათდება საშუალო პერიოდის ყვავილობით. მაღალმოსავლიანი ჯიშია, ერთი ხის საშუალო მოსავალი სრულმსხმოიარობაში 30-35 კგ-ია. მწიფდება აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის დასაწყისში, ძირითადად გამოიყენება სასუფროდ, ასევე მზადდება კარგი ხარისხის ჩირიც. ნაყოფი საშუალო ზომისაა – 35-50 გრამი, ნაყოფი კვერცხისებრი ფორმისაა, კანის შეფერვა მუქი იისფერი, დაფარულია ნაფიფქით. რბილობი წვნიანი, ხასიათდება გამორჩეული გემოთი, კურკა მსხვილია, რბილობს კარგად სცილდება.
ემპრესი _ კანადური ჯიშია. მსხმოიარობაში შედის მე-3-4 წელს. ხასიათდება საშუალო პერიოდის ყვავილობით, მაღალმოსავლიანი ჯიშია, მწიფდება აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის დასაწყისში, ძირითადად გამოიყენება სასუფროდ. ნაყოფი ძალიან მსხვილია – 60 -70 გრამი, ზოგიერთი ეგზემპლარის მასა 120 გრამსაც აღწევს. ნაყოფი კვერცხისებრი ფორმისაა, კანი მუქი იისფერია, დაფარულია მუქი ნაფიფქით. რბილობი მკვრივი, სრულ სიმწიფეში ხასიათდება გამორჩეული გემოთი. კურკა მსხვილი, რბილობს ნახევრად სცილდება.
ალტანის რენკლოდი _ ევროპული ჯიშია, მიღებულია მწვანე რენკლოდის ნათესებიდან. ხე საშუალო ზრდისაა, ყვავილობს აპრილის მეორე დეკადაში (გორის პირობებში), ხასიათდება მაღალმოსავლიანობით. იკრიფება აგვისტოს მე-2 დეკადაში, კარგი ტრანსპორტაბელურია. ნაყოფის ფერი მოწითალოა, სრულ სიმწიფეში მუქი წითელია, დაფარულია ნაფიფქით, რბილობი მუქი ყვითელი, მკვრივი, წვნიანი, არომატული, ხასიათდება კარგი საგემოვნო თვისებებით, კურკა რბილობს ნახევრად სცილდება. გამოიყენება როგორც სასუფროდ ასევე კომპოტების დასამზადებლად.
ატმისებური _ ძველი ევროპული ჯიშია. ხე საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, ხასიათდება არარეგულარული მოსავლიანობით. იკრიფება ივლისის II – III დეკადაში, კარგი ტრანსპორტაბელურია. ნაყოფის შეფერვა მოყვითალო-მოწითალოა, დაფარულია სქელი ნაფიფქით, რბილობი ყვითელი, წვნიანი, მომჟავო გემოსი კურკა რბილობს კარგად სცილდება.
ანჯელენო _ ამერიკული ჯიშია, მიეკუთვნება ჩინურ-იაპონური ქლიავების რიგს, რომელიც საქართველოში ახალი ინტროდუცირებულია. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-3-4 წელს. ხასიათდება საადრეო-საშუალო პერიოდის ყვავილობით. ხასიათდება საშუალო მოსავლიანობით. ნაყოფის ზომა სტაბილურად მსხვილია, 80-100 გრამი, ზოგიერთი ეგზემპლარი 120-130 გრამსაც აღწევს, მწიფდება აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ ნახევარში (შიდა ქართლი) მოითხოვს რამდენიმე ვადაში კრეფას და კარგად ინახება ჩვეულებრივი სარდაფის პირობებში 3-4 კვირის განმავლობაში. ძირითადად გამოიყენება სასუფროდ. ნაყოფი მრგვალი, სფეროს ფორმისაა, კანი მუქი წითელია, რომელიც შავში გადადის, დაფარულია ნაფიფქით, რბილობი წითელი ფერის, მკვრივი, ხასიათდება მომჟავო, მეტად ორიგინალური გემოთი, კურკა წვრილი, როგორც ტყემალს, რბილობს არ სცილდება.
ფრიარი _ ამერიკული ჯიშია, მიეკუთვნება ჩინურ-იაპონური ქლიავების რიგს, მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-2-3 წელს, ხასიათდება საშუალო პერიოდის ყვავილობით. ნაყოფი მსხვილია 70-80 გრამი, ზოგიერთი ეგზემპლარი 120-130 გრამსაც აღწევს, მწიფდება აგვისტოს შუა რიცხვებში, მოითხოვს რამდენიმე ვადაში კრეფას. სასუფრო დანიშნულების ჯიშია. ნაყოფი მრგვალი, სფერული ფორმისაა. კანი მუქი წითელია, რომელიც სიმწიფეში შავი ხდება. დაფარულია ინტენსიური ნაფიფქით. რბილობი მკვრივია, ხასიათდება მომჟავო-მოტკბო, სასიამოვნო გამორჩეული გემოთი. კურკა საკმაოდ წვრილია, რბილობს არ სცილდება.