აგროსიახლეები

ტოპინამბური — ბიოაქტიური ნივთიერებების ახალი წყარო

თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პარკის მეცნიერები ტოპინამბურის – მიწავაშლიის საფუძველზე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღების ინოვაციურ ტექნოლოგიებზე მუშაობენ.
პროექტი მოიცავს სამედიცინო და კვების მრეწველობისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტების — ინულინის, რესვერატროლისა და გლუკოზა-ფრუქტოზის შემცველი კომპოზიციის (სიროფის) მიღებას.

როგორც გამოცემა „ბიზნეს თურქმენეთი“ იტყობინება, აღნიშნულ ტექნოლოგიებზე თურქმენმა მეცნიერებმა უკვე მოიპოვეს საავტორო უფლებების სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია ქვეყნის ფინანსებისა და ეკონომიკის სამინისტროს ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სამსახურის მიერ.

ტოპინამბურის ერთ-ერთი მთავარი აქტიური ნივთიერება — ინულინი — ძლიერი პრებიოტიკია. ის აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ბუნებრივ რეგულირებას.

ამასთან, ტოპინამბურის საფუძველზე შესაძლებელია ბუნებრივი შაქრის შემცვლელი — გლუკოზა-ფრუქტოზის სიროფის მიღება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტური და დიეტური კვებისთვის.

მეცნიერებმა უკვე შეიმუშავეს როგორც თხევადი, ასევე მშრალი ფორმის სიროფები, რომლებიც მრავალმხრივ გამოიყენება კვების, ფარმაცევტულ და აგროსამრეწველო სექტორებში. ეს პროდუქტები სრულად შეესაბამება ფუნქციური საკვების, ტკბილეულისა და სასმელების წარმოების მოთხოვნებს, და ასევე გამოიყენება ცხოველების საკვებში.

ტოპინამბური, როგორც ნიშური კულტურა, დასავლეთის აგრარულ ბაზრებზე უკვე აღიარებულია ეკონომიკურად პერსპექტიულ მცენარედ. EastFruit-ის ანალიტიკის მიხედვით, მისი სწორად ორგანიზებული კულტივაცია ჰექტარზე დაახლოებით 3,400 აშშ დოლარამდე სუფთა მოგებასაც იძლევა.