ადამიანის აქტიურობის შედეგად დედამიწაზე ბუნებრივი სეზონები იცვლება _ რას უნდა ველოდოთისნდა მოვემზადოთ?
ლონდონის ეკონომიკის სკოლისა და იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწაზე ყალიბდება ახალი სეზონები. მათ სხვადასხვა რეგიონში სეზონური ცვლილებები გამოიკვლიეს, იტყობინება EastFruit.
კვლევის შედეგების მიხედვით, ეს ცვლილებები გამოწვეულია იმით, რომ კაცობრიობა თავისი დამანგრეველი საქმიანობით ცვლის კლიმატს და ბუნებას.
როგორც ჟურნალი Live Science წერს, ჩვენი პლანეტა აწყდება ისეთი ახალი სეზონების გამოჩენას, რომლებიც აქამდე არ არსებობდა, ე.წ. „ადამიანურ სეზონებს“. ასე უწოდეს მათ იმიტომ, რომ ეს სეზონები ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოიშვა, რომელმაც დედამიწის ბუნებრივი რიტმები მნიშვნელოვნად დაარღვია.
„სეზონები მხოლოდ წლის მონაკვეთებად დაყოფა კი არაა _ ეს არის ჩვენი ურთიერთქმედების ფორმა ბუნებასთან. ისტორიულად ადამიანები სეზონებს აღიქვამდნენ როგორც სტაბილურ და პროგნოზირებად პერიოდებს, რომლებიც ემთხვევა აგრარულ ციკლს, კულტურულ ტრადიციებსა და ბუნების რიტმებს. მაგრამ ეს ტრადიციული სეზონები იცვლება. ადამიანის მოქმედება სწრაფად გარდაქმნის დედამიწას და აქამდე სტაბილური სეზონური კანონზომიერებები და კლიმატური ციკლები სულ უფრო უცხო და გაუგებარი ხდება,“ _ აცხადებს იორკის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების დოცენტი, ფელიცია ლიუ.
მეცნიერების თქმით, წარმოიშობა სრულიად ახალი, ანთროპოგენური ანუ ადამიანის შექმნილი სეზონები.
ახალი სეზონების მაგალითები.
1. „სმოგის სეზონი“
ეს სეზონი იქმნება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, ამერიკაში და სხვა რეგიონებში გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როცა ფერმერები მინდვრებსა და მიმდებარე ტყეებს წვავენ, რათა ტერიტორია სარეველებისგან გაწმინდონ და და ახალი კულტურების მოსაყვანად მოამზადონ.
ამ პერიოდში ინდონეზიაში და მალაიზიაში ტორფის ველები იწვის, ხოლო ინდოეთში — მოსავლის ნარჩენები. შედეგად, ხდება მასშტაბური ტყის ხანძრები და ცა რამდენიმე კვირით მუქი, სქელი კვამლით იფარება.
საინტერესო ფაქტი: საბჭოთა პერიოდში, განსაკუთრებით ყამირის ათვისების დროს, ნაწვერალის და ნამჯის დაწვა გავრცელებული პრაქტიკა იყო. ითვლებოდა, რომ ეს ხელს უწყობდა ნიადაგის გამდიდრებას ფერფლით, თუმცა, უკვე მაშინ მეცნიერები აფრთხილებდნენ ნიადაგის ნაყოფიერებასა და ბიომრავალფეროვნებაზე ამ მეთოდის ნეგატიურ ზემოქმედებაზე.
2. „ნაგვის სეზონი“
ეს სეზონი ვითარდება ქვეყნებში, რომლებსაც ზღვა ან ოკეანე ესაზღვრება. მაგალითად, ბალიზე, ნოემბრიდან მარტამდე, მუსონურ ქარებს და ოკეანის დინებას სანაპიროზე ათასობით ტონა პლასტმასის ნარჩენი გამოაქვს.
2025 წელს, მხოლოდ სამ თვეში, ბალიზე 3 000 ტონაზე მეტი ნაგავი შეგროვდა. მსგავსი შემთხვევები აღინიშნება ფილიპინებზე, ტაილანდში, აშშ-ში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში.
ტრადიციული სეზონების გაქრობა
კიდევ ერთი შოკისმომგვრელი ამბავი: მსოფლიო საზოგადოება შესაძლოა მომავალში იძულებული გახდეს ზამთრის სპორტზე უარი თქვას.
მეცნიერები შეშფოთებას გამოხატავენ, რომ ტრადიციული სეზონები თანდათან ქრება. უკვე რთულია შემოდგომისა და ზამთრის, ან ზამთრისა და გაზაფხულის გარჩევა. ეს კი მძიმედ აისახება ეკოსისტემებსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. მთიან რეგიონებშიც თოვლი სულ უფრო იშვიათად მოდის.
ამავდროულად, მეცნიერების აზრით, ეგრეთ წოდებული სამეცნიერო სეზონები, როგორიცაა „ზღვის ფრინველების ბუდობის სეზონები ჩრდილოეთში“, ქრება.
კიდევ ერთი შოკისმომგვრელი მოლოდინია იმის, რომ მომავალში, შესაძლოა, კაცობრიობას მოუწიოს უარი თქვას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზეც.
„ზოგ რეგიონში ზამთარი, ანუ თოვლიანი სეზონი, უკვდავდება. თოვლის სეზონების გაქრობა საფრთხეს უქმნის ზამთრის სპორტს. სულ უფრო მეტ კურორტს უწევს ხელოვნური თოვლის გამოყენება, რომ არ დაიხუროს,“ — ნათქვამია კვლევაში.
ახალი ბუნებრივი რიტმები
მეცნიერებმა ზოგიერთ ცვლილებას „სინკოპირებული სეზონები“ (Syncopated seasons) უწოდეს. მაგალითად, ეს მაშინ ხდება, როდესაც მელოდია, რომელიც თავდაპირველად იწყებს დაკვრას, ნაცნობია, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, ადამიანი ამჩნევს, რომ მისი რიტმი განსხვავებულია, დამახინჯებულია და ეს შემაწუხებელია. იგივე ეხება უფრო ცხელ ზაფხულს, არანორმალურად რბილ ზამთარს, ექსტრემალურ ბუნებრივ მოვლენებს და ა.შ.
მეორე ტერმინია „არითმიული სეზონები“ — გულის არითმიის ანალოგიით. ეს ნიშნავს დროის ციკლების დარღვევას: გაზაფხულის ადრე დაწყებას, გამრავლების სეზონის გადმოწევას, ზაფხულის გახანგრძლივებას, ზამთრის შემცირებას ან ჰიბერნაციის პერიოდის დარღვევას.
ეს ყველაფერი მძიმე შედეგს იწვევს ბუნებრივ ეკოსისტემებზე. ცხოველები და მცენარეები, რომელთა ცხოვრება დროულ ციკლზეა აწყობილი, ვერ ასწრებენ ადაპტაციას ასეთ მოულოდნელ ცვლილებებზე. როგორც გულის არითმია აზიანებს ჯანმრთელობას, ასევე „არითმიული სეზონები“ არყევს სიცოცხლის სტაბილურობას დედამიწაზე.
ადამიანის ზემოქმედება
ყველაფერში ადამიანია დამნაშავე. მაგალითად, ჩრდილოეთ ტაილანდში კაშხლების აშენებამ მოშალა თევზებისა და წყლის სხვა ცხოველების მიგრაციის გზები და დაარღვია ნალექების ციკლი. შედეგად, რეგიონში კლიმატი სრულად შეიცვალა: გვალვების სეზონი გახანგრძლივდა, წვიმების სეზონი, შედარებით შემცირდა, თუმცა ინტენსიური და დამანგრეველი გახდა.
_ ამ ცვლილებებზე უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად და კომპლექსურად. თუ სათანადო ზომებს არ მივიღებთ, პრობლემა გაღრმავდება. უპირველესად, ადამიანები უნდა მოვამზადოთ ახალი სეზონების მიმართ ადაპტირებისთვის _ აცხადებენ მკვლევრები.
მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სმოგის სეზონის გააზრებამ გამოიწვია სახლებში ჰაერის ფილტრების დამონტაჟება, პროგნოზების გაუმჯობესება და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები. თუმცა, თუ ძირეული მიზეზები არ გამოსწორდა, ეს ყველაფერი მხოლოდ დროებითი იქნება და სათანადო შედეგს ვერ მოიტანს.
უფრო მეტიც, სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად, ოფიციალურ პირებს შეუძლიათ „ახალი სეზონები“ გამოიყენონ ყველა პრობლემის საბაბად და პასუხისმგებლობის თავიდან აცილებლად.
სეზონების ცვლილება გვაიძულებს გადახედოთ ჩვენს დამოკიდებულებას დროსა და გარემოსთან.
დღეს ადამიანები დროს აღიქვამენ საათებით, დღეებითა და წუთებით, ეს არის გლობალური სტანდარტი. თუმცა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ ტექნოკრატიულ აღქმაში ბუნებრივი, წინაპრების დროის რიტმები იკარგება, როგორიცაა წვიმების სეზონი, მზისა და მთვარის ფაზები.
_ სეზონები მხოლოდ დროის მონაკვეთები კი არ არის, ეს ჩვენი კავშირია დედამიწასთან! მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ მდგრადი მომავლის აშენებას, თუ ახალ რიტმებთან ადაპტაციას მოვახდენთ. ამისთვის საჭიროა ბუნებრივ ციკლებზე დაფუძნებული დროის აღქმა: წვიმებზე, მთვარის ფაზებსა და მზის მოძრაობაზე დაფუძნებული. ამ გზაზე უნდა დავიცვათ ჩვენი წინაპრების სულიერი მემკვიდრეობა და ვსარგებლობდეთ იმ ცოდნით, რაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ ბუნებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ხალხებს. მათ შეუძლიათ დაგვეხმარონ, ვიპოვოთ ბუნებასთან სწორი მიდგომები და სამართლიანი გზები, _ გვირჩევენ ბრიტანელი მეცნიერები.