აგროსიახლეები

ტურისტული სოფლები –აზერბაიჯანის ახალი მიმართულება რეგიონული განვითარების გზაზე

აზერბაიჯანში ამ ეტაპზე რვა სოფელი ჩართულია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბურ პროგრამაში, რომელიც კონცეფციის „ტურისტული სოფელი“ ფარგლებში ხორციელდება.
როგორც Report იუწყება, სახელმწიფო ტურიზმის სააგენტოს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელგიუნ ჯავადოვმა მედიტურის დროს, რომელიც ასტარის რაიონის სოფელ სუმში გაიმართა, აღნიშნა, რომ პროექტის მთავარი მიზანია რეგიონული დასახლებების კეთილმოწყობა, მათი ტურისტული მიმზიდველობის გაზრდა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება.

პროექტში შეტანილია შემდეგი სოფლები: ლაზა (გუსარი), გრიზი (გუბა), ილისუ და სარიბაში (ღახი), დურუჯა (გაბალა), ივანოვკა (ისმაიილი), ბიბიანი (ლერიკი) და სუმი (ასტარა).

ჯავადოვის თქმით, სოფელ სუმში უკვე დამონტაჟებულია ტურისტული მიმთითებლები, სოფელი შეტანილია სამხრეთი რეგიონის ტურისტულ მარშრუტებში და აქტიურად იზრდება ვიზიტორთა ნაკადი:

„თუ წარსულში აქ წელიწადში, დაახლოებით, ათასამდე ტურისტი ჩამოდიოდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, სუმს თვეში ორ ათასზე მეტი სტუმარი სტუმრობს,“ – აღნიშნა მან.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეკო-მეგობრული ტურისტული ობიექტების შექმნა და აგრო-ტურიზმის მიმართულების გაძლიერება, რაც სოფლის მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება.

სოფლის ტურიზმის განვითარება ბოლო წლებში აქტუალური მიმართულება გახდა არა მხოლოდ რეგიონების ეკონომიკური აღორძინებისთვის, არამედ აგრარული სექტორის დივერსიფიკაციისთვისაც. აზერბაიჯანის მაგალითი აჩვენებს, რომ სწორად დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები – გზების, ტურისტული ბილიკებისა და მცირე სასტუმროების მოწყობა – მნიშვნელოვნად ზრდის ადგილობრივი პროდუქტის ცნობადობას და სოფლის მოსახლეობის შემოსავლებს.

საქართველოში მსგავსი პროექტები წარმატებით შეიძლება განვითარდეს ისეთ რეგიონებში, სადაც ერთიანადაა წარმოდგენილი ბუნებრივი ლანდშაფტი, ტრადიციული სოფლის მეურნეობა და კულტურული მემკვიდრეობა – მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, თუშეთში და გურიაში.

თუ ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიაში ჩაერთვება აგრო-სექტორი – მაგალითად, ადგილობრივი ფერმერული მეურნეობების ჩართვით გიდ-ტურებში, საოჯახო პროდუქციის დეგუსტაციით და თემატური ფესტივალებით – ეს ხელს შეუწყობს აგროტურიზმისა და სოფლის ეკონომიკის რეალურ გაძლიერებას.

ასეთი ერთობლივი მიდგომა საქართველოს სოფლებს მისცემს საშუალებას გადაიქცნენ სრულფასოვან ტურისტულ ცენტრებად, სადაც სტუმარი ერთდროულად გაეცნობა ქართულ კულტურას, აგროტრადიციებსა და სხვა ადგილობრივ ღირსშესანიშაობებს.