აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმედია ფერმერებისთვის TVრუბრიკები

ზუსტი მიწათმოქმედება – მიზნები და ამოცანები

      სოფლის მეურნეობასაქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს, მასში დასაქმებულია მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ხოლო სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი ქვეყნის ტერიტორიის მესამედს შეადგენს.
     ნიადაგი არის ბიოლოგიური რესურსი, რომელზედაც დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროდუქტიულობა. უკანასკნელ პერიოდში საქართველოში შეინიშნება ნიადაგის ნაყოფიერების და სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების შემცირება, ამ მოვლენის მთავარი მიზეზი არის ნიადაგის დეგრადაცია, მათი არასწორი გამოყენების გამო.

    საქართველოს სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი ნაკლია, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ციფრული გადაწყვეტილებების არასაკმარისი გამოყენება. ნიადაგის პროდუქტიულობის ზრდა და მიღებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, შესაძლებელია სოფლის მეურნეობაში „ზუსტი მიწათმოქმედების“ დანერგვის გზით. 

ზუსტი მიწათმოქმედება-სასოფლო სამეურნეო წარმოების თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების მართვაა. მოწინავე ფერმერები დაინტერესებული არიან მიწათმოქმედების ინოვაციური მეთოდებით, რომლებიც ითვალისწინებენ კომპიუტერული და თანამგზავრების სისტემების გამოყენებას, რომლითაც მიიღწევა წარმოების ხარჯების შემცირება და კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიღება. ზუსტი მიწათმოქმედება, არა მარტო რესურსების ეკონომიურობას, ნიადაგის ნაყოფიერების და მოსავლიანობის ზრდას განაპირობებს, არამედ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გარემოს მდგომარეობას.

 ზუსტი მიწათმოქმედების მიზნები და ამოცანები

     ზუსტი მიწათმოქმედების მიზანია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების პროდუქტიულობის მართვის კომპლექსური ღონისძიებების გატარება. მოსავლიანობის შეფასების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, დისტანციური ზონდირება და ტექნიკის მართვა. ზუსტი მიწათმოქმედება საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ, სხვადასხვა მაჩვენებლების ფიქსირება, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მცირე ზომის ნაკვეთებშიც კი, ეს ნიშნავს ნიადაგის შეფასებას და დამუშავებას არა ჰექტრობით, არამედ ცალკეული მიწის ნაკვეთებით, იმის მიხედვით თუ როგორია ამა თუ იმ მონაკვეთზე მცენარის მდგომარეობა, როგორია ნიადაგის ნაყოფიერება, უზრუნველყოფილია თუ არა ის სასუქით, ტენით და სხვ.

ზუსტი მიწათმოქმედება არ უნდა გათანაბრდეს ნიადაგის დამუშავების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან, ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენს ზუსტი მიწათმოქმედების მხოლოდ ნაწილს, რომლის მიზანია პროდუქციის თვითღირებულების შემცირება, რესურსების რაციონალური გამოყენების, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების და შრომის ეფექტურობის ზრდის ხარჯზე.

კომპიუტერული სისტემებიდან და ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებული მონაცემების გამოყენება განაპირობებენ ზუსტი მიწათმოქმედების შემადგენელი ღონისძიებების ეფექტურობას. მათ შორის: მაღალი მწარმოებლობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ეფექტური სასუქების და მაღალმოსავლიანი სელექციური ჯიშების გამოყენებას, ასევე  მცენარეთა, ნიადაგის და გარემოს დაცვის ღონისძიებების გატარებას. ფერმერს, დედამიწის ხელოვნური თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებით, შეუძლია განსაზღვროს, როგორ  ვითარდება მცენარე, შეადაროს ის გასულ წელს ამავე ნაკვეთზე არსებულ მონაცემებს და მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე განსაზღვროს გასატარებელი აგროღონისძიებები.

   ზუსტ მიწათმოქმედებაში გამოიყენება ავტომატიზებული მართვის სისტემები და ტექნიკის გადაადგილების მართვის GPS- სისტემა. ფერმერული მეურნეობის მანქანა- ტრაქტორთა პარკში, თავმოყრილია: ტრაქტორები, კომბაინები, სათესები, შემსხურებლები, ნიადაგდამამუშავებელი და სხვა სახის ტექნიკური საშუალებები, რომლებიც იმართებიან GPS-ნავიგაციის სისტემით. ასეთი აგრეგატების გამოყენება უზრუნველყოფს სამუშაოების ეფექტურ შესრულებას ნებისმიერ პირობებში. ნავიგაციის სისტემა გამორიცხავს გადაფარვას ან აცდენას ტექნოლოგიური ოპერაციის შესრულების დროს, უზრუნველყოფს თესვის და შესხურების სითანაბრეს, რითაც მიიღწევა ოპერაციის შესრულების მაღალი ხარისხი და საწვავის ხარჯის შემცირება.

ზუსტი მიწათმოქმედების დროს შესაძლებელია ნიადაგის თესვისწინა მომზადება არახელსაყრელ პირობებშიც კი. ინოვაციური ხელსაწყოების და გადამწოდების გამოყენებით შესაძლებელია ნიადაგის სინჯების მყისიერი ანალიზი, რაც მნიშვნელოვანია არაერთგვაროვან, ცვალებად პარამეტრებიან ფართობებში. ფერმერს მყისიერად ეძლევა ნიადაგის მდგომარეობის სრული სურათი (სიმკვრივე, ტენშემცველობა, სტრუქტურა და სხვ.).

ზუსტი მიწათმოქმედებაში მნიშვნელოვანია მოსავლიანობის მონიტორინგი, რომელიც შესაძლებელს ხდის შედგეს მოსავლიანობის სრული რუკა, რომელზედაც ზუსტად გამოჩნდება ყველაზე მოსავლიანი და დაბალმოსავლიანი ნაკვეთები, მიღებული შედეგების გათვალისწინებით შესაძლებელია სასუქების და ქიმიკატების შერჩევა. დიფერენცირებული თესვა მნიშვნელოვნად ამცირებს სათესლე მასალის ხარჯს.

წყლის რესურსების მართვა წარმოადგენს ზუსტი მიწათმოქმედების მნიშვნელოვან ფაქტორს. სპეციალური ტექნოლოგიების გამოყენებით სწრაფად და ეფექტურად ხდება ეროზირებული ნაკვეთების გამოვლენა და არაერთგვაროვანი რელიეფის ზეგავლენა მოსავლიანობაზე.

ზუსტი მიწათმოქმედება მოიცავს ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებს, მაგრამ მისი მთავარი მიზანია მიღებული ფაქტორების გაერთიანება და საერთო სურათის შექმნა, რომელიც საშუალებას იძლევა ჩატარდეს სწორი ანალიზი და მიღებულ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილებები. ზუსტი მიწათმოქმედების სისტემის ნორმალური მუშაობისათვის მნიშვნელოვანია, ერთიანი პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემების შენახვის საიმედოობა და მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა.

ამგვარად, ზუსტი მიწათმოქმედების გამოყენებით მიიღწევა მაღალი მოსავლიანობა და მწარმოებლობა, რესურსების შენარჩუნება, ეკონომიურობა და გარემოს ეკოლოგიური მდგრადობა.

    ზუსტი მიწათმოქმედების განხორციელება შეიძლება დავყოთ სამ ეტაპად:

  1. ინფორმაციების შეგროვება;
  2. ინფორმაციების ანალიზი;
  3. ოპერაციების შესრულება.

ზუსტი მიწათმოქმედების ტექნოლოგიები

 ზუსტ მიწათმოქმედებაში ყველაზე უფრო მოთხოვნადი ტექნოლოგიაა ადგილმდებარეობის კარტოგრაფირება, თანამედროვე და კომპიუტერული ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებული მასალების გამოყენება. სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების რობოტიზაცია და ისეთი აგრეგატების გამოყენება, რომელთაც შეუძლია მუშაობა დამოუკიდებლად, ოპერატორების მუშაობის გარეშე;

  1. GPS-ს მონიტორინგი, გვაძლევს საშუალებას განისაზღვროს ტექნიკის ადგილმდებარეობა დროის ნებისმიერ მონაკვეთში, რაც გამორიცხავს აგრეგატის არამიზნობრივ მოძრაობას და საწვავის არარაციონალურ ხარჯვას;
  2. ნიადაგის ტენიანობის ყოველდღიური კონტროლი, სპეციალური გადამწოდების საშუალებით, დროულად გამოავლენს კონკრეტულ პრობლემურ ნაკვეთებს, სადაც გაიგზავნება სარწყავი მანქანები, რითაც გამოირიცხება მთელი ფართობის გრაფიკით რწყვის ოპერაცია და წყლის ზედმეტი ხარჯი, ასევე სპეციალური გადამწოდების საშუალებით მიიღება სასუქების შეტანის, მცენარეთა დაცვის და სხვა ღონისძიებების გადაწყვეტილებები;
  3. SMART ტექნოლოგია იძლევა ეფექტური ღონისძიებების განხორციელების საშუალებას, რომლებიც მიეწოდება მეურნეობის სხვადასხვა ობიექტებიდან (შენობები, ტექნიკა, დანადგარები და სხვ.). სისტემის ელემენტების მუშაობაზე კონტროლი ხორციელდება ერთი ცენტრიდან, საიდანაც შესაძლებელია ზუსტი მიწათმოქმედების მაჩვენებლების გაკონტროლება უმარტივესი სმარტ-ტელეფონით. ზუსტ მიწათმოქმედებაში გამოიყენება დრონები, რომლებიც მუშაობენ დამოუკიდებლად ან იძლევიან დამატებით ინფორმაციებს, ხელოვნური თანამგზავრებიდან მოწოდებულ მასალებზე.

ზუსტი მიწათმოქმედების დადებითი და უარყოფითი მხარეები

     ზუსტი მიწათმოქმედება სოფლის მეურნეობის პროგრესული სისტემაა, შესაბამისად მის გამოყენებას ცდილობენ მსოფლიოს მოწინავე ფერმერები, მაგრამ ამ სისტემას გააჩნია სუსტი მხარეებიც (მინუსები), რომლებიც ამუხრუჭებენ მის სრულმასშტაბიან გამოყენებას.

დადებითი მხარეები (პლუსები)

◊ საწვავის ეკონომიურობა, შრომის დანახარჯების ოპტიმიზაცია-სასუქების დოზირებული და დიფერენცირებული შეტანა;

◊ მცენარეთა დაცვის საშუალებების დროული გამოყენება;

◊ წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება;

◊გარემოს დაცვა, მავნებელი გაზების გამოყოფის შემცირება.

ზუსტი მიწათმოქმედების გამოყენება ამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას და აუმჯობესებს მის ხარისხს; ქმნის სასარგებლო გარემოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისათვის, პარალელურად იცავს ნიადაგს გამოფიტვისაგან, აგროვებს და აანალიზებს მრავალ ინფორმაციას, რაც ხელს უწყობს ოპტიმალური სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების შერჩევას და ჩატარებას.

უარყოფითი მხარეები (მინუსები)

◊ ძირითადად უარყოფით მხარედ შეიძლება ჩავთვალოთ, საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებების საჭიროება; უმეტეს ფერმერულ მეურნეობებს არ შეუძლიათ თავიდან შეიძინონ უახლესი კომპიუტერული და სხვა სახის მოწყობილობები (თანამედროვე ტექნიკა, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვ.).

აგრარულ სექტორში იგრძნობა კვალიფიცირებული სპეციალისტების დეფიციტი, რომელთაც შეუძლიათ ახალი ტექნოლოგიებით სარგებლობა. პრობლემები იქმნება, არამარტო სიახლის დანერგვისა და აწყობის დროს, არამედ მიმდინარე მომსახურების დროსაც.

ზუსტი მიწათმოქმედება წარმოადგენს ახალ სისტემას, რომლის გამოყენების გამოცდილება ჯერ-ჯერობით მცირეა;

     ზემოთ ჩამოთვლილი მინუსები შეიძლება ჩაითვალოს განვითარების და ცოდნის პრობლემებად; მომავალში, ზუსტი მიწათმოქმედება კონკურენციას გაუწევს ნებისმიერ ტექნოლოგიას.

 დასკვნა

      ზუსტი მიწათმოქმედების დანერგვა სოფლის მეურნეობაში, რომელიც შესაძლებელია ახალი პროგრესული ტექნოლოგიების და ინოვაციური მოწყობილობების გამოყენებით, წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო რევოლუციის ერთ-ერთ ეტაპს. აგროტექნიკური პროცესების ავტომატიზაცია და ოპტიმიზაცია აზუსტებს მათი შესრულების ძირითად პარამეტრებს, ამცირებს ოპერატორის ჩარევის აუცილებლობას, რაც დადებითად აისახება ოპერაციის შესრულების ხარისხზე და მწარმოებლობაზე.

     თანამედროვე ეტაპზე, საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, პრაქტიკულად შეუძლებელია ეფექტური და რაციონალური ტექნოლოგიების და მოწყობილობების გამოყენების გარეშე, რასაც მოიცავს ზუსტი ტექნოლოგია. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ქართველმა ფერმერებმა არ უნდა უარყონ უახლესი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი და მიმართულებები, რომლებიც უკვე დამუშავებულია და წარმატებით იყენებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი მსოფლიოს მოწინავე ფერმერები.

ნუგზარ ებანოიძე, აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი, .მ., პროფესორი,  

მარიტა მაჭარაშვილი, აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის  სპეციალისტი, 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი