ISET_ ადგილობრივი და საერთაშორისო სამომხმარებლო ფასების მიმოხილვა, დეკემბერი 2023წ.
2023 წლის სექტემბერ-ნოემბერში ფასების დონე თვიურ ჭრილში მცირედით იცვლებოდა. ნოემბერში სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) ოქტომბერთან შედარებით უმნიშვნელოდ (0.2%) შემცირდა; აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში დადებითი იყო და 0.6% შეადგინა.
2023 წლის სექტემბერ-ნოემბერში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების (FPI) ფასების დონე თვიურ ჭრილში მცირდებოდა. ნოემბერში სურსათის ფასები 0.5%-ით შემცირდა 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით; სექტემბერსა და ოქტომბერში კი აღნიშნული მაჩვენებელი -0.2% იყო.
წლიურ ჭრილში, სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) 2023 წლის სექტემბერსა და ნოემბერში ზრდას განაგრძობდა. ნოემბერში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0.1%-ით გაიზარდა 2022 წლის ნოემბერთან შედარებით; სექტემბერში ზრდის მაჩვენებელი 0.7% იყო, ოქტომბერში კი – 0.8%.
2023 წლის ნოემბერში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების დონე უმნიშვნელოდ (3.1%) შემცირდა, რამაც სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მხოლოდ 1,08%-ით კლება გამოიწვია. ძირითადი გამომწვევი ფაქტორი იყო შემდეგ ქვეჯგუფებში შემავალი პროდუქციის ფასების კლება:
მთლიანობაში, სურსათისა და უალკოჰოლური სასმელების ფასები შემცირდა, თუმცა გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებში შემავალი პროდუქტების ფასები: ხილი და ყურძენი (12.2%), ხორცი (6.3%), თევზეული (5%), მინერალური და წყაროს წყლები, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.7%). ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან ყველაზე მეტად გაძვირდა ყურძენი (61.7%), ატამი (37%), ქლიავი (28.5%) და მსხალი (26.3%).
ყურძნის ფასის ასეთი მკვეთრი მატება შეიძლება აიხსნას ყურძენზე გაზრდილი მოთხოვნით, რაც, თავის მხრივ, ღვინის ექსპორტის ზრდითაა განპირობებული. 2023 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად (26.3%) გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. მთლიანობაში, იანვარ-ნოემბერში ახალი ყურძნისგან დამზადებული ღვინის ექსპორტი 3.3%- ით გაიზარდა, რაც საკმაოდ დიდი ზრდაა 2022 წელს დაფიქსირებული ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლის გათვალისწინებით. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ღვინის მწარმოებლების მხრიდან გაიზარდა ყურძენზე მოთხოვნა, რამაც გამოიწვია ყურძნის ფასის ზრდაც.
რაც შეეხება ატამს, 2023 წელს ატმის ფასების ზრდა, შესაძლოა, ატმის გაზრდილი ექსპორტითზ და უამინდობით იყოს გამოწვეული. ორივე ფაქტორმა ხელი შეუწყო ადგილობრივ ბაზარზე ატმის დეფიციტს.
ხორცის შემთხვევაში კი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხორცის წარმოება იზრდება, ქვეყანა კვლავ იმპორტსა და საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებზეა დამოკიდედებული. ამიტომ 2023 წელს მსოფლიოში ხორცის ფასების ზრდამ განაპირობა ხორცის გაძვირება საქართველოშიც.
2023 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში ხორცის იმპორტი 20.8%-ით გაიზარდა 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. 2023 წლის ნოემბერში, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით, ქართულ ბაზარზე საქონლის ხორცის ფასი 13.8%-ით გაიზარდა, ფარშის კი – 9%-ით. ისიც აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე დიდია ხორცზე მოთხოვნა, რაც, უმეტესწილად, მოსახლეობის კვების კულტურითაა განპირობებული.
საერთაშორისო ფასები
2023 წლის სექტემბერ-ნოემბერში სურსათის საერთაშორისო ფასები მცირდებოდა. 2023 წლის ნოემბერში სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსი მკვეთრად (11.8%) შემცირდა 2022 წლის ნოემბერთან შედარებით. შემცირდა მცენარეული ზეთების (19.8%), მარცვლეულისა (19.4%) და რძის პროდუქტების (16.9%) ფასები. შაქრის ფასი კი, პირიქით, გაიზარდა (41.1%).
ამ სეზონზე შაქრის ფასის ამგვარი ზრდა, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა მოლოდინმა, რომ ექსპორტისათვის შაქრის საჭირო რაოდენობა არ იქნებოდა ორ მთავარ ექსპორტიორ ქვეყანაში – ტაილანდსა და ინდოეთში. შეშფოთება გამოიწვია ამ ქვეყნებში შაქრის წარმოების არასახარბიელო პროგნოზმა, რომელიც ემყარებოდა ელნინიოს მოვლენით გამოწვეული გვალვის შედეგებსა და ბრაზილიიდან ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ შეფერხებებს აშშ დოლართან მიმართებაში ბრაზილიური რეალის გამყარებამ გლობალურ ბაზარზე შაქრის ფასების ზრდა განაპირობა.
წყარო: https://iset-pi.ge