ლომთაგორა და ქართული ხორბალი: გლობალური სელექციის გზა საქართველოში
ხორბალი კაცობრიობის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასურსათო კულტურაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უზრუნველყოფდა ცივილიზაციის განვითარებას. მისი გენეტიკური ევოლუცია, კლიმატურ პირობებთან ადაპტაცია და მუდმივი სელექციური წინსვლა გლობალურ კვების სისტემაში კრიტიკულ როლს ასრულებს.
საქართველო, როგორც ერთ-ერთი უძველესი აგრარული ცივილიზაციის კერა, მნიშვნელოვანი წვლილით მონაწილეობს ამ პროცესში. ქართული გენეტიკური რესურსების უნიკალურობა, თანამედროვე სელექციური მიღწევები და საერთაშორისო თანამშრომლობა აშკარად წარმოაჩენს ქვეყნის როგორც ისტორიულ, ასევე პრაქტიკულ მნიშვნელობას მსოფლიო სოფლის მეურნეობაში.
საერთაშორისო სამეცნიერო და კულტურულ სივრცეში ერისა და ქვეყნის მნიშვნელობა, პირველ რიგში, განისაზღვრება იმით თუ რა წვლილი შეიტანა მან მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში.
ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ავსტრალია, რომელიც ევროპელების ჩამოსვლამდე პრაქტიკულად არ იცნობდა კულტურულ მცენარეებს და კენკრითა და ბოლქვოვანი მცენარით იკვებებოდა. მხოლოდ ბოლო ასწლეულებში დაიწყო ადგილობრივი სახეობების, განსაკუთრებით კი ევკალიპტებისა და აკაციების ფართო გამოყენება გლობალური მასშტაბით.
ამ ფონზე, გეოგრაფიულად მცირე, მაგრამ კულტურულად მდიდარმა საქართველომ კაცობრიობას არაერთი მნიშვნელოვანი კულტურა შესთავაზა, უპირველეს ყოვლისა ვაზი და ხორბალი დღევანდელი სახით. ეს გლობალური მნიშვნელობის მემკვიდრეობა საშუალებას გვაძლევს, სრულად ვიამაყოთ ჩვენი გენეტიკური ფონდით და ვიყოთ წარმატებული მაგალითი დანარჩენი ცივილიზაციისთვის.
კომპანია „ლომთაგორა“ წლებია წარმატებით საქმიანობს ხორბლისა და სიმინდის სელექცია–მეთესლეობის მიმართულებით. კომპანიასთან მრავალი წელი თანამშრომლობდნენ გამოჩენილი მეცნიერები: ზურაბ ჯინჯიხაძე, ზაურ ჯულუხიძე, პეტრე ნასყიდაშვილი, ირაკლი რეხვიაშვილი და სხვები.
კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს:
- სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრთან (დირექტორი აკადემიკოსი ლევან უჯმაჯურიძე);
- სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრთან (CIMMYT);
- მშრალი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICARDA).
„ლომთაგორამ“მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია არა მხოლოდ ახალი ჯიშების გამოყვანაში, არამედ მოწინავე აგროტექნოლოგიების დანერგვაშიც, მაგალითად, ხორბლის ბაძოებზე თესვის ტექნოლოგია.
ახალი ქართული ჯიშები და საერთაშორისო აღიარება
დღემდე კომპანიას „ლომთაგორას“ ეროვნულ კატალოგში დარეგისტრირებული აქვს მრავალი უხვმოსავლიანი და დაავადებების მიმართ გამძლე ხორბლისა და ტრიტიკალეს ჯიში. ყოველწლიურად იმართება ღია კარის დღეები, სადაც წარმოდგენილია 100-მდე სელექციის პერსპექტიული ნიმუში.
მნიშვნელოვანი იყო 2025 წელს ყაზახეთის ქალაქ ალმატიში გამართული საერთაშორისო გამოფენა, სადაც მსოფლიოს 2 000-ზე მეტი ხორბლის ჯიშს შორის საქართველოს მიერ წარდგენილი 14 ჯიშიდან 3 პირველ ათეულში მოხვდა, რაც ქართული სელექციის გლობალურ კონკურენტუნარიანობის დასტურია.
ინოვაციური მიმართულებები: იისფერი ხორბალი და მრავალწლიანი ჯიშები
- იისფერი ხორბალი (Purple Wheat):
რუსეთის ნოვოსიბირსკისა და ომსკის ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, 7 წლის განმავლობაში გამოყვანილი იქნა ლგ-126 და ლგ-141 იისფერი ხორბალი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ანთოციანინის შემცველობით _ ეს ბუნებრივი ანტიოქსიდანტი იცავს უჯრედებს, ამცირებს კიბოს რისკს და წარმოადგენს დიეტური ბოჭკოსა და მიკროელემენტების (რკინა, თუთია, მაგნიუმი) მდიდარ წყაროს. - მრავალწლიანი ხორბალი (Perennial Wheat – Kernza):
2015 წლიდან მიმდინარეობს Kernza 501 და 801 ჯიშებზე მუშაობა. საქართველოს მთა-გორიან და სახნავი მიწებით ღარიბ რელიეფზე აღნიშნული ხორბლის ინტენსიური გავრცელება შესაძლებელს ხდის სუბალპურ და ალპურ ზონებში 1 600-2 500 მ სიმაღლეზე (რაიონები: წალკა, ახალციხე, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, ხევსურეთი).
ძირითადი უპირატესობები:
• ითესება 10-15 კგ/ჰა-ზე და იძლევა მოსავალს 10 წლის განმავლობაში;
• პირველ წლებში მოსავლიანობა მერყეობს 500-1 200 კგ/ჰა-ზე, შემდგომ 300-400 კგ/ჰა;
• გარემოს დაბინძურება CO₂-ით მცირდება მინიმუმამდე;
• ერთ ჰექტარზე 1 ტონა CO₂-ის დაზოგვა ნიშნავს 150 აშშ დოლარით კომპენსაციას;
• ღრმა ფესვთა სისტემა (8 მ.) ეფექტიანია ეროზიისა და მეწყერის წინააღმდეგ;
• საქართველოს შეუძლია ყოველწლიურად დამატებით 50 000 ტონა დიეტური ხორბლის მარცვალი აწარმოოს.
გენეტიკური კვლევები და საქართველოს როლი პურის ხორბლის ევოლუციაში
OWWC (ღია ველური ხორბლის კონსორციუმი) ფარგლებში პროფესორ საიმონ კრატინბერგის ხელმძღვანელობით გაკეთდა 80 000-მდე ადგილობრივად ადაპტირებული ნიმუშის სკანირება და გენეტიკური ანალიზი. გამოიკვეთა 493 უნიკალური გენეტიკური პანელი Aegilops tauschii-ის გეოგრაფიული არეალიდან რდილო-დასავლეთ თურქეთიდან აღმოსავლეთ ჩინეთამდე.
კვლევის შედეგად დადგინდა:
- პურის ხორბლის D გენომის დაახლოებით 75 % მოდის Aegilops tauschii-ის შტოდან (L2), რომელიც სამხრეთ კასპიის რეგიონიდანაა წარმოშობილი;
- დამატებითი 25 % მოდის სხვა გეოგრაფიული ხაზებიდან;
- L3 შტო _ უნიკალური გენეტიკური ხაზია, რომელიც ლოკალიზებულია საქართველოში;
- ამ შტომ პურის ხორბალს გადასცა ცომის ხარისხის უმნიშვნელოვანესი გენი _ ИДК (თავთავის დეფორმაციის ინდექსი);
- საქართველოს რეგიონში შეგროვებულ ნიმუშებში აღმოჩნდა L3 გენომის 7 %-იანი ინტროგრესია შვიდჯერ მეტი, ვიდრე ნაყოფიერი ნახევარმთვარის კოლექციებში.
ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს პურის ხორბლის ევოლუციაში და მის ადაპტაციურ უნარში, რაც პურს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომ საკვებად აქცევს.
გლობალურ აგროსამეცნიერო სივრცეში საქართველოს წვლილი უდავოა _ როგორც ისტორიულად, ისე თანამედროვე სელექციაში. კომპანია „ლომთაგორა“ კი ამის მკაფიო მაგალითია. მისი საქმიანობა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც მტკიცდება, როგორც ინოვაციური, სამეცნიერო და ეკოლოგიური ღირებულებების მქონე პრაქტიკა.
ავტორები:
ს/მ დოქტორი კახა ლაშხი,
ს/მ დოქტორი ირაკლი რეხვიაშვილი,
ს/მ მაგისტრი ლუკა ლაშხი