მედიარუბრიკებისტატიები

აგროსასურსათო სექტორი, გამოწვევები და პერსპექტივები

ართული ბაზარი სავსეა იმპორტირებული პროდუქციით. ქვეყანა ყიდულობს თითქმის ყველაფერს: ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, ხორცს და ა.შ.
2023 წელს აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტმა 2.0-მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 10.2 პროცენტით აღემატება იმ წელს საქართველოს აგრარულ სექტორში შექმნილ დამატებულ ღირებულებას. სამწუხაროდ, ამგვარი იმპორტის დინამიკა კვლავაც მზარდია. საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ვაშლის იმპორტი წლიურად 105%-ით, კიტრის – 21%-ით, ხოლო პომიდვრის 22%-ით გაიზარდა. იმპორტირებული მწვანილი თითქმის, 4-ჯერ, 248%-ით გაძვირდა. გაზრდილია მარწვის იმპორტიც. წელს თებერვალში იმპორტმა 336 080 აშშ დოლარი შეადგინა, აღნიშნულ პერიოდში, ჯამში 230 ტონა მარწყვი ვიყიდეთ. თუმცა, ეს სტატისტიკის მცირე ჩამონათვალია, პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.

ეს იმ დროს, როდესაც საქართველოს 10-12 მილიონი ადამიანის გამოკვების ბიო-პოტენციალი გააჩნია და ტროპიკული კულტურის გარდა, აქ სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა სახის პროდუქციის  წარმოებაა შესაძლებელი.

საქართველო უხვი წარმოების შესაძლებლობების ქვეყანაა. მართალია, მისი მასშტაბები შეიძლება ვერ გასწვდეს  ფართო და სრულფასოვან ექსპორტს, მაგრამ ქვეყნის შიგნით, საკუთარი მოსახლეობის სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქციით  – ბოსტნეულით, ხილით, კვერცხით, ხორცით, თევზით უზრუნველყოფა არ უნდა გაუჭირდეს.

სოფლის მეურნეობის ძირითად პრობლემებია:

  • დიზელის ტიპის საწვავი სიძვირე;
  • პრობლემები სოფლის მეურნეობისთვის ელ. ენერგიის და გაზის მიწოდებაში;
  • ტექნიკისა და ტექნიკური მომსახურების დაბალი დონე;
  • ირიგაციული მომსახურებისათვის საჭირო ქსელის ნაკლებობა და დაბალი პოტენციალი;
  • მინერალური სასუქების დეფიციტი.

ამასთან,  არა მარტო დიზელის საწვავის, არამედ ყველა სხვა კომპონენტის ძირითადი პრობლემა ზედმეტად მაღალი ფასებია.

სოფლის მნიშვნელობა

სოფელი სტატუსის გარეშე  ვერ განვითარდება. ის მოკვდება და გაქრება. დღეს ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა. ის, როგორც ტერიოტიული ერთეული, არ არსებობს, ამიტომ ეს უნდა აღვუდგინოთ სოფელს და  მის ტერიტორიულ ფარგლებში არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური ყველა საკუთრება უნდა გადაეცეს სოფელს მუდმივ მფლობელობაში და სარგებლობაში უსასყიდლოდ. შემდეგ თვითონ თემი გადაწყვეტს, რას უზამს არ რესურსს – მიწას, წყალს, ტყეს და ა.შ. ამ გზით მდგომარეობა სოფლად საიმედო და სტაბილური გახდება, ხალხი დამშვიდდება, გაფულიანდება, აღარ გაიქცევა სოფლიდან – ქალაქში, ან კიდევ უფრო შორს – უცხოეთში.

სოფლის განვითარება ნიშნავს იმას, რომ სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-კულტურული სტატუსი მიახლოებით გაუთანაბრდეს ქალაქის მოსახლის სტატუსს. სოფლებში მცხოვრებლებს, მათ შვილებს, ოჯახის წევრებს სჭირდებათ ინფორმაცია, გზა, ტრანსპორტი, გართობა, სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო მომსახურება, დაზღვევა, თანამედროვე სერვისებით უზრუნველყოფა, რაც პრაქტიკულად ქრება და ამის გამოც იცლება სოფელი –   ამჟამად მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლები სოფლად დაახლოებით 1/6-ით ჩამორჩება ანალოგიურ ქალაქის მაჩვენებელს.

სოფლის მეურნეობაში მთელს საქართველოში 240 ათასი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ რთული ვერტიკალური-ზონალურობის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის მოთხოვნილება შრომით რესურსებზე კი დაახლოებით 300 ათასი ადამიანია.

ამიტომაც არის, რომ ის, რაც 30 წლის წინ გვქონდა, დღეს აღარ გვაქვს. როდის იყო, რომ ჩვენ კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა? მთავრობამ უნდა გაითავსოს ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შემოგვაქვს საჭირო სურსათის 70%-ზე მეტი და თუ სურს, რომ უახლოეს 5 წელიწადში ჰქონდეს გაწონასწორებული სავაჭრო ბალანსი, მთელი ვალუტა უნდა მიმართოს ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის. – ამჟამად კი აგროსასურსათო საქონლის უარყოფითი სალდოს გამო ყოველწლიურად 0.5 მილიარდ დოლარზე მეტი გაედინება საქართველოდან.

რეალიზაცია

მიუხედავად მაღალი იმპორტდამოკიდებულებისა, აგროსასურსათო პროდუქციის წარმომადგენლები სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან წარმოებული პროდუქციის  რეალიზაციში, მათ შორის  ხორბლისა და ქერის რეალიზაციაში.

ამიტომ, საჭიროა თანამედროვე რეალობის ცეკავშირის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც პროდუქციას შეიძენს და მის რეალიზაციას მოახდენს.

ყველაფერს შეელევა ადამიანი, მაგრამ ვერ შეელევა სურსათის ნაკლებობას, ამიტომ არის, რომ ეს სფერო მთელს მსოფლიოში რეგულირებადია. დოჰას რაუნდი, რომელიც 2000 წელს დაიწყო, დღემდე დაუმთავრებელია იმის გამოცაა, რომ ვერ თანხმდებიან სოფლის მეურნეობის სუბსიდირებისა და მისი მხარდაჭერის შემცირებაზე.

სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვართ დღეს იმპორტმაღალდამოკიდებული, არ გვაქვს ადგილობრივი წარმოების ხორბალი და შესაბამისად, პური, ბურღულეული, თხილი, კარაქი, ზეთი, რძე. იმ დროს, როდესაც თავისუფლად შეგვიძლია ვაწარმოოთ 1,1 მლნ ლიტრი რძე, მისი ფაქტობრივი წარმოება პოტენციურის მხოლოდ ნახევარზე ოდნავ მეტია (2023 წ. – 53%).

საძოვრები

 საძოვრებს ის მნიშვნელობა აქვს, რომ ის ძირითადად ჩვენს სასაზღვრო ზოლშია განლაგებული და ამ ადგილებში მეცხოველეობის განვითარება მოსახლეობის დამაგრებისა და თავდაცვის მთავარი საფუძველია, რადგან ამ ზონაში პირუტყვი მესაზღვრის როლს ასრულებს, ხოლო მთაში მცხოვრები კაცი მესაზღვრე და ქვეყნის ერთგვარი დამცველია. მაგრამ ამის მნიშვნელობა დღეს ბევრს არ ესმის. ასევე არ ესმით, რა მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობის განვითარებას – განსაკუთრებით მთაში, ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს მეძუძური დედების კვებაში, ბავშვთა კვებაში – ისინი ხორცს ფაქტობრივად, იშვიათად ჭამენ. მათი ძირითადი რაციონი ლობიო, კარტოფილი, ჩაი და პურია. აღნიშნული ვითარება ნეგატიურად აისახება  ბავშვთა ჯანმრთელობასა და გონებრივ განვითარებაზე.

საუკუნეების განმავლობაში მთას სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრებოდა:

  • თავდაცვითი;
  • აგრარული;
  • კულტურულ-ფასეულობათა გადანახვის ფუნქცია.

პირველი და მესამე ფუნქცია მალევე მოიშალა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და რუსული იმპერიის ნაწილი გახდა; დარჩა მხოლოდ მეორე – აგრარული ფუნქცია, თუმცა მეოცე საუკუნის 50-იანი წლების მერე ესეც დაიკარგა, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება მთის მოსახლეობის ბარში ჩამოსახლებისა და ამ დროისათვის პრიორიტეტად მიჩნეული ინდუსტრიის – მრეწველობის, მეტალურგიის, მანქანათმშენებლობისათვის საჭირო სამუშაო ძალით უზრუნველყოფისათვის.

მთაში მცხოვრებ კაცს დაკარგული ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს. დღეს ეს სიმდიდრეები მოშიშვლებულია და ამ სიმდიდრეებით ჩრდილო-კავკასიელები სარგებლობენ. მთაში მცხოვრები ადამიანისათვის ეკონომიკური და სოციალური ფუნქციის დაბრუნება  მოგვიტანდა უამრავ სარგებელს – ჯანსაღ ხორცს, რძეს, ტყავს, მატყლს, პოზიტიურად იმოქმედებდა არა მარტო სასურსათო, არამედ ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

       შიმშილს და სიღარიბეს ყოველთვის სურსათის ნაკლებობა არ იწვევს, მას იწვევს დემოკრატიის ნაკლებობა, განათლების ხელმიუწვდომლობა, სოციალური და საწარმო ინფრასტრუქტურის ხელმიუწვდომლობა.

მთელი მსოფლიო სანთელივით უფრთხილდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს. ჩვენთან პირიქით, გასხვისება ხდება. ახლა საძოვრების გადაყვანა უნდათ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში რაც კატასტროფიულ შედეგებს გამოიწვევს. და აეს არის კატასტროფა.  ეს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო დასახლებების შიდა სივრცეებში საძოვრის სტატუსი აქვს მიწის იმ მცირემასშტაბიან ფართობებს, რომელთა გამოყენება არასასოფლო დანიშნულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურული ხასიათის პროექტების რეალიზაციისა და ნაგებობებისა მშენებლობისათვის, გაცილებით მეტი ეფექტის მომტანი იქნებოდა სოფლის მცხოვრებთა ცხოვრების დონისა და კეთილდღეობის ამაღლებისათვის.

როდესაც ამ დარგში პრობლემები მოგვარდება, ფერმერი აწარმოებს იმ პროდუქტებს, რაც ხალხს სჭირდება და ეს დარეგულირდება, მას გაეზრდება შემოსავალი, გაეზრდება ხარისხიანი ზოგადი და პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა, მკვეთრად შეუმცირდება თავისი საცხოვრისის, სოფლის დატოვების ეკონომიკური მოტივები, რაც პოზიტიურად იმოქმედებს არა მარტო მათ მატერიალურ მდგომარეობაზე, არამედ აგრეთვე მაკროეკონომიკურ და დემოგრაფიულ ვითარებაზე.

საქართველოს ამჟამინდელ ბუნებრივ-ეკოლოგიურ და სამეწარმეო პოტენციალს ნამდვილად შეუძლია მოსახლეობის სურსათით   (ბოსტნეულით, ხილით, კვერცხით, თევზით) უზრუნველყოფის პრობლემის გადაწყვეტა.  ქვეყანას შეუძლია აწარმოოს  45 ათასი ტონა საქონლის ხორცი,  40 ათასი ტონა ქათმის ხორცი, 8 ათასი ცხვრის ხორცი ანუ ის რაოდენობა, რაც საქართველოს მოთხოვნილების მაქსიმალურად შესატყვისი  რაოდენობა.  ასევე, შესაძლებელია 400 ათასი ტონა ხორბლის, აგრეთვე ქერის, შვრიის,  360 ათასი ტონა ჭვავის, დაახლოებით 900 ათასი ტონა სიმინდის და ა.შ. წარმოება.

საქართველო ძალიან მრავალდარგოვანი მხარეა სოფლის მეურნეობისთვის და ასეთ შესაძლებლობებზე ოცნებობენ ქვეყნები. საქართველოში უამრავი წყალია – როგორც მტკნარი, ასევე მინერალური,   ჯანსაღი ჰაერია, არაჩვეულებრივი ნიადაგი, მაგრამ სოფლის მეურნეობის პოტენციალის სრულად გამოყენებისა და ეფექტიანი განვითარებისათვის სერიოზულ დამაბრკოლებელ პრობლემად რჩება  ოპტიმალურისაგან საკმაოდ დაშორებული ფასთა პარიტეტი, ერთი მხრივ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასებსა და მეორე მხრივ, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიული შრომის ნაირსახეობად გადაქცევისათვის საჭირო სამრეწველო პროდუქციის, მანქანა იარაღების ფასებს შორის.

როგორია მშპში სოფლის მეურნეობის წილი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა. „საპატიო“ პირველ ადგილს კი სომხეთი იკავებს.

ზოგადად, სოფლის მეურნეობის დარგი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ქვეყნების დიდ ნაწილში მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში ყოველწლიურად მცირდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 11%-დან 6,9%-მდე შემცირდა. კლების ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია 2020-2023 წლებში, როდესაც აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2.6 პროცენტული პუნქტით დაიკლო.

საქართველოს მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილის შემცირების მიზეზი არათუ კონკრეტულად ამ ეკონომიკური საქმიანობის გაუარესება, არამედ მისი როლის შესუსტება იყო სხვა საქმიანობათა შორის. 2020-2023 წლებში მიმდინარე ფასებში გამოხატული მშპ დაახლოებით 30 მილიარდით გაიზარდა, მაგრამ ეს ძირითადად მოხერხდა საბითუმო და საცალო ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და კომუნიკაცების კატეგორიების ხარჯზე.

შედარებისთვის, მსოფლიოში საშუალო მაჩვენებელი 164 ქვეყნის მიხედვით 10,04 პროცენტია. მშპ-ში სოფლის მეურნეობის ყველაზე მაღალი წილი ევროპაში ამ კუთხით ალბანეთს აქვს (18.6%), შემდეგ – მოლდოვას (8.3%) და უკრაინას (8.2%). .

ჩვენს რეგიონში 8.4%-იანი სოფლის მეურნეობის წილით სომხეთი ლიდერობს, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აზერბაიჯანს აქვს – 2,9%. მიუხედავად მაღალი დონისა,  ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა შემცირებული სომხეთშიც, მაგალითად, 2013 წლისთვის სოფლის მეურნეობის წილი ამ ქვეყანის მშპ-ში 18%-საც კი აღემატებოდა.

2023 წელს თურქეთის მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 6,28%-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 0,2%-ით ნაკლებია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს დაფიქსირდა, მაშინ თურქეთის მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 7,69%-ს შეადგენდა.

Statista-ს მონაცემებით,  2023 წელს სოფლის მეურნეობის წილი რუსეთის მშპ-ში 3.9% იყო. აღსანიშნავია, რომ უახლოეს ათწლიან პერიოდში პროცენტულად მისი წილი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა (2012-2022 წლებში 1%-ით გაიზარდა). ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2020 წელს იყო – 4.01%.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 2023 წელს 5,5%-ს შეადგენდა.

საქართველოში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2023 წელს 6,9% შეადგინა. ზოგადად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა მცირემიწიანობა/მიწის ფრაგმენტაცია, რომელიც მსხვილი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების და მასშტაბის ეფექტით სარგებლობის შესაძლებლობას საგრძნობლად ზღუდავს. აქვე უნდა ვახსენოთ შრომის პროდუქტიულობის დაბალი დონე, სამეურნეო ტექნიკაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა, ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობის შემცირება (უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში – 76 ათასი ჰექტარით), დაბალი შრომის მწარმოებლურობა (ერთ დასაქმებულზე წარმოებული დამატებული ღირებულება), სოფლად ეკონომიკის დივერსიფიკაციის და კონკურენტუნარიანობის დაბალი დონე, ნაკლებად განვითარებული სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, რომელიც ზღუდავს მიწოდების ლოჯისტიკას და ა.შ

ისეთი იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ზემოთხსენებული პრობლემების გადაწყვეტა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 2023 წლისთვის საქართველოს უარყოფით საგარეო ვაჭრობის სალდო (საქონლით) – 9.480 მლრდ აშშ დოლარი გახლდათ, რომლის 1/5-ზე მეტი (21.3%) აგროსასურსათო პროდუქციის უარყოფით სალდოზე მოდიოდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია (2021–2027 წწ.) კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების შექმნას გულისხმობს.  ბიზნეს სექტორში პროდუქციის გამოშვების პოტენციალი იძლევა შესაძლებლობას მნიშვნელოვნად იქნას გადაჭარბებული ერთ მილიარდიანი ლარის მიჯნა,  ხოლო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში ის საშუალოდ ყოველწლიურად 150-180 მლნ. აშშ დოლარით იზრდებოდა, 2027 წლისთვის საგრძნობლად გადააჭარბოს 2 მილიარდ აშშ დოლარს.  მეორე მიზანი ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია გახლავთ. მესამე კი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტური სისტემებია.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება ყოველწლიურად იზრდება, წარმოებული პროდუქციის რაოდენობით ის ჯერ მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. მაგალითად, აგრარულ სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულებით ქვეყნის მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით საქართველოს მაჩვენებელი აშშ-ის მხოლოდ 11.5 პროცენტია.

პაატა კოღუაშვილი, ეკონომიკის მეცნიერების დოქტორი,

გივი თალაკვაძე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერების დოქტორი