სიმინდის ფარვანა
სიმინდი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კულტურაა საქართველოში. ხარისხიანი სიმინდის მოყვანა უამრავ გამოწვევასთან არის დაკავშირებული, ფერმერისგან საკმაოდ დიდ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს.
ერთ – ერთ სერიოზულ პრობლემას სიმინდის კულტურაში სიმინდის ფარვანა წარმოადგენს.
ამ სტატიაში გვინდა მოგითხროთ ზემოაღნიშნული მავნებლის სასიცოცხლო ციკლზე, მის მავნეობას და მასთან ბრძოლის ღონისძიებებზე.
მავნებლის ბიოლოგია და სასიცოცხლო ციკლი
სიმინდის ფარვანა პოლიფაგი მავნებელია. წლის განმავლობაში ვხვდებით მის 2 თაობას. ზრდასრური მატლები იზამთრებენ მცენარის ღეროს იმ ნაწილებში, რომლებიც მოსავლის აღების შემდგომ მინდორში რჩება. გაზაფხულზე მატლები ზოგჯერ დამატებით იკვებებიან ან უმეტეს შემთხვევაში პირდაპირ იჭუპრებიან. მატლები ამზადებენ აბლაბუდას თხელ პარკს და ღეროს კედელში, პეპლის გამოსაფრენ ხვრელს.
პირველი თაობის პეპლების გამოფრენა ხდება მაის – ივნისში, ხოლო კვერცხდება იწყება გამოფრენიდან 4-5 დღიდან. მდედრ პეპელას შეუძლია 400-600 მდე კვერცხის დადება. პეპელა კვერცხს დებს ფოთლის ქვედა მხარეს ჯგუფ-ჯგუფად. გამოჩეკილი მატლი შედის ფოთლის ფირფიტაში, შემდეგ მის ყუნწში და აქ იწყებს კვებას. შემდგომ მატლები ინაცვლებენ მცენარის ღეროში და ქოჩორზე. ფარვანას მატლი საკმაოდ ადვილი შესამჩნევია. იგი ზომით დაახლოებით 1-2 სანტიმეტრია და აქვს მომწვანო მოყავისფრო შეფერილობა. ისინი იჭუპრებიან დაახლოებით ივლის-აგვისტოში ბოლოს, ხოლო სექტემბერში უკვე მეორე თაობის პეპელა იწყებს კვერცხების დადებას. ახლადგამოჩეკილი მატლები გროვდებიან ჯერ ფოთლის ფუძესთან, შედეგ კი შედიან ღეროსა და ტაროში, სადაც საკმაოდ ატიურად იკვებებიან და შესაბამისად დიდ ზიანს აყენებენ მცენარეს. ამ პერიოდისთვის მატლები უკვე ემზადებიან გამოსაზამთრებლად.
ფარვანას გამრავლებაში დიდ როლს ასრულებს ტემპერატურა და ნიადაგის ტენიანობა. ფარვანასთვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები დგება მაშინ, როდესაც დღისა და ღამის ტემპერატურა თითქმის თანაბარია და ნაკლებია ნალექი. აღნიშნული მავნებელი დღისით იმალება, მაგრამ აქტიურდება ღამით და გამთენიაზე, რაც მკვეთრად ართულებს მასთან ბრძოლას.
ფარვანას მავნეობა
სიმინდის ფარვანა, მისი სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე აზიანებს სიმინდის ფოთოლს, ღეროს, ტაროს.
პირველი თაობის მატლების ძირითადად აზიანებენ მწვანე მასას, მეორე თაობის მატლებს კი შეუძლიათ დამატებით ტაროს დაზიანება. დაზიანებული ფოთლების შემთხვევაში მცირდება მცენარეში ფოტოსინთეზი. ღეროს დაზიანება კი ხელს უშლის მცენარეში წყლის და საკვები ნივთიერებების გადაადგილებას, ასევე ღერო სუსტდება და ადვილად იმტვრევა ქარის შემთხვევაში.
ბრძოლის ღონისძიებები:
- თესლბრუნვის შემოღება;
- სიმინდის მოსავლის აღებისას მცენარის გადაჭრა რაც შეიძლება დაბლა;
- მცენარეული ნარჩენების შეგროება და დაწვა;
- მოსავლის აღების შემდგომ ნაკვეთის ღრმა დახვნა;
- სარეველების მოსპობა;
- ფერომონების დამონტაჟება;
- ქიმიური წამლობის ჩატარება (მნიშნელოვანია მავნებლის განვითრების ფაზის დადგენა რათა სწორად შეირჩეს მასთან ბრძოლისთვის მოქმედი აქტიური ნივთიერება).
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიისვებ გვერდს: baraka.ge