აგროსიახლეები

ქართულმა გემოვნებამ ესპანეთამდე მიაღწია – დაგეგმილია გასტრონომიული აკადემიის გახსნა კახეთში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, საქართველოში სტუმრად მყოფ ესპანური გასტრონომიული კომპანიის Vocento Gastronomía წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ კომპანიის გენერალური დირექტორი ბენჯამინ ლანა და კომერციული დირექტორი ლუის მარტი. მოლაპარაკებებს ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძეც.

შეხვედრაზე მინისტრმა გაუსვა ხაზი გასტრონომიული სექტორის განვითარების მნიშვნელობას, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ადგილობრივი აგროპროდუქციის პოპულარიზაციას, სოფლის მეურნეობისა და განსაკუთრებით, ქართული ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებას.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ბასკეთის კულინარიული ცენტრის ხელშეწყობით, იგეგმება კახეთში გასტრონომიული აკადემიის შექმნა. ამ პროცესში განსაკუთრებით ღირებული იქნება Vocento Gastronomía-ს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო გასტრონომიული ტურიზმის განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტზე, რაც ხელს შეუწყობს სექტორის სისტემურ განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს უკეთ წარმოჩენას.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ასევე თანამშრომლობის პერსპექტივები საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმებში, გამოფენებსა და კონკურსებში მონაწილეობის კუთხით.

„საქართველოს გასტრონომიულ სექტორს მართლაც დიდი პოტენციალი აქვს.

ქართული სამზარეულო გამორჩეულია თავისი ინდივიდუალიზმით,  და გემოების მრავლფეროვენებით, რაც სხვა ქვეყნის კულტურიაში არ მეორდება“, – აღნიშნა ბენჯამინ ლანამ.

აღსანიშნავია, რომ ბენჯამინ ლანა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა თანამედროვე ესპანურ გასტრონომიულ სამყაროში. მისი კომპანია Vocento Gastronomía ორგანიზებას უწევს მსოფლიოს წამყვან კულინარიულ ღონისძიებებს: Madrid Fusión, San Sebastián Gastronomika, Encuentro de los Mares, Worldcanic და სხვა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ესპანეთში არსებული წარმატებული ქართული რესტორნის „ნუნუკას“ დამფუძნებელი ნინო კილტავა.