კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ შესახებ პირველი საჯარო კონსულტაცია გაიმართა
კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ შესახებ პირველი საჯარო კონსულტაცია ქ. გორში გაიმართა. კლიმატის ცვლილების კანონის თეთრი წიგნი მოიცავს ძირითად პრინციპებს, რომელიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონში უნდა აისახოს. თეთრი წიგნის მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების გაგრძელებაა.
საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნი“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა.
საჯარო კონსულტაციები გაიმართება ქ.თბილისსა და ქ.ბათუმში. მიღებული მოსაზრებებისა და გამართული ეროვნული კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდება საქართველოს კანონი კლიმატის ცვლილების შესახებ.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ლაშა ნაკაშიძე და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მღებრიშვილი ესწრებოდნენ.
კონსულტაციაში არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები და დაინტერესებული საზოგადოება მონაწილეობდა. საჯარო კონსულტაციაში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა.