რატომ იბლოკება ქართული ყველის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე _ Euronews-ი
საქართველოში ყველისა და ზოგადად რძის პროდუქტების ბაზრის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა Euronews-ი მასალას აქვეყნებს და მიმოიხილავს, თუ რატომ ბლოკავს ევროკავშირი ქართული ყველის ექსპორტს.
ქართულ ბაზარზე რძის პროდუქტების დაახლოებით 95% არარეგისტრირებულ საწარმოებში იწარმოება, რაც ბრიუსელისთვის შემაშფოთებელია – ამის შესახებ სტატიას Euronews-ი ექსპერტების შეფასებაზე დაყრდნობით აქვეყნებს
გამოცემა ცნობით,საქართველო ყველის ქვეყანაა, თუმცა ქართული ყველის დიდი ნაწილის ექსპორტი ევროპაში აკრძალულია, რადგან წარმოების რეგულაციები ბრიუსელის მიერ მოთხოვნილ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.
სტატიის მიხედვით, რეგულაციებს მიღმა დარჩენილი ყველი პრობლემაა არა მხოლოდ მომხმარებლისთვის, თავად მწარმოებლებისთვისაც.
“ჩვენი ყველი 8 ევრო ღირს, დაურეგისტრირებელი კონკურენტები კი 5 ევროდან 6 ევრომდე ყიდიან”, – ამბობს წარმოების ხელმძღვანელი რესან ბასილაძე.
გამოცემა წერს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერულ ბაზრებზე შეუმოწმებელი რძის პროდუქტების არსებობას არ ადასტურებს და ამტკიცებს, რომ კონტროლის მექანიზმები ყველა სექტორზე ვრცელდება.
“სოფლის მეურნეობის ბაზრებზე კომპანიების რეგისტრაცია სავალდებულო არ არის, მაგრამ საოჯახო მწარმოებელი სუბიექტები უნდა დარეგისტრირდნენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში და დაიცვან გარკვეული რეგულაციები”, – ამბობს სეს-ის სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილი.
ამავე სტატიის თანახმად, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორის, ვახტანგ კობალაძის თქმით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია რესურსი, რომ საქართველოს ბაზარი, მათ შორის, რძის პროდუქტები ეფექტურად შეამოწმოს.
“თუ კონტროლი მთავრობის პრიორიტეტი არ გახდება, ინსპექტირება და ლაბორატორიული კვლევები შეზღუდული იქნება”, – ამბობს ვახტანგ კობალაძე.
მომხმარებლები, რომლებსაც დაურეგისტრირებელი პროდუქტის შეძენით თანხას ზოგავენ, უნდა იაზრებდნენ, რა საფრთხეს უქმნიან ჯანმრთელობას და რა ფასის გადახდა მოუწევთ ამისთვის გრძელვადიან პერიოდში. განსაკუთრებით რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქციის შემთხვევაში.
მასალის ბოლოს ავტორი წერს, რომ ბრუცელოზი, რომელიც ადამიანებს შეიძლება რძის მოხმარებით გადაეცეს, 2021 წელს საქართველოში 133 ადამიანს აღმოაჩნდა. ეს თითქმის უახლოვდება მთელ ევროკავშირში დაავადებულთა რიცხვს.
ცნობისთვის, 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან 105.5 ტონა ყველისა და ხაჭოს ექსპორტი განხორციელდა. აქედან, არც ერთი კილოგრამი არ გაყიდულა ევროკავშირის ბაზარზე. 73.7 ტონა სომხეთში გაიყიდა, 31 ტონა კი, აშშ-ში. ასევე მცირე რაოდენობა გაიყიდა, ჰონ-კონგში, თურქეთსა და კანადაში.
თამარ მუკბანიანი
წყარო: https://www.bpn.ge