„ტოქსიკური ცა: პესტიციდებით გაჯერებული ღრუბლები დედამიწას ასველებს“
საერთაშორისო ჟურნალ Environmental Science & Technology-ში გამოქვეყნდა კვლევა, სადაც ავტორთა ჯგუფი პირველად ადასტურებს, რომ საფრანგეთის თავზე ღრუბლები ათეულობით აგროქიმიკატით, მათ შორის ინსექტიციდებით, ჰერბიციდებით და ფუნგიციდებით არის გაჯერებული და ეს ტოქსიკური ნაწილაკები წვიმისა და თოვლის სახით მიწას უბრუნდება და სასმელ წყალს ერევა.
ზოგჯერ ევროპაში გამოყენებულ სასმელ წყალში მავნე ნივთიერებების შემცველობა უსაფრთხოების ნორმებსაც კი აჭარბებს.
- კვლევის შედეგად მოსული ნალექის ყველა ნიმუშში აღმოაჩინეს პესტიციდები, მათ შორის 10 ისეთი ნივთიერება, რომლის გამოყენება, ევროკავშირში ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების მაღალი რისკის გამო, აკრძალულია.
- ორმა ნიმუშმა ევროპის სასმელი წყლის საერთო ნორმას (0.5 მკგ/ლ) გადააჭარბა.
- ღრუბლებში აღმოჩნდა როგორც მიმდინარე სამუშაობის დროს გამოყენებული ახალი თაობისპესტიციდები, ასევე ძველი, ხმარებიდან ამოღებული ქიმიკატები.
- დაბინძურების დიდი ნაწილი ადგილობრივი სოფლის მეურნეობის მიერ გამოყენბული პესტიციდები კი არა, შორიდან ღრუბლების მიერ მოტანილი ნარჩენება.
- მკვლევართა ვარაუდით საფრანგეთის ცაზე ერთდროულად შეიძლება 6-დან 139 ტონამდე საშიში პესტიციდი ტრიალებდეს.
მეცნიერებმა 2023 წლის ზაფხულსა და 2024 წლის გაზაფხულზე ცენტრალური საფრანგეთის პუი-დე-დომის მთის კვლევით სადგურზე ღრუბლის წყლის ნიმუშები შეაგროვეს, რომელშიც 446 შესაძლო ქიმიკატიდან 32 აღმოჩნდა:
- ჰერბიციდები – 9;
- ინსექტიციდები – 7;
- ფუნგიციდები – 3;
- ბიოციდები – 1;
- დამხმარე დანამატები – 3;
- დაშლილი პროდუქტები – 8.
აღმოჩენილთა შორის იყო ე.წ. „ახალი დამაბინძურებლები“, მაგალითად ანტრაქინონი (დამწვრობის პროდუქტიც), ბენზოტრიაზოლი (პლასტმასებში და სარეცხ საშუალებებში), ასევე 2,4-დინიტროფენოლი, რომლის კონცენტრაციამ 2 მკგ/ლ-ს მიაღწია, რაც ევროპული ნორმებით, სასმელი წყალიში დასაშვებ ზღვარს აღემატება.
მათ შორის, 10 ნივთიერება ევროკავშირში დიდი ხანია აკრძალულია: ატრაზინი (2003), კარბენდაზიმი (2008), ფიპრონილი, კარბუტილატი, პერმეტრინი და სხვა. ეს მიუთითებს, რომ ქიმიკატები ღრუბლებთან ერთად ათასობით კილომეტრს გადიან და სხვა ქვეყნებიდან საფრანგეთის ცაში ხვდება.
პესტიციდების ნაწილი ატმოსფეროში „მოგზაურობს“, შემდგ მიწას უბრუდნება, შემდეგ კვლავ ორთქლდება და ღრუბლებს უერთდება – ე.წ. „ბალახის მტვრის ეფექტი“. ასეთი ციკლი იწვევს გარემოს ქრონიკულ დაბინძურებას, რომლის შედეგებია: ნევროლოგიური დარღვევები, რეპროდუქციული პრობლემები, დიაბეტი ტიპი 2, პარკინსონი, ბავშვთა და მოზარდთა კიბო და სხვა.
მეცნიერები ხაზს უსვამენ, იმასაც რომ ღრუბლებში ქიმიური პროცესები აქტიურად მიმდინარეობს: ზოგიერთი ნივთიერება პირდაპირ ღრუბლის წვეთებში ახალი ნაერთებად გარდაიქმნება. ეს პოროცესი ჯერ ბოლომდე გამოკვლეული არ არის.
კვლევა მკაფიო სიგნალია იმისა, რომ პესტიციდები მხოლოდ სოფლის მეურნეობის პრობლემა არ არის, რომ ისინი ატმოსფეროში თავისუფლად გადაადგილდება და ისევ ბრუნდება მიწაზე და სასმელი წყლის მარაგებში.
მეცნიერების მიიჩნევენ, რომ აუცილებელია დამატებითი კვლევები და მკაცრი საერთაშორისო რეგულაციები, რადგან ეს საფრთხე ეროვნულ საზღვრებს სცილდება.
შენიშვნა: სტატია ეფუძნება 2025 წლის 8 სექტემბერს ჟურნალ Environmental Science & Technology–ში გამოქვეყნებულ კვლევას და მომზადებულია „U.S. Right to Know“-ის მასალების მიხედვით.