აგროსიახლეები

ევროპელ ფერმერებს მარცვლეულის მოსავლის ხარისხთან პრობლემები აქვთ

ცუდი კლიმატური პირობების გამო ევროპაში მარცვლეულის მოსავლის აღება ფერხდება, ასევე პრობლემები იქმნება ხარისხიანი ხორბლის  მიღების მხრივაც, წერს გერმანელი აგრო ანალიტიკოსი, დოქტორი ოლაფ ზინკე აგროპორტალ  Agrarheute.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში: „გაუარესებული კლიმატური პირობები აიძულებს  ევროპისფერმერებს, გააქტიურდნენ და დააჩქარონ მოსავლის აღება. საფრანგეთში, FranceAgriMer-ის უახლესი მონაცემები ცხადყოფს, რომ ნალექის გამო, მოსავალი უმნიშვნელოდ იზრდება, ხორბლის ნათესი ფართობის დაახლოებით 11% ჯერ კიდევ აუღებელია.
 გერმანიაშიც ანალოგიურად, წვიმა მოსავლის აღებას აფერხებს. საერთოდ კი  ევროპული ხორბლის ხარისხი სერიოზულ კითხვებს აჩენს. ანალიტიკოსების თქმით, მოსავლის დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, მხოლოდ საფურაჟედ გამოდგება, თუმცა აქაც შეიძლება პრობლემა შეიქმნას მიკროტოქსინების გამო.

მარცვლეულის გაშრობა ძვირი ჯდება, მაგრამ ამ პირობებში  აუცილებელია შესანახად მომზადებული ხორბლის მარცვლის ტენიანობა 20%-ზე დაბალი  იყოს, შემდეგ კი ტენიანობა 15%-მდე  შემცირდეს.

გასულ პარასკევ საღამოს აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA-ს მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა მრავალი კითხვა გააჩინა: ხორბლის მსოფლიო წარმოება თითქმის 3 მილიონი ტონით _ 793 მილიონამდე შემცირდა, ხოლო უკრაინის მოსავლის მოლოდინები გაიზარდა.

USDA-ს ანგარიშის მიხედვით, მოწეული ხორბლის  მოსავლის შემცირებაა მოსალოდნელი ესპანეთში, ლიტვასა და რუმინეთში  _ 3 მილიონი ტონით _ 135 მილიონ ტონამდე. გვალვის გამო 2 მილიონი ტონა ხორბლით ნაკლებს აიღებს  კანადაც.

უკრაინა, სავარაუდოდ, 3,5 მილიონი ტონა მარცვლეულით მეტს აწარმოებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო, მოსავლის საერთო მოცულობა USDA- თანახმად გასული წლის ანალოგიური იქნება, თუმცა, შავ ზღვაზე რუსეთის  მარცვლეულის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, უკრაინული ექსპორტის მოცულობა არ შეცვლილა და 10,5 მილიონი ტონა შეადგინა.

ხორბლის წარმოება რუსეთში, USDA-ს შეფასებით, წინა თვის ანგარიშთან შედარებით არ შეცვლილა (85 მილიონი ტონა), ხოლო რუსული ექსპორტი ასევე ძალიან მაღალი რჩება, რაც რეკორდულ 48 მილიონ ტონას შეადგენს.

ხორბლის მსოფლიო მარაგები ოდნავ შემცირდა _ 265,6 მილიონ ტონამდე, მაგრამ აშშ-ს მარაგები მოსალოდნელზე მაღალი 16,75 მილიონი ტონა იყო, რაც მარცვლეულის ფასებზე გავლენას ახდენდა.