აგროსიახლეები

საქართველო FAO-სთან პარტნიორობას აძლიერებს, მინისტრი სონღულაშვილი FAO-ს 44-ე კონფერენციაზე

რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 44-ე კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, ქართულ აგროსექტორში მიმდინარე პრიორიტეტებსა და მიღწევებზე ისაუბრა.
მინისტრმა საქართველო დაახასიათა როგორც მცირე ზომის, მაგრამ სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით მრავალფეროვანი ქვეყანა, რომლის სტრატეგიაც მოცულობით კონკურენციაზე კი არა, არამედ ხარისხზე, უნიკალურობაზე და მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული. მისი თქმით, ქვეყნის ძირითადი ამოცანაა ნიშური და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება, რაც ქართულ აგროსექტორს გლობალურ ბაზარზე გამორჩეულ ადგილს უჩენს.

დავით სონღულაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ქართულ ღვინოზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, რომელსაც 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია აქვს. „უძველესი ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდი, რომელიც დღესაც აქტიურად გამოიყენება, საერთაშორისო დონეზე იუნესკოს მიერ არის აღიარებული. ეს არ არის მხოლოდ წარსული – ეს არის ცოცხალი მემკვიდრეობა, რომელიც ეკონომიკაზე, ტურიზმსა და კულტურაზეც ახდენს ზემოქმედებას,“ – განაცხადა მინისტრმა.

სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის გააძლიეროს თანამშრომლობა FAO-სა და წევრ ქვეყნებთან. ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა, აგრეთვე ცოდნაზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის განვითარება. მინისტრმა აღნიშნა, რომ აგროსექტორის მდგრადობისა და მოქნილობის ზრდისთვის აუცილებელია სისტემური მიდგომა, ცოდნის გადაცემის მექანიზმების გაძლიერება და ფერმერთა მაქსიმალური ჩართულობა.

მისივე განცხადებით, ბოლო ათწლეულში საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. 2024 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს – 1.68 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. „ჩვენი მიზანია ინკლუზიური ღირებულებათა ჯაჭვების განვითარება, რაც გულისხმობს იმას, რომ არც ერთი ფერმერი არ დარჩეს ყურადღების მიღმა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი დავით სონღულაშვილი ასევე შეხვდა FAO-ს გენერალურ დირექტორს, კუ დონჟუს. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიღწევები და სამომავლო გეგმები. მინისტრის თქმით, FAO-ს ტექნიკურმა მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ისეთი მიმართულებების განვითარებაში, როგორიცაა სურსათის უვნებლობა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, მდგრადი მიწათმოქმედება და სოფლის თემების გაძლიერება.

„FAO-სთან თანამშრომლობა სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს – იქნება ეს აგროსექტორის მოდერნიზაცია, ინოვაციების დანერგვა თუ სოფლის თემების მხარდაჭერა. ჩვენ გავაფართოებთ პარტნიორობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა მეტყევეობა, აკვაკულტურა და სპეციალიზებული პროდუქტების წარმოება,“ – აღნიშნა სონღულაშვილმა.

მინისტრმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უწოდა FAO-სა და საქართველოს შორის 2026–2030 წლების პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის შემუშავებას, რომელიც მომავალში ერთობლივი პროექტების დაგეგმვის მყარ საფუძველს შექმნის.