სოფელი ახალგაზრდების გარეშე…, როგორ დავუბრუნოთ მომავალი სოფელს
საქართველოში სოფლის თემები კვლავაც ეკონომიკური და დემოგრაფიული გამოწვევების ცენტრში რჩება. სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა წლიდან წლამდე მცირდება, მიწები ძველებურად აღარ მუშავდება, მაგრამ ამ სურათის შეცვლა შესაძლებელია და ამის გასაღები, უმთავრესად, ახალგაზრდობაა.
სოფელში ახალგაზრდების დაბრუნება მხოლოდ დემოგრაფიული ამოცანა არ არის – ეს არის ეკონომიკური განვითარების, ეროვნული კულტურისა და სოციალური სამართლიანობის სტრატეგია. როცა ახალგაზრდას ექნება განათლება, სტიმული და მხარდამჭერი გარემო, ის აუცილებლად აირჩევს სოფელს. ასე მოხდა ყველგან, სადაც სოფელი და სოფლის მეურნეობა დღეს განვითარებულია, ასე იქნება საქართველოშიც.
სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც მხოლოდ სოფლელს კი არა, არამედ მთლიანად ქვეყნის მომავლის სტრატეგიულ საფუძველს ეხება.
ქვემოთ განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებსა და რესურსებს, რომლებიც საქართველოს სოფლის გაძლიერებასა და ახალგაზრდების დაბრუნებაზე რეალურ გავლენას მოახდენს.
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები სოფელს?
სოფლის დატოვების მთავარი მიზეზებია:
• შემოსავლიანი სამუშაო ადგილების ნაკლებობა;
• გაუმართავი ინფრასტრუქტურა;
• განათლებისა და თვითგანვითარების მწირი შესაძლებლობები;
• კულტურული ცხოვრების დეფიციტი;
• სტერეოტიპი, რომ სოფლად ცხოვრება ჩამორჩენილობას ნიშნავს.
მაგრამ ცხოვრება იცვლება. ტექნოლოგიური პროგრესი სოფელსაც აიძულებს სტერეოტიპების გადალახვას. თუ სწორად განვავითარებთ ინოვაციებს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას, აგროტურიზმსა და სტარტაპებს, მოტივირებული ახალგაზრდობა აუცილებლად დაბრუნდება, რათა შეცვალოს სოფლის ცხოვრების დონე.
ჩვენი აზრით რა ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ სოფელ დაუბრუნდეს ახალგაზრდობა?
სოფლებში საჭიროა მცირე პროფესიული სასწავლო ცენტრები, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან თანამედროვე აგროტექნოლოგიებს, ციფრულ მარკეტინგს და აგროტურიზმის საფუძვლებს. სასურველია, ადგილობრივ სკოლებში შესაბამისი პროგრამები დაბალი კლასებიდანვე დაიწყოს.
სოფლად უნდა შეიქმნას:
• მობილური სასწავლო ლაბორატორიები – ტრენინგები თემებში, ფერმერული სკოლის პრინციპით;
• „ფერმერი გამოცდილებას უზიარებს ფერმერს” – მსგავსი გამოცდილების გაცვლის პლატფორმები.
სოფლის ინფრასტრუქტურის განახლება
• გზების, ინტერნეტის, წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის გაუმჯობესება.
• ახალგაზრდებისთვის საცხოვრებელი გარემოს მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფა.
ფინანსები ახალგაზრდებისთვის
• სუბსიდირებული პროგრამები ახალგაზრდა ფერმერებისთვის – დაწყებითი კაპიტალის, ტექნიკისა და საოჯახო გადამმუშავებელი ტექნოლგიების შესაძენად.
• თანადაფინანსება ინოვაციური სოფლის სტარტაპებისთვის: ორგანული მეურნეობები, ეთნო-ტურისტული ობიექტები, ჭკვიანი ფერმები.
სოფლის ციფრული ტრანსფორმაცია
• დისტანციური მუშაობის ჰაბები სოფლებში, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ ციფრულ საქმიანობას.
• ონლაინ გაყიდვების პლატფორმები და მიზნობრივი სემინარები ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციისთვის.
კულტურული და სოციალური გარემოს გაძლიერება
• ახალგაზრდული კლუბები, თეატრალური, სპორტული და ტექნოლოგიური წრეები.
• სოფლის ბიბლიოთეკებისა და კულტურის სახლების აღდგენა – არაფორმალური განათლების ჰაბებად.
სტიმული სოფლად დასაბრუნებლად
სახელმწიფომ და დონორებმა უნდა შეიმუშავონ საგრანტო პროგრამები ახალგაზრდა ფერმერებისთვის: პირველადი წარმოების (მემცენარეობა, მეცხოველეობა) დაფინანსება, სტარტაპ-კაპიტალი სოფლის მეწარმეობისა და ტურიზმისთვის. განსაკუთრებული შეღავათები უნდა დაწესდეს მათთვის, ვინც ციფრულ პლატფორმებს შექმნის და ადგილობრივ მეწარმეებს მოემსახურება.
ციფრული სოფლები – ინტერნეტის განვითარება და დისტანციური დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, ერთდროულად იცხოვრონ სოფლად და იმუშაონ გლობალურ ციფრულ ბაზარზე.
სოფელში დაბრუნების მოძრაობა – ეროვნული კამპანია „დავუბრუნდეთ სოფელს“, სადაც ახალგაზრდები მოისმენენ წარმატებულ ისტორიებს და მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას.
რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს სოფელს
- ნაყოფიერი და ხშირად დაუმუშავებელი მიწები;
- კლიმატური მრავალფეროვნება, რომელიც თითქმის ყველა აგროკულტურის წარმოების საშუალებას იძლევა, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც ქვეყანაში ჯერ არ მოჰყავთ;
- ტრადიციული ცოდნა და გამოცდილება, რომლის გაზიარებაც ხანდაზმულ მეწარმეებს შეუძლიათ;
- ადგილობრივი კულტურა, ტრადიციები და სამზარეულო – ძლიერი ტურისტული პოტენციალი;
- მოთხოვნა ჯანსაღ, ორგანულ პროდუქტებზე.
მთავარია, ადგილობრივმა და მუნიციპალურმა ორგანოებმა ხელი შეუწყონ ამ პროდუქტების რეალიზაციას, მცირე მარნებისა და გადამმუშავებელი საწარმოების შექმნას, ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქციით საბავშვო ბაღებისა და სხვა დაწესებულებების მომარაგებას.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წვრილ საოჯახო მეურნეობებს. საწყის ეტაზე, მათ უნდა მოემსახურონ სახელმწიფოს მიერ სპეცილურად გადამზადებული აგრონომები, ვეტერინარები და ზოოტექნიკოსები, რომელებიც დაეხმარებიან მცირე მეურნეობებს წარმოები მათვაში, რათა მათ მიერ შექმნილი პროდუქტი აკმაყოფილებდეს თანამედროვე სტანდარტებს, სანიტარულ მოთხოვნებს და სხვ. ვინც წესებს არ დაიცავს, უნდა შეეზღუდოს პროდუქციის გაყიდვის უფლება. ასეთი მხარდაჭერა წაახალისებს მეურნეობების გაერთიანებას, გაძლიერებას და შექმნის ტრადიციას, რომელიც დაეფუძნება საბაზრო მოთხოვნებისადმი პასუხისმგებლობლიან მიდგომას.
ასეთი სისტემური მხარდაჭერა გაზრდის საოჯახო მეურნეობების შემოსავლებს, დააბრუნებს ნდობასა და რწმენას, შექმნის კონკურენციას და სოფლის აღორძინებას რეალობად აქცევს. ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 1500-2500 ევროს გამო მუშაობენ, სიამოვნებით მოუვლინ საკუთარ მიტოვებუ მამულს და შემოსავლებიც მეტი ექნებათ.
და რაც ყველაზე მთავარია – სოფელს უნდა მართავდეს თავად სოფლის მოსახლეობა. სოფელი უნდა გახდეს საჯარო მმართველობაზე აგებული იურიდიული ერთეული, რომელსაც ექნება საკუთარი ბიუჯეტი, მიწა, ტყე, მთა და საძოვარი და რომელიც ამ რესურსს თემის საჭიროების მიხედვით თვითონ განკარგავს.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“, სექტემბერი, 2025 წ. №9 (156)

