„საქართველოს მელიორაცია“ თანამედროვე ბილინგის სისტემის დანერგვაზე მუშაობს
შპს „საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა, გიგლა თამაზაშვილმა, კომპანია „სივიტას“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის — „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის” (GRAIL) — ეგიდით ჩატარდა.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესება და ანგარიშსწორების პროცესის ციფრული მოდერნიზაცია. ამ ეტაპზე კომპანია „სივიტასთან“ ერთად მუშაობს თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ ბილინგის პროგრამაზე, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს და გააუმჯობესებს ხელშეკრულებების მართვას, ფინანსურ ანგარიშსწორებას, დავალიანებების მონიტორინგსა და მომხმარებელთან კომუნიკაციას.
შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა დეპარტამენტთან წინა თვეებში ჩატარებული კონსულტაციების შედეგები და გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზები. დაგეგმილია საველე ვიზიტებიც.
„სივიტას“ წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან სიონის, პალდოსა და ქვემო სამგორის სათავე ნაგებობების მუშაობის სპეციფიკას, ასევე – წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების მომსახურების არეალს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანიისთვის პრიორიტეტულია ეფექტიანი საინფორმაციო და ფინანსური სისტემის დანერგვა, რაც არა მხოლოდ მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს, არამედ საირიგაციო პროცესში წყლის განაწილების უკეთ დაგეგმვასა და მონაცემთა სიზუსტის გაზრდას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას ესწრებოდნენ შპს „საქართველოს მელიორაციის“ საექსპლუატაციო ღონისძიებების, წყლის რესურსების მართვის, ენერგეტიკის, სემეკთან ურთიერთობისა და დონორთა ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელები.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „სივიტა“ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი დამოუკიდებელი საკონსულტაციო და კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც 21 ქვეყანაში ოპერირებს და გამოცდილება აქვს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობის მრავალ მიმართულებით, მათ შორის ინოვაციური და ციფრული სერვისების სფეროში.