აგროსიახლეები

ბირთვისის კლდოვანი ხეობა ეკოტურიზმის ახალ საფეხურზე გადადის

ბირთვისის კლდოვანი ხეობაზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი აქტიურ ფაზაში შედის და მიზნად ისახავს ვიზიტორებისთვის დაცულ ტერიტორიაზე მოგზაურობის პროცესის გამარტივებასა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.
ინიციატივა გათვლილია ფართო აუდიტორიაზე — სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე ვიზიტორებისთვის.

ბირთვისის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის მოწყობა ბუნებაზე მინიმალური ჩარევის პრინციპით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში იგეგმება სოფელ ამლევის მხრიდან ვიზიტორთა ცენტრის აშენება, ხეობის ყველაზე თვალწარმტაც წერტილებზე გადასახედების, სამი დაკიდებული ხიდის, საქანელას, კოტეჯების, ზიპლაინისა და რეგიონში პირველი ვია ფერატას მოწყობა. ვია ფერატა კლდოვან რელიეფზე მოწყობილი სპეციალური მარშრუტია, რომელიც ექსტრემალური და აქტიური დასვენების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი.

„დაცული ტერიტორიების შექმნა და გაფართოება ჩვენი გარემოს დაცვისა და უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მტკიცე გარანტიაა. კლიმატის ცვლილების გლობალური გამოწვევის ფონზე, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ბუნების დაცვის სწორი პოლიტიკის განსაზღვრა და მისი აღსრულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, დავიცვათ ბუნება და გარემო, ხოლო მეორე მხრივ, გავხადოთ მიმზიდველი და ეკონომიკურად გავააქტიუროთ ისინი. აღნიშნულ მიზანს ემსახურება ეკოტურიზმის განვითარების არაერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც, თავის მხრივ, აძლიერებს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას ტურისტული სერვისების მიწოდებაში და ხელს უწყობს დასაქმებისა და შემოსავლების ზრდას,“ — აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

ბირთვისის კლდოვანი ხეობა ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიული ადმინისტრაციის შემადგენლობაშია და მდებარეობს ქვემო ქართლში, თბილისიდან მხოლოდ ერთი საათის სავალ მანძილზე. განახლებული ინფრასტრუქტურით, ბირთვისის კანიონი და მასთან ახლოს არსებული წალკის კანიონი ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიზიდულობის ცენტრად იქცევა.

ტერიტორიაზე სამუშაოების მონახულებისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს თან ახლდნენ მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან ხარაბაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდი.