კრწანისის ტყეპარკში 30 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვეს
კრწანისის ტყეპარკის ეკოსისტემა ახალი ახალი ფრინველებიტ გამდიდრდა — ტყეში 30 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვეს. ინიციატივა ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება და მისი სლოგანის – „ფარიკაობა პლანეტისთვის“ – ეგიდით განხორციელდა.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ ერთობლივად განახორციელეს.
ხოხბების ბუნებაში გაშვების პროცესში მონაწილეობა მიიღეს: ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ბეჟაშვილმა, სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ტამას ჰენრიეტმა.
კოლხური ხოხობი საქართველოს ველური ბუნების ერთ-ერთი უძველესი ბინადარია და წითელ ნუსხაშიც შედის. სწორედ ამიტომ, ამ პოპულაციის ზრდა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქვეყნის ეკოსისტემის განვითარებისთვის. ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ფაუნის აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანი საქართველოში ისტორიულად გავრცელებული, თუმცა შემცირებული რაოდენობის ფრინველების ბუნებაში დაბრუნებაა. ამიტომ ველური ბუნების სააგენტომ სპეციალურად მოაწყო კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა, რომელიც ბუნებასთან შერწყმულ ვოლიერებსა და საინკუბატორო ინფრასტრუქტურას მოიცავს.
კრწანისის ტყეპარკი, რომელიც 200 ჰექტარს მოიცავს, მტკვრის ჭალის უნიკალური ეკოსისტემაა. ტერიტორია 100-ზე მეტი სახეობის მობინადრე და გადამფრენი ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს. მათ შორის არის კოლხური ხოხობიც, რაც ტყეპარკს ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის განსაკუთრებულ ადგილად აქცევს.