აგროსიახლეები

სასწავლო კურსის „სატყეო სკოლა”

სასწავლო კურსის „სატყეო სკოლის” მიზანია ტყესთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მისცეს სიღრმისეული ცოდნა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტების გათვალისწინებით და ხელი შეუწყოს დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.
IX-XII კლასის მოსწავლეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, ტყის ტიპები, ტყის შემქმნელი ძირითადი მერქნიანი სახეობები, მერქნული და არამერქნული რესურსები, მავნებლები, ტყის მდგრადი მართვის პრინციპები,  ტყის ბიომრავალფეროვნება, კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ტყეზე, ბუნებრივი საფრთხეები, ტყის ხანძრები, ენერგოეფექტურობა, ალტერნატიული საწვავი, როგორც ტყეზე ზეწოლის შემცირების შესაძლებლობა, დაცული ტერიტორიები, ეკოტურიზმი, ტყეზე მონიტორინგისა და კანონის აღსრულების მექანიზმები, მეტყევის პროფესია და სატყეო განათლება.

სასწავლო კურსი ორი თვე გაგრძელდება. ონლაინ სემინარების შემდეგ, ახალგაზრდები საველე პრაქტიკას გაივლიან, სადაც ტყის ინვენტარიზაციის ტექნიკურ პროცესებს გაეცნობიან, შეისწავლიან მეთოდოლოგიას, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის მასშტაბით ტყის ეროვნული აღრიცხვა ხდება.

ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ.

კურსი შემუშავებულია პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ ფარგლებში,  კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) თანადაფინანსებით.

პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.