აგროსიახლეებიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ქართულად გახმოვანებული ვაზის სხვლის ონლაინ კურსი მევენახეებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

2023 წლის ნოემბერიდან, მევენახეებისთვის ონლაინ ვიდეო საგანმანათლებლო კურსი, ვაზის სათუთ სხვლაზე, ახლა უკვე ქართულ ენაზეცაა ხელმისაწვდომი. ვიდეო მასალის თარგმნა, ევროკავშირის მხარდაჭერითა და FAO-ს ინიციატივით განხორციელდა. ონლაინ ვიდეო კურსს ესპანელი ექსპერტი, ხულიო პრიეტო დიასი უძღვება. საგანმანათლებლო პროგრამა, სოფლის მეურნეობის იმ თანამედროვე მეთოდებზეა ორიენტირებული, რომელიც მოსავლის გაზრდასთან ერთად, ყურძნისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება მევენახეებს. ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO ღვინის მეწარმეებთან და მევენახეებთან ერთად, წარმოების გაუმჯობესებასა და საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აღნიშნული ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე მუშაობს.
საგანმანათლებლო ვიდეო კურსზე წვდომით, დაინტერესებულ ქართულენოვან მევენახეებს შეუძლიათ FAO-ს ორგანიზაციის Facebook გვერდზე დაუკავშირდნენ.

მევენახეებს, შესაძლებლობა აქვთ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტის ათსაათიანი სასწავლო ვიდეო კურსის დახმარებით, მეტად გაიღრმავონ ცოდნა. ვიდეო გაკვეთილებში, ხულიო პრიეტო დიასი, თავად საუბრობს და პრაქტიკული მაგალითებით აზიარებს ცოდნას სხვლის კომპლექსურ მეთოდებზე.

საგანმანათლებლო კურსი ხუთი მოდულისგან შედგება:

1)      ვენახის სათუთი სხვლა;

2)      ვაზის ჯამისებრი ფორმის სხვლა;

3)      ვაზის კორდონის ტიპის სხვლა;

4)      გასხვლა ვერტიკალურ ღერძზე;

5)      ვაზის გუიოს ტიპის სხვლა.

ვაზის სხვლა, აუცილებელია ჯანმრთელი, მედეგი და პროდუქტიული ვენახის მისაღებად. აღნიშნული აქტივობის სწორად განხორციელების შემთხვევაში, მცენარე ბევრად უფრო გამძლეა ცვალებადი კლიმატისა და დაავადებების მიმართ. თანმიმდევრული სხვლის შედეგად, ასევე იზრდება მოსავლის რაოდენობა და უმჯობესდება მისი ხარისხი.

ევროკავშირის მხარდაჭერით,  FAO-მ საქართველოში, ხულიო პრიეტო დიასს რამდენჯერმე უმასპინძლა. მან ქართული ღვინის კომპანიების 220-ზე მეტ თანამშრომელს ჩაუტარა ტრენინგი სხვლასა და ღვინის წარმოების საერთაშორისოდ აღიარებულ მეთოდოლოგიებზე. ამასთანავე, ხულიო პრიეტო დიასი, ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO-ს გამრავლების შემაფერხებელ პროგრამაზეც მუშაობს და 15 ღვინის მწარმოებელ კომპანიას ეხმარება საქართველოში მავნებლის ინტეგრირებული მეთოდოლოგიების დანერგვაში ყურძნის ევროპულ ჭიასთან – Lobesia botrana, გასამკლავებლად, რომელიც  ყოველწლიურად ქვეყანაში მოსავალს დაახლოებით 40%-ით ამცირებს.

„ევროკავშირთან ნაყოფიერი, გრძელვადიანი თანამშრომლობით, FAO ქართული მევენახეობის ინდუსტრიას ეხმარება ნერგიდან – ბაზრამდე. საქართველოს ღვინის წარმოების შთამბეჭდავად ისტორიული და მდიდარი ტრადიცია აქვს და აღნიშნულის გათვალისწინებით, ტრენინგებს მევენახეების ახალ თაობას ვუტარებთ, რომელიც ქართულ ღვინოს მსოფლიოში მოწინავე პროდუქტად გარდაქმნის. ამ შედეგის მისაღწევად, ვაზის მოვლა და პატივისცემა, პესტიციდების გამოყენების შემცირება და ენდემური ჯიშების გამოყენება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. უმაღლესი დონის ესპანელ მევენახე ხულიო პრიეტოსთან ვთანამშრომლობთ საქართველოში სხვლის სათანადო მეთოდოლოგიებზე ცოდნის გასაზიარებლად და ხაზს ვუსვამთ იმას, რომ კარგ ღვინოს ვერ აწარმოებ, თუ სათანადოდ არ უვლი ვაზს – ცუდად გასხვლა ძვირად ფასობს. ხულიოს საგანმანათლებლო ონლაინ პროგრამა შესაძლებლობაა ყველა მოტივირებული მევენახისთვის, მათთვის ვინც საქართველოს, როგორც ღვინის აკვანს, მოწინავე ქვეყნებს შორის მოახვედრებს“, ამბობს ხავიერ სანს ალვარესი, FAO-ს პროგრამის კოორდინატორი. 

“ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების ხელშესაწყობად. ათ საათიანი სასწავლო ვიდეოკურსი შესაძლოა ძალიან კარგ ინსტრუმენტად იქცეს იმ პროფესიონალთათვის, ვისაც სურს, ქვეყნის ღვინის ინდუსტრია მედეგი გახადოს კლიმატის ცვლილების, დაავადებებისა თუ მავნებლების მიმართ, რაც საბოლოო პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაშიც აისახება. EU4Business ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირი FAO-სთან ერთად აქტიურად უწყობს ხელს კერძო სექტორს, რომ საერთაშორისო ცონდა უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ვიდეოსერიების ხელმისაწვდომობა ქართველი აუდიტორიისთვის,  ევროკავშირისა და FAO-ს მიერ, ქვეყნის მევენახეებისა და მეღვინეებისათვის გაწეული უწყვეტი მხარდაჭერის არაჩვეულებრივი მაგალითია”, განაცხადა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ.

ონლაინ ვიდეო გაკვეთილები ვაზის სათუთ სხვლაზე ქართულ ენაზე FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა EU4Business ინიციატივის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში. ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას მათი შესაძლებლობების გაძლიერებით, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. 

წყარო: https://www.fao.org/georgia/news/detail-events/ge/c/1670177/