აგროსიახლეებიმედია ფერმერებისთვის TV

გაუსაძლისი სიცხე რეგიონის ეკონომიკას დიდ ზარალს აყენებს

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიში ცხადყოფს, რომ ტემპერატურის მატება არა მხოლოდ მოსახლეობის ჯანმრთელობას, არამედ ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
პრობლემის სიმძიმე განსაკუთრებით აშკარა ხდება მშენებლობის, მრეწველობისა და მომსახურების სექტორებში, სადაც აუტანელი სიცხე უკვე სამუშაო საათების მასობრივ მასობრივ შემცირებას იწვევს,  მომდევნო წლების პროგნოზი კიდევ უფრო მძიმედ გამოიყურება.

ევროპისა და ცენტრალური აზიის ქალაქები ტემპერატურის ზრდის გამო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან. მსოფლიო ბანკისა და კატასტროფების რისკის შემცირების გლობალური ფონდის ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, აუტანელი სიცხის ტალღისებურმა ზრდამ მომდევნო ათწლეულებში ამ რეგიონში შესაძლოა სიკვდილიანობა გაზარდოს, ხოლო 2050 წლისთვის შიდა პროდუქტის 2.5%-ით შემცირება გამოიწვიოს.

ანგარიშში, რომელიც სათაურით „აუტანელი სიცხის პირობებში როგორ შეუძლიათ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქალაქებს გადარჩენა და აყვავება“ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ 21-ე საუკუნის შუა პერიოდისთვის რეგიონის უმსხვილეს ქალაქებში ცხელი დღეების რაოდენობა შესაძლოა სამჯერ გაიზარდოს. განსაკუთრებით დაუცველია სამხრეთ ევროპა და თურქეთი, სადაც აუტანელი სიცხე შესაძლოა, წელიწადში 40-დან 70 დღემდე გაგრძელდეს.

„ექსტრემალური სიცხე არღვევს ტრანსპორტის მუშაობას, ზრდის ელექტროენერგიის მოხმარებას და ელექტროგადამცემი ქსელების დატვირთვას, აძლიერებს გვალვებისა და ხანძრების რისკს, აუარესებს ჰაერის ხარისხს, ამცირებს შრომისუნარიანობას და ზიანს აყენებს ისეთ სექტორებს, როგორიცაა მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და ტურიზმი“, — ნათქვამია ანგარიშში.

მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის, სამეჰ ვაჰბას განცხადებით, აუტანელი სიცხე განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ აყენებს ბავშვებს, ხანდაზმულებსა და ეკონომიკურად დაუცველ ჯგუფებს, რაც ქალაქებს ნაკლებად საცხოვრებლად ვარგისს ხდის.

სიტუაციის შესამსუბუქებლად, მსოფლიო ბანკი რეკომენდაციას უწევს დაუყოვნებლივ გასატარებულ ღონისძიებებს: ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვას, გაგრილების ცენტრების მოწყობას მაღალ რისკის მქონე უბნებში, სითბოსადმი მდგრადი სამშენებლო მასალების გამოყენებას და კლიმატგონიერი ურბანული დაგეგმარების განხორციელებას.

ანგარიშში ასევე საუბარია ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელზე, რომელიც ყველაზე მაღალი აღმოჩნდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა იასი (რუმინეთი), აშხაბადი (თურქმენეთი), ბაქო (აზერბაიჯანი) და ოსიეკი (ხორვატია) — 100,000 მოსახლეზე 25-დან 27.5 შემთხვევამდე.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემებით, 2023 წელს რეგიონში ტემპერატურის მატების გამო 87,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა. აქედან 22,200 სამუშაო ადგილი უზბეკეთში, 17,800 — აზერბაიჯანში და 16,100 — თურქეთში.

აზერბაიჯანი ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ქვეყნად სახელდება: 2023 წელს სამუშაო საათების 0.38% დაიკარგა, რაც ძირითადად მშენებლობის (0.76%), მრეწველობის (0.36%) და მომსახურების სექტორებს (0.8%) შეეხო.

2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით მსოფლიო ბანკის 2030 წლის პროგნოზი კიდევ უფრო შემაშფოთებელია — მშენებლობის სექტორში სამუშაო საათების დანაკარგი შესაძლოა 7%-ს მიაღწიოს, მრეწველობაში — 3%-ზე მეტს, ხოლო მომსახურების სფეროში — 1%-ს, რაც ქვეყნების ეკონომიკაზე პირდაპირ და დამანგრეველ გავლენას მოახდენს.

კარგია რომ ანაგარიშში საქართველოზე არ არის ლაპარაკი, თუმცა აუტანელი სიცხე არც ჩვენს ქვეყას უქადის სიკეთეს, ამიტომ სხვების გაფრთხილება ჩვენთვიაც ყურადსაღებია და თადარიგის დაჭერა გვმართებს.