მედიარუბრიკები

მზესუმზირას სასარგებლიანობა

მზესუმზირა ძალზე სასარგებლოა ნერვული დაავადებების დროს და გუნება-განწყობილების გასაუმჯობესებლად. ის ასევე ჩინებული დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტია. გარდა ამისა, მზესუმზირის კნატუნს სიგარეტის მოწევის პროცესის ჩანაცვლება შეუძლია.
მზესუმზირა (helianthus) – რთულყვავილოვანთა ოჯახის ეს მცენარე ამერიკიდან გავრცელდა. მისი დასახელება თითქმის ყველა ენაზე მზეს უკავშირდება. ამის ორი მიზეზია – გარეგნული იერი და მისი მანერა, იბრუნოს მზისკენ.

ცნობილია, რომ მზესუმზირის თესლიდან საუცხოო ხარისხის მცენარეული ზეთი იწარმოება, მაგრამ მცენარეს, ამის გარდა, ასევე უამრავი სასარგებლო თვისება აქვს.

მისი მარცვლები მდიდარია დიდი რაოდენობით კალციუმითა და მაგნიუმით, В, A, E და D ჯგუფის ვიტამინებით.

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მზესუმზირის თესლი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტოსტერინს, რომელსაც აქვს ქოლესტერინის დონის გაკონტროლების უნიკალური თვისება. მაგნიუმის მაღალი შემცველობის გამო მზესუმზირა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის უებარია. ამას გარდა შეიცავს თუთიას, იოდს, სელენს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას. მზესუმზირა დაბერების პროცესს აფერხებს. მასში შემავალი პოლიგაჯერებული ცხიმოვანი მჟავები სასარგებლოა კანისა და თმისთვის.

А და Е ჯგუფის ვიტამინების წყალობით მზესუმზირას ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია. ის გვიცავს ათეროსკლეროზისგან და სიმსივნეებისგან. დადებითად ზემოქმედებს მხედველობაზე, გაუჯერებელი ცხიმმჟავების წყალობით მოუხალავი მზესუმზირა შესანიშნავია ფრჩხილებისა და თმის მტვრევადობის სამკურნალოდ. 

მზესუმზირა შეიცავს დიდი რაოდენობით D ვიტამინს, რომელიც ცნობილია, როგორც რაქიტისგან დაცვის საშუალება. ის დიდ როლს ასრულებს ბავშვის ორგანიზმის ზრდაში. მზესუმზირის მარცვლები მადას აქვეითებს. ამიტომ ის აქტიურად გამოიყენება ზოგიერთ გასახდომ დიეტაში, მაგრამ მაღალი კალორიულობის გამო – ზომიერად. მზესუმზირის ცხიმოვანი მჟავები ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისთვის მნიშვნელოვანია. ისინი წვავენ ცხიმოვან უჯრედებს.

მზესუმზირაში შემავალი სათრიმლავი ნივთიერებები და კარატინოიდები ჩვენს სხეულს ასევე ინფექციებთან და პარაზიტებთან ბრძოლაში ეხმარება.

გასათვალისწინებელია, რომ სასარგებლოა მზესუმზირის მხოლოდ კარგად გამომშრალი და მოუხალავი მარცვლები. მზესუმზირის მარცვლების კანის გაცლის ან მოხალვის შემთხვევაში მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებათა ნაწილი იკარგება.

მზესუმზირის მარცვლების ქერქი მოუხალავ მდგომარეობაში შესანიშნავად ინარჩუნებს ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტებს — იოდს, რკინასა და მაგნიუმს, რაც აუცილებელია გულის სტაბილური მუშაობისთვის და სისხლძარღვების შლაკებისა და ტოქსინებისგან გასაწმენდად. თუ ზამთარში კვირაში ერთხელ მოუხალავი მზესუმზირის გულებს მიირთმევთ, ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების მოთხოვნილება სრულად დაკმაყოფილდება.

 ვიტამინ В6-ისა და ფოლიუმის მჟავის წყალობით მზესუმზირა უაღრესად სასარგებლოა ნერვული დაავადებების დროს და გუნება-განწყობილების გასაუმჯობესებლად.

მზესუმზირა ასევე ჩინებული დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტია. გარდა ამისა, მზესუმზირის კნატუნს სიგარეტის მოწევის პროცესის ჩანაცვლება შეუძლია — ბევრმა ადამიანმა ამ მავნე ჩვევის გადაგდება მზესუმზირის წყალობით მოახერხა.

ექიმები მიიჩნევენ, რომ მზესუმზირის გამოყენება საკვებში მთელი რიგი დაავადებების პროფილაქტიკური საშუალებაა, მათ შორის ინფარქტის, კანის დაავადებების, ძვლების მოტეხილობის.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მზესუმზირის ფესვების სასარგებლო თვისებები. მას ძალზე ეფექტურად გამოაქვს კენჭები თირკმლებიდან, ნაღვლის ბუშტიდან, ხსნის ე.წ. მარილების დაგროვებას სახსრებში, აქვეითებს მაღალ არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სმენასა და მხედველობას, კარგია თავბრუსხვევის, გულისა და თავის ტკივილის დროს.

 ფესვებს შემოდგომაზე ამზადებენ. სამკურნალოდ გამოიყენება მხოლოდ ძირითადი, ცენტრალური ფესვი. გამომშრალ და დაქუცმაცებულ 1 ჭიქა ფესვს 3 ლიტრ წყალში ადუღებიდან სამი წუთის განმავლობაში ხარშავენ. ეს სამი ლიტრი ნახარში სამი დღის პორციაა, ანუ დღეში 1 ლიტრის ოდენობით უნდა მივიღოთ. ამავე ფესვებს შემდეგ ხარშავენ უკვე 5 წუთის განმავლობაში, ხოლო მესამედ – 10 წუთის განმავლობაში. ამის მერე ფესვები უკვე გამოუსადეგარია. შემდეგი ნახარში უკვე ახალი ფესვებისგან მზადდება. ფესვების ნახარშის მიღება შესაძლებელია ორი თვის განმავლობაში. მისი მიღება არ შეიძლება, თუ გაუხსნელი კენჭებია თირკმელებში, ასევე არ შეიძლება ორსულისა და მეძუძური დედებისთვისთვის.

მზესუმზირას, მრავალ სიკეთესთან ერთად, ზიანის მოტანაც შეუძლია, განსაკუთრებით, თუ მას დიდი რაოდენობით მივიღებთ. მაღალი კალორიულობის გამო ის ჭარბი წონის დაგროვებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით, თუ ადამიანი ფიზიკურად არააქტიურია.

მზესუმზირა კბილის ემალს აფუჭებს, ამიტომ მის გარჩევას სტომატოლოგები ხელით გვირჩევენ.

https://sputnik-georgia.com