აგროსიახლეები

პარიზში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა „RAW Wine Paris 2025”

პარიზში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Paris 2025”, ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 მარანი:  „ანაპეა“, „შერმას საოჯახო მეღვინეობა“, „ანდრიას ღვინო“, „გაბრიელის ღვინო“, „კონდოლი“, „მალატი“, „მათიაშვილის ღვინის მარანი“, „სამთავისის მარანი“ და  „მინაძის მარანი – ფერსვი“ მონაწილეობდა.
გამოფენაზე „RAW Wine“ ქართული ქვევრის ღვინის წარდგენა მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის, მცირე და საშუალო მარნების  მიერ პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდისთვის.

„RAW Wine”  ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. 

„ძალიან მიხარია, რომ შეგვიძლია ამ საოცარი მეწარმეების წარმოჩენა. წლების განმავლობაში საქართველოს მხრიდან ხარისხის მიმართ ნამდვილი ერთგულება დავინახე. საოცარია, რომ 10-12 წლის წინ მხოლოდ რამდენიმე მეწარმე იყო ექსპორტზე ორიენტირებული, მაშინ როდესაც, ახლა ასობით მეწარმე აწარმოებს მსოფლიო კლასის ღვინოს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ განვითარების მომსწრე გავხდი და ასევე ვხედავ, როგორ უმჯობესდება ხარისხი. ვენახებში პროგრესი აშკარაა – ისინი უფრო და უფრო ორგანულ მიმართულებას ირჩევენ; ასევე დიდი პროგრესია მარნებში, სადაც ქვევრის გამოყენება ფართოვდება და აქტიურად ხდება ადგილობრივი ჯიშების და ეს უძველესი ტრადიციული მეთოდის პოპულარიზაცია. ვხედავთ, რომ ქართული ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება. მადლობა, საქართველო, ასეთი კარგი მეგობრობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ გზის ნაწილი ვარ თქვენთან ერთად“,  – აღნიშნა იზაბელ ლეგერონმა.

მიმდინარე წელს, პარიზის გამოფენაზე 15 ქვეყნის 100-მდე ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი იყო წარმოდგენილი, მათ შორის, მეღვინეობის ტრადიციებით სახელგანთქმული ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და სხვა.  ტრადიციულად, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო ღვინის პროფესიონალებისა და ვიზიტორების მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  2025 წელს, ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები „RAW Wine“-ის გამოფენებში სხვადასხვა ქვეყნაში მიიღებენ მონაწილეობას.