მაყვლის ამართულღეროიანი და ლიანისებრი ჯიშების გასხვლა
მაყვალი ხასიათდება მრავალი ამონაყრის განვითარების გაძლიერებული უნარით, რაც დედამცენარეს ართმევს საკვებ ნივთიერებებს და ჩრდილავს. მაყვლის გასხვლა დამყარებულია ამ მცენარის 2-წლიანი განვითარების ბიოლოგიური ციკლის გამოყენებაზე. მაყვლის გასხვლა-ფორმირება დამოკიდებულია ასევე მაყვლის ტიპზე.
არჩევენ ამართულღეროიან და ლიანისებურ მაყვლის ჯიშებს. გასათვალისწინებელია, რომ მაყვლისთვის აუცილებელია 3-4მავთულიანი საყრდენი სისტემის მოწყობა.
ამართულღეროიანი მაყვლის ჯიშების გასხვლა
I წელი – დარგვისას მაყვლის ნერგი გადაიჭრება 20-25 სმ-ის სიმაღლეზე. როდესაც მიმდინარე წლის ნაზარდი მიაღწევს 1.0-1.2 მეტრს, ამოკლებენ მწვანე სხვლის გამოყენებით ადრე ზაფხულში. ერთწლიანი ტოტი იწყებს მეორადი ტოტების განვითარებას და მომდევნო წლისთვის საყვავილე კვირტების ჩასახვას. თუ მიმდინარე წლის ნაზარდი სუსტია და არ იძლევა საშუალებას მივიღოთ მომავალი წლისთვის საკმარისი ტოტები, მაშინ მეორე წლისთვის დატოვებენ ერთ ყლორტს და გადაჭრიან 20-25 სმ-ზე, შემდეგ გამეორდება ფორმირების ამ მუხლში აღწერილი ღონისძიებები.
II წელი – ადრე გაზაფხულზე გასული წლის ტოტებიდან შეირჩევა და დარჩება 3-5 ყველაზე ძლიერი ტოტი. ხარისხიანი ნაყოფის მისაღებად მას ამოკლებენ 20-25 სმ-ით. მოსავლის მიღება ამ წელს ხდება სწორედ ამ ტოტებზე. მიმდინარე წლის ნაზარდებიდან შეარჩევენ 3-5 ტოტს, რომლებსაც (1.0-1.2 მეტრის მიღწევისას) ამოკლებენ მწვანე სხვლის გამოყენებით. სხვა ამონაყრებს აცილებენ მცენარეს.
III წელი – მოსავლის მომცემი ყველა 2-წლიანი ტოტი ამოიჭრება მიწასთან, წინა წლის დარჩენილ 3-5 ტოტს ამოკლებენ 20-25 სმ-ით. თუ ეს ტოტები ღონიერია, მათი დამოკლება ხდება მხოლოდ 10-15 სმ-ით. მიმდინარე წლის ნაზარდს, ისევე როგორც წინა წელს, როდესაც მიაღწევს 1.0-1.2 მეტრს, ამოკლებენ მწვანე სხვლის გამოყენებით. სხვა ამონაყრებს აცილებენ მცენარეს.
IV და შემდეგი წლები – იმეორებს წინა ორ წელს გამოყენებული გასხვლის ციკლს.
ლიანისებრი მაყვლის ჯიშების გასხვლა
I წელი – დარგვისას მაყვლის ნერგი გადაიჭრება 25-30 სმ-ის სიმაღლეზე.
ზაფხულში ახალი ყლორტებიდან შეარჩევენ 6-8-ს და ახდენენ მის დამაგრებას საყრდენ სისტემაზე:
ამ შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ფორმირების ორი მეთოდი:
ა) ორმხარიანი კორდონი – 3-4 ტოტი გადაიწევა და დამაგრდება ერთ მხარეს, დარჩენილი ტოტები გადაიწევა და დამაგრდება მეორე მხარეს. დამაგრება მოხდება პირველ მავთულზე.
ბ) ცალმხარიანი კორდონი – ყველა ტოტი გადაიწევა და დამაგრდება მხოლოდ ერთ მხარეს: პროპორციულად 2-3 ტოტი პირველ, 2-3 ტოტი მეორე მავთულზე, 2-3 ტოტი მესამე მავთულზე.
თუ ამ წლის ნაზარდი სუსტია და არ იძლევა საშუალებას მივიღოთ მომავალი წლისთვის საკმარისი ტოტები, მაშინ მეორე წლისთვის დატოვებენ ერთ ყლორტს და გადაჭრიან 20-25 სმ-ზე, შემდეგ გამეორდება ფორმირების ამ მუხლში აღწერილი ღონისძიებები.
II წელი – ადრე გაზაფხულზე:
(ა) ორმხარიანი კორდონის ტიპით ფორმირებისას – პირველ მავთულზე დამაგრებული ტოტები აიხსნება და აიწევა ზედა მავთულებზე პროპორციულად. სასურველია თითოეულ მავთულზე მხოლოდ ერთი ტოტი – სუსტი ტოტები ამოიჭრება მიწასთან, მეორადი ტოტები კი გამეჩხერდება.
(ბ) ცალმხარიანი კორდონი – სუსტი ტოტები ამოიჭრება, მეორადი ტოტები გამეჩხერდება.
ზაფხულში:
(ა) ორმხარიანი კორდონი – ახალი ტოტებიდან აირჩევა 3-4 ტოტი, გადაიწევა და დამაგრდება ერთ მხარეს, 3-4 ტოტი გადაიწევა და დამაგრდება მეორე მხარეს. სხვა ამონაყრები ამოიჭრება მიწასთან. დამაგრება მოხდება პირველ მავთულზე.
ბ) ცალმხარიანი კორდონი – ყველა ტოტი გადაიწევა და დამაგრდება წინა წლის სანაყოფე ტოტების საპირისპირო მხარეს, იგივე წესის დაცვით – 2-3 ტოტი პირველ, 2-3 ტოტი მეორე, 2-3 ტოტი მესამე მავთულზე.
III წელი – ადრე გაზაფხულზე:
(ა) ორმხარიანი კორდონის ტიპით ფორმირებისას – წინა წელს მსხმოიარე ტოტები ამოიჭრება მიწასთან. პირველ მავთულზე დამაგრებული ერთწლიანი ტოტები აიხსნება და აიწევა ზედა მავთულებზე პროპორციულად, მეორადი ტოტები გამეჩხერდება.
(ბ) ცალმხარიანი კორდონი – სუსტი ტოტები ამოიჭრება, მეორადი ტოტები გამეჩხერდება.
ზაფხულში:
(ა) ორმხარიანი კორდონი – ახალი ტოტები ისევ დამაგრდება პირველ მავთულზე ორივე მხარეს. სხვა ამონაყრები ამოიჭრება მიწასთან.
ბ) ცალმხარიანი კორდონი – ყველა ახალი ტოტი გადაიწევა და დამაგრდება სანაყოფე ტოტების საპირისპირო მხარეს, იგივე წესის დაცვით – 2-3 ტოტი პირველ, 2-3 ტოტი მეორე, 2-3 ტოტი მესამე მავთულზე.
IV და შემდეგი წლები – დაცულია წინა წლებში გამოყენებული გასხვლის წესი.
კუკური ძერია ს/მ მეცნიერების დოქტორი,
ზვიად ბობოქაშვილი, ს/მ მეცნიერების დოქოტორი