საქართველო-ისრაელის პარტნიორობა აგროტექნოლოგიების განვითარებისთვის
საქართველოში ვიზიტის დროს ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრმა ავი დიხტერმა, საქართველოში ისრაელის ელჩთან ვალიდ აბუ ჰაიასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძესთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი აგროობიექტი დაათვალიერა — მათ შორის იყო როგორც მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბური, ასევე სახელმწიფო მხარდაჭერით მოქმედი თევზსაშენი მეურნეობა.
ჰიდროპონიკის ტექნოლოგიით აღჭურვილი სათბური წილკანში
ისრაელის დელეგაცია წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც თანამედროვე ჰიდროპონიკის სისტემით აღჭურვილი სათბური დაათვალიერეს.
ჰიდროპონიკა ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც კულტურების ნიადაგის გარეშე მოყვანის შესაძლებლობას იძლევა. ეს მეთოდი საგრძნობლად ზრდის პროდუქტიულობას და ფერმერების შემოსავლებს.
წილკნის ბაზაზე არსებული სათბური 2023 წელს აშენდა ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით. იგი დღეს ფუნქციონირებს, როგორც პრაქტიკული სწავლების ცენტრი, სადაც ფერმერები და სტუდენტები გადიან პრაქტიკას თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით.
„ჩვენთვის პრიორიტეტია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება, მათი გამოცდილების გაზიარება, რათა ფერმერებს მივაწოდოთ თანამედროვე ცოდნა და ხელი შევუწყოთ მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას“, – განაცხადა ლაშა დოლიძემ.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის თქმით, სათბური უკვე იქცა გადამზადების მნიშვნელოვან ცენტრად:
„ბაზაზე ტარდება ტრენინგები და საინფორმაციო შეხვედრები, რომლებიც ინოვაციური მეთოდების პოპულარიზაციასა და პრაქტიკული ცოდნის გავრცელებას ემსახურება.“
თავად ავი დიხტერმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში შეიქმნება ერთობლივი სადემონსტრაციო ჰაბები, რომლებიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს.
თევზსაშენი მეურნეობა შიდა ქართლში
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შიდა ქართლში, სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედი თევზსაშენი მეურნეობაც მოინახულა. შპს „დს ფიშ გრუპი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტით“ რამდენჯერმე ისარგებლა.
კომპანია წლიურად, დაახლოებით, 250 ტონა თევზს გადაამუშავებს და 100-ზე მეტ ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
კომპანია აწარმოებს როგორც ნედლ, ისე გადამუშავებული თევზის პროდუქტს, რომელიც ბრენდულ მაღაზიასა და რესტორანში იყიდება.
„სახელმწიფო სრულად უჭერს მხარს მეთევზეობისა და აკვაკულტურის განვითარებას. ამ სფეროში მხარდაჭერილია წარმოების სრული ჯაჭვი — დაწყებული ინფრასტრუქტურით, დასრულებული ბაზრის წვდომით“, – აღნიშნეს უწყების წარმომადგენლებმა.
თევზსაშენ მეურნეობაში ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრთან ერთად ტუმრობდნენ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი, ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის წარმომადგენლები.