აგროსიახლეები

ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი

ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი, როლის ერთ-ერთი მხარდამჭერი ღვინის ეროვნული სააგენტოა, ასოციაციის „ღვინო ბოლნისი“ ინიციატივით უკვე მეორედ იმართება და მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 50-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს.
აღნიშნული ფესტივალი  საქართველოში ერთადერთია, რომელშიც მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების მწარმოებლები მონაწილეობენ.

447235897 756908056614513 2208696393779101306 N

ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ფესტივალს სპეციალურად მოწვეული სომელიეები,  ღვინის ექსპერტები და ჰორეკას სექტორის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

დღეისათვის, საქართველოში  29 ადგილწარმოშობის ღვინოა რეგისტრირებული, რაც ქართული ვაზის ჯიშებისა და ღვინოების მრავალფეროვნებასა და უნიკალურობაზე მიუთითებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ წარმატება უსურვა ფესტივალს და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ნომერ პირველი ამოცანაა, ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და ალტერნატიული ბაზრების მოძიება. ამ მიზნის მისაღწევად, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ფესტივალები, რომლებიც ხელს უწყობს ღვინის პოპულარიზაციას. ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ფესტივალი განსხვავდება სხვა ფესტივალებისგან იმ თვალსაზრისით, რომ ის მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს მასპინძლობს, თუმცა, პოპულარიზაციას უწევს როგორც ზოგადად ქართულ ღვინოს, ისე, რა თქმა უნდა, ადგილწარმოშობის ღვინოებს. იმედი მაქვს, რომ ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება. სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო, თავის მხრივ, გააგრძელებს ფესტივალის მხარდაჭერას, აღნიშნა ბოლოს მინისტრის მოადგილემ.

447051208 756906826614636 4650661492984694185 N

ფესტივალს ასევ დაესწრნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი ლევან უჯმაჯურიძე.

ფესტივალის ფარგლებში ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტებით ჩატარდა ადგილწარმოშობის ღვინოების კონკურსი. საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურის წევრებმა ოქროსა და ვერცხლის მფლობელი ღვინოები გამოავლინეს. კონკურსის ჟიურის „საქართველოს საუკეთესო სომელიე 2021-ის“ გამარჯვებული ჯაბა ძიმისტარაშვილი ხელმძღვანელობდა; ჟიურის შემადგენლობაში იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

კონკურსზე წარდგენილი 51 კომპანიის 88 ნიმუშიდან 10-მა ოქროს, ხოლო 38-მა ვერცხლის მედალი მიიღო. გამარჯვებული ღვინოები ფესტივალზე საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალის წარმდგენია კომპანია „არემჯი“, მხარდამჭერები – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და ბოლნისის აგროცენტრი, ხოლო პარტნიორი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ იყო.