აგროსიახლეები

ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში შენდება უნიკალური თაღოვანი ხიდი, რომელიც ყველაზე მაღალი ხიდი იქნება მთელს რეგიონში.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გავეცანო. გუდაურამდე მონაკვეთი 2026 წლის დასაწყისში გაიხსნება, ხოლო პროექტის დასრულება 2027 წლის დასაწყისისთვის იგეგმება.

მაღალი საინჟინრო სტანდარტების დაცვით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს და უზრუნველყოფს გზის გამართულ ფუნქციონირებას წლის ნებისმიერ პერიოდში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ისტორიული სოფლების რეაბილიტაცია, რაც გააძლიერებს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს და შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“_ განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მაგისტრალური გზის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე – ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიან მაგისტრალურ გზასა და გვირაბებზე – სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.

პროექტის ფარგლებში ეწყობა ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, შენდება 5 ხიდი და 5 გვირაბი, ასევე რეაბილიტაცია უტარდება ერთ ხიდს.

უკვე დასრულებულია 9-კილომეტრიანი მთავარი და საევაკუაციო გვირაბების გაყვანა, რომლებიც სოფელ წკერეს სოფელ კობთან აკავშირებს.

მთავარ გვირაბში უკვე დასრულდა სავენტილაციო ფილების დამზადება, ხოლო საევაკუაციო გვირაბში – რკინა-ბეტონის მოსახვის სამუშაოები. ახალი 9 კმ-იანი გვირაბი, რომელიც TBM ტექნოლოგიით გაიჭრა, საქართველოში ყველაზე გრძელი და მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ინფრასტრუქტურული ნაგებობაა.

ამის გარდა, გაჭრილია 1.5-კილომეტრიანი და 500-მეტრიანი გვირაბები, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრო-მექანიკური სისტემების მონტაჟი.

სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 5 ხიდიდან 4-ზე. დასრულდა დაბალანსებული კონსოლური ხიდის მშენებლობა – საქართველოში პირველი მსგავსი ტიპის ტექნოლოგიური ნაგებობა. 48 და 47 მეტრიანი ბურჯებით, იგი ამ დროისთვის ქვეყნის ყველაზე მაღალი ხიდია.

პროექტის ფარგლებში გრძელდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კურორტთან კავშირს.

ქვეშეთი–კობის მაგისტრალური გზის გახსნის შემდეგ კობის მიმართულებით ზამთარში მოძრაობა აღარ შეიზღუდება; ხადას ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს საჭირო სერვისებზე წვდომას; მგზავრობა გახდება უფრო უსაფრთხო და კომფორტული.

გადასაადგილებლად საჭირო დრო საგრძნობლად შემცირდება:

ქვეშეთი-კობის მონაკვეთის გავლა 1 საათის ნაცვლად 15 წუთში გახდება შესაძლებელი;

თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი დასჭირდება;

თბილისიდან სტეფანწმინდამდე კი 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად 1 საათსა და 45 წუთში ჩავალთ.

პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. მისი საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.