აგროსიახლეები

ქართული ვაზის გენეტიკური მემკვიდრეობა აქტიურად აქტიურად უნდა წარმოჩინდეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე

თბილისში გამართულ „ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმს“ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის ღვინის ექსპერტები, მარკეტერები, სომელიეები, მწერლები, მეცნიერები და მეღვინეობის სექტორის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაცია, პროფესიულ წრეებს შორის კავშირების გაღრმავება და დარგის განვითარების სტრატეგიების გაზიარება.
ფორუმის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე: „ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის მოძიება, აღდგენა, კვლევა და კონსერვაცია“.

მოხსენებაში ლევან უჯმაჯურიძემ ყურადღება გაამახვილა ქართული ვაზის უნიკალურ გენეტიკურ მრავალფეროვნებაზე, მის ისტორიულ ფესვებზე და იმ სერიოზულ საქმიანობაზე, რომელიც კვლევითი ცენტრის მიერ ხორციელდება ადგილობრივი ჯიშების მოძიებისა და გენეტიკური რესურსების დაცვის კუთხით.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართული ვაზის გენეტიკური მემკვიდრეობა არამხოლოდ დაცული და შესწავლილი იყოს, არამედ აქტიურად იქნეს წარდგენილი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე. სწორედ ეს ქმნის ქართული ღვინის ინდუსტრიის გრძელვადიანი განვითარების საფუძველს,“ — აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

მისი თქმით, რაც მეტი კვლევითი და პრომოციული პროექტი განხორციელდება ვაზის გენოფონდზე, მით უფრო გაძლიერდება საქართველოს მეღვინეობის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობა.

ფორუმის პროგრამა მოიცავდა სემინარებს, მასტერკლასებსა და დისკუსიებს, რომლებშიც დარგის ლიდერები და პროფესიონალები აქტიურად ჩაერთნენ. დისკუსიების თემა იყო ღვინის კულტურული მემკვიდრეობა, მარკეტინგული სტრატეგიები, მედიის როლი და განათლების მნიშვნელობა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო პლატფორმა „მადამ სომელიეს“ მიერ. მხარდამჭერებს შორის იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და კახეთის მუნიციპალიტეტები.

ფორუმი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ ქართულ ღვინოს, თავისი ისტორიული ღირებულებითა და გენეტიკური უნიკალურობით, საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი ადგილი შეუძლია დაიკავოს, ხოლო მეცნიერების, მარკეტინგის და მეღვინეობის სინერგია მის წარმატებულ განვითარებას განაპირობებს.