სტეპის წითელი ჯიში
სტეპის წითელი ჯიში ჩამოყალიბდა VIII-IX საუკუნეებში უკრაინის სტეპის სამხრეთ რაიონებში შედარებით მწირი კვებისა და მკაცრ კლიმატურ პირობებში. ჯიში ჩამოყალიბდა ჰოლანდიელ-გერმანელი მენონისტების მიერ ჩამოყვანილი ანგელნური ჯიშის, ნაცარა უკრაინულ და ველიკორუსული ძროხასთან შეჯვარებით და მიღებული ნაჯვარების „თავისში“ მოშენებით. მას ჯერ კოლონისტურ ძროხას, მოგვიანებით გერმანულ წითელს, 1941 წლიდან კი სტეპის წითელ ჯიშს უწოდებენ; სანაშენე წიგნი დაარსდა და პირველი ტომი გამოიცა 1923 წელს.
ჯიშის მთავარი ღირსებაა სხვადასხვა კლიმატური პირობებისადმი შეგუების კარგი უნარი და ამტანობა, ხოლო ნაკლად ითვლება სხვა კულტურულ ჯიშებთან შედარებით ნაკლები ცოცხალი მასა და რძის დაბალი ცხიმიანობა.
ჯიშის ძირითადი ფერი არის წითელი, სხვადასხვა ელფერით. ცალკეულ ინდივიდებს სასინჯთან და ცურზე აქვთ თეთრი ნიშნები. ექსტერიერით მკვეთრად გამოხატული მერძეული ტიპისაა: თავი საშუალო ზომის, ოდნავ წაგრძელებული, კისერი წვრილი და შესამჩნევად დანაოჭებული კანით, სხეული კუთხოვანი ფორმის, მინდაო ვიწრო და მცირედ მაღალი, ზურგის ხაზი სწორი, წელის ფართო და საკმაოდ გრძელი, გულმკერდი საშუალო სიღრმის და შედარებით ვიწრო, ღაბაბი სუსტად განვითარებული, უკანალი შედარებით მოკლე და დაქანებული, ცალკეულ შემთხვევებში წაწვეტებული ან/და სახურავისებრი, კიდურები სწორი და ღონიერი, ჩლიქები მაგარი. ფურებს ცური საშუალო ან დიდი ზომის და ჯირკვლოვანი, უმეტესად აბაზანისებრი ან მომრგვალებული აქვთ.
ზრდასრული ფურების ცოცხალი მასა 450-520 კგ-ს, კურო მწარმოებლების 650-800 კგ-ს, ხოლო ახალშობილი ხბოს 25-30 კგ-ს შეადგენს. ფურების სიმაღლე მინდაოში 128-130 სმ, ხოლო კუროების 138-141 სმ-ა.
სარძეო პროდუქტიულობის მიხედვით ჯიშის სტანდარტი I, II და II და მეტ ლაქტაციაზე, შესაბამისად 2900, 3300 და 3700 კგ რძეა 3,7% ცხიმითა და 3,3% ცილით. უკრაინისა სამომშენებლოებში ამ ჯიშის ფურების წველადობა 5000 კგ რძეზე მეტია, ხოლო საშუალო დონის სასაქონლო ფერმებში 2500-3000 კგ-ს შეადგენს. რეკორდული მონაწველი 13012 კგ რძეა 3,86% ცხიმით (რძის ცხიმის საერთო რაოდენობა 502,8 კგ).
სტეპის წითელი ჯიში საქართველოში შემოყავდათ XX საუკუნის 50- იანი წლებიდან. ის კარგად შეეგუა ადგილობრივ პირობებს და სწრაფად გავრცელდა.1990 წლის აღწერის მონაცემებით, ჩვენში, ეს ჯიში სულადობით ჩამოუვარდებოდა მხოლოდ კავკასიურ წაბლას.