დარგებივეტერინარიამეცხოველეობა

ხბოს ვაქცინაციის პროგრამა

ვაქცინა ბიოლოგიური პრეპარატია, რომელიც უზრუნველყოფს აქტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას კონკრეტული ინფექციური დაავადების წინააღმდეგ.
როგორც წესი, ვაქცინა შეიცავს აგენტს, რომელიც დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმს წააგავს და ხშირად, დამზადებულია მიკრობის, მისი ტოქსინების, ან მისი ზედაპირის რომელიმე ცილის ინაქტივირებული ან დასუსტებული ფორმებისგან. აგენტი ორგანიზმის იმუნურ სისტემას ასტიმულირებს, რათა ეს აგენტი საფრთხედ აღიქვას, გაანადგუროს და შემდეგში ამოიცნოს და გაანადგუროს ამ აგენტთან დაკავშირებული ნებისმიერი მიკროორგანიზმი.

ვაქცინაციის შედეგად მიღებულ ჯოგურ იმუნიტეტს შეუძლა აღმოფხვრას ცხოველთა რიგი ინფექციური დაავადებები. ვაქცინაცია ყველა ნახირის ჯანმრთელობის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეფექტური ვაქცინაციის პროტოკოლი შეიძლება შემუშავდეს ფერმის მართვის მიდგომების  შესაფერისად. ერთი უნივერსალური ვაქცინაციის პროგრამა არ არსებობს რადგან სწორი ვაქცინაციის პროგრამის შედგენა დამოკიდებულია ქვეყნის მაშტაბით და ფერმის ეპიზოოტიურ სიტუაციაზე. ამრიგად არსებობს ხბოს ვაქცინაციის სხვადასხვა პროგრამები.

ხბოს ზოგიერთ დაავადებებზე პრევენციის მიზნით და ხბოების კოლოსტრალური იმუნიტეტის ამაღლებისთვის ვაქცინაცია უტარდებათ მაკე ფურებს, კერძოდ როტავირუსის, კორონავირუსის და ეშერიხია კოლის საწინააღმდეგო, რაც უზრუნველყოფს ანტისხეულების გადაცემას ძროხიდან ხბოზე ხსენის მეშვეობით. პასიური იმუნიტეტი იცავს ხბოს დაბადებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში. კოლოსტრალური ანტისხეულები ქრება მაქსიმუმ სიცოცხლის პირველ 2-3 თვეში.

ბაქტერიების საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა უნდა დაიწყოს ხბოებში ორი კვირის ასაკიდან, აღნიშნულზე ადრეული ვაქცინაცია არ იძლევა სასურველ ეფექტს, ხოლო დაგვიანებული ვაქცინაცია ვერ იძლევა საიმედო იმუნიტეტის ხბოს გამოზრდის ყველაზე კრიტიკულ ასაკში 1.5-2 თვე.

ვაქცინაციის დროს დაშვებული, შემდეგი შეცდომები იწვევს არასასურველ შედეგს:

✔ ვაქცინის შენახვის და გამოყენების პირობების დარღვევა;

✔ ვაქცინაციის ჩატარება წინასწარი დეჰელმინთიზაციის გარეშე;

✔ დაავადებული, სუსტი, დასტრესილი ან აგზნებული ცხოველის აცრა;

✔ აცრის ჩატარება ადრეულ ასაკში;

✔ ცხოველის ვაქცინაცია გარემოში ძალიან მაღალი ან დაბალი ტემპერატურის

დროს;

✔ ვაქცინის შეყვანის გზების დარღვევა;

✔ ვაქცინაციებს შორის ინტერვალის დაუცველობა.

სახელმძღვანელოს ავტორების მიერ შემოთავაზებულია საქართველოს პირობებში ხბოების ვაქცინაციის სქემა.

დღე ვაქცინა ვაქცინაციის სახე
10 ინფექციური რინოტრაქეიტი; პარაგრიპი-3; რესპირატორულ-სინციტიალური ინფექცია პირველადი
35 კლოსტრიდიოზი და პასტერელოზი პირველადი
40 ტრიქოფიტია (მკრეჭავი მუნი) პირველადი
55 ტრიქოფიტია (მკრეჭავი მუნი) რევაქცინაცია
85 კლოსტრიდიოზი და პასტერელოზი რევაქცინაცია
90 ციმბირული წყლული (ჯილეხი) პირველადი
100 თურქული პირველადი
120 ბრუცელოზი RB-51 პირველადი
120 ინფექციური რინოტრაქეიტი; პარა-გრიპი 3; რესპირატორულ-სინციტიალური ინფექცია; ვირუსული დიარეა; ლეპტოსპიროზი პირველადი
140 ინფექციური რინოტრაქეიტი; პარა-გრიპი 3; რესპირატორულ-სინციტიალური ინფექცია; ვირუსული დიარეა; ლეპტოსპიროზი რევაქცინაცია
180 თურქული რევაქცინაცია
270 ციმბირული წყლული (ჯილეხი) რევაქცინაცია
370 ინფექციური რინოტრაქეიტი; პარა-გრიპი 3; რესპირატორულ-სინციტიალური ინფექცია; ვირუსული დიარეა; ლეპტოსპიროზი რევაქცინაცია

ცხრილი  – მოზარდი მსხვილფეხა საქონლის ვაქცინაციის სქემა

ანტიმიკრობული რეზისტენტობა ხბოებში

ანტიმიკრობული რეზისტენტობა წარმოადგენს მიკროორგანიზმის მდგრადობას იმ ანტიმიკრობული პრეპარატის მიმართ, რომელიც თავდაპირველად ეფექტური იყო აღნიშნული მიკროორგანიზმის მიერ გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ.

რეზისტენტულ მიკროორგანიზმებს (ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები, უმარტივესები) შეუძლიათ გაუძლონ ისეთი ანტიმიკრობული საშუალებებს მოქმედებას, როგორებიცაა ანტიბიოტიკები, ფუნგიციდური, ანტივირუსული და სხვა პრეპარატები, ამგვარად ხშირ შემთხვევებში სტანდარტული მკურნალობა არაეფექტური ხდება. მეცხოველეობის სექტორში ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესამცირებლად უნდა შემუშავდეს შემდეგ ძირითად ასპექტებს:

✔ არარაციონალურად ანტიბიოტიკების გამოყენების შეზღუდვა;

✔ ზოგიერთი ანტიბიოტიკის გამოყენების აკრძალვა;

✔ აკრძალვა იმ ანტიბიოტიკების, რომელთა გამოყენება შესაძლოა მოხდეს

ცხოველთა საკვებში როგორც ზრდის სტიმულატორი;

✔ ანტიბიოტიკების გამოყენება მხოლოდ თერაპიული მიზნით;

✔ ვეტერინარებსა და ფერმერებს შორის ინფორმირებულობის ამაღლება

ანტიბიოტიკების გამოყენების შესახებ.

 

მიხეილ ჭიჭაყუა – ექიმი ვეტერინარი, ბიოლოგიის დოქტორი;

ნიკოლოზ ზაზაშვილი -ვეტერინარიის დოქტორი;

დავით ბოსტაშვილი – ექიმი ვეტერინარი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი;

ლიანა ჭიჭაყუა – დოქტორანტი;

ლაშა  ავალიანი – USDA Food for Progress SQIL პროექტის დირექტორის მოადგილე, ექიმი ვეტერინარი (DVM), აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი (PhD);

თამარ  ჩხიკვიშვილი – USDA Food for Progress SQIL პროექტის მეცხოველეობის სპეციალისტი, ექიმი ვეტერინარი, დოქტორანტი