საქართველო აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის მე-10 რეგიონულ დიალოგს მასპინძლობს
ბიომრავალფეროვნების დაცვაზე, კონსერვაციისთვის რესურსების მობილიზებაზე და ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიების განვითარებაზე 17 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელმა და ბიომრავალფეროვნების 70-მდე ექსპერტმა, აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის მე-10 რეგიონულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
საიუბილეო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის ბიომრავალფეროვნების ფინანსირების პორტფელის ხელმძღვანელმა ონნო ვან დენ ჰეუფელმა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ გახსნეს.
მინისტრის მოადგილემ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე და ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოში ასეთი მასშტაბური ღონისძიების გამართვა ჩვენი ქვეყნის კონვენციებში აქტიური ჩართულობის და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების კარგვა უდიდესი გამოწვევაა. ამ დიალოგის მიზანია, ერთად გამოვნახოთ ბიომრავალფეროვნების დაცვის და დაფინასების გზები; გავუზიაროთ ერთმანეთს ტყეების აღდგენის, კონსერვაციის, ვენის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების და ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტის გამოყენების გამოცდილება”, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
ბიომრავალფეროვნების ფინანსურ ინიციატივას (BIOFIN) გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2012 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანიც ბიომრავალფეროვნების ფინანსებში არსებული დეფიციტის აღმოფხვრა და რესურსების ეფექტიანი მობილიზებაა. ინიციატივას 41 ქვეყანა უჭერს მხარს, მათ შორის საქართველო, რომელიც BIOFIN-ის გლობალურ პარტნიორობას 2016 წელს შეუერთდა. გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლისგამორჩეული სურათის დაყენება მოადგილის ანნა ჩერნიშოვას განცხადებით, ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით საქართველოს მთავრობამ, ბოლო წლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
„გლობალურ დონეზე, ბიომრავალფეროვნება დიდი კრიზისის წინაშეა, ურბანიზაციის გამო, ფლორის და ფაუნის სხვადასხვა სახეობების გაქრობა მიმდინარეობს. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების გზები განვიხილოთ. ხაზგასასმელია, რომ საქართველო ბიომრავალფეროვნების კუთხით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში; ფლორის 21% ენდემურია, 100-ზე მეტი დაცული ტერიტორიაა, რაც საქართველოს მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგია”, – აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ეროვნული გეგმა 2019 წელს მიიღო, რის შემდეგაც, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტი ოთხჯერ გაიზარდა; მიმდინარეობს 17 ინოვაციური პროექტი, რომელთა მიზანი ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვისა და კონსერვაციის ხელშეწყობაა.
UNDP-BIOFIN რეგიონულ შეხვედრებს, მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად და სტრატეგიების, მექანიზმებისა და მეთოდოლოგიების დახვეწის მიზნით, ყოველწლიურად მართავს. ბიომრავალფეროვნების ფინანსურ ინიციატივას, 2024 წელს, კიდევ 91 ქვეყანა შეუერთდება.