იონჯის კულტურის სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია
იონჯა უძველეს კულტურათა ჯგუფს მიეკთვნება, მეორენაირად მას საკვები ბალახების მეფეს უწოდებქნ.
ძნელია მოიძებნოს იონჯის კულტურაზე უფრო მაღალპროდუქტიული კვებითი ღირებულების მქონე პარკოსანი ბალახი, სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ურწყავ და ტენით უზრუნველყოფილ რეგიონებში 2-3, ხოლო სარწყავ პირობებში 5-6 ნორმალურ განათიბს იძლევა, ასეთ შემთხვევაში ჰექტარი იონჯის ნათესიდან თავისუფლად შესძლებელია მივიღოთ 70-100 ტონა მწვანე მასა და 15–20 ტონა თივა. სწორედ ამიტომ მთელ რიგ ქვეყნებში იონჯა მთავარ საკვებ კულტურად არის მიჩნეული. მისგან ამზადებენ თივას, ბალახის ფქვილს, სენაჟს, გრანულებს, თივის ნაკუწებს, ბრიკეტებს, კომბინირებულ სილოსს.
კვებითი ღირებულების მიხედვით იონჯა იძლევა მეტად მაღალხარისხოვან თივას. მწვანე საკვებს და საძოვარს. იგი გამოიყენება როგორც სასილოსე მასა და როგორც საუკეთესო კონცენტრირებული საკვები და იონჯის ფქვილის მიღების წყარო. იონჯის თივა 18%-დე პროტეინს, 14 %-ზე მეტ ცილებს, 27% ცხიმს, 39% უაზოტო ექსტრატულ ნივთიერებებს და 30% უჯრედისს შეიცავს. იგი როგორც საკვები, განსაკუთრებით ძვირფასია მოზარდი პირუტყვისათვის, ღორებისათვის ფრინველებისათვის და სხვა.
იონჯის კულტურის გვარი აერთიანებს 50-მდე სახეობას, აქედან ყველაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება სამ სახეობას. ლურჯ ანუ სათეს იონჯას, ყვითელ და ჰიბრიდულ იონჯას.
ლურჯ ანუ სათეს იონჯას აქვს სახვადასხვა შეფერილობა, მუქი იისფერიდან იასამნის ფერამდე. გავრცელებულია შვა აზიაში და ამიერკავკასიაში. ნათესის სრული აგროტექნიკის პირობებში თავს ინარჩუნებს ხუთი-რვა და მეტი წელიწადი და იძლევა მაღალყუათიან საკვებს.
ყვითელი იონჯა ხასიათდება კაშკაშა ყვითელი ან ღია ყვითელი შეფერილობით, იგი უფრო დაბალმოზარდია ამონაყარი გამოაქვს შედარებით ნელა, იძლევა ერთ იშვიათად ორ განათიბს და პროდუქტიულობით მნიშვნელოვნად ჩამორჩება ლურჯ იონჯას, მაგრამ გამოირჩევა უფრო მაღალი ყინვა და გვალვაგამძლეობით, ნაკლებად მომთხოვნია ზრდა -განვითარების პირობების მიმართ, ხასიათდება მეტი ხანდაზმულობით, მისი ღეროები კარგად განვითარებულია, ახასიათებს ჩაწოლისადმი მიდრეკილება, რის გამოც ხშირ შემთხვევაში მოუხერხებელია სათიბად. გავრცელებულია უკრაინაში, ყაზახეთში, ყირიმში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ციმბირში.
ჰიბრიდული იონჯა მიღებულია ყვითელი სათესი იონჯის სახეებს შორის შეჯვარებით, ხასიათდება იისფერი შეფერილობით, საერთოდ იგი ყველა მაჩვენებლებით მიაგავს ლურჯ იონჯას.
იონჯის თესლი გაღივებას 2-4 გრადუს ტემპერატურაზე იწყებს, აღმონაცენს მინუს 5-6 გრადუსამდე წაყინვები გადააქვს იოლად, რაც მისი ადრე თესვის შესაძლებლობას განსაზღვრავს. სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ყველაზე უკეთესად იზრდება 20-25 გრადუს ტემპერატურაზე, იონჯა სიცხის ამტანია და კარგად იტანს დღის ტემპერატურას 33- 40 გრადუსამდე, იგი აგრეთვე (განსაკუთრებით ყვითელი) ყინვაგამძლეა და შეუძლია გადაიტანოს ტემპერატურის დაცემა, (მინუს 15-20 გრადუსამდე) თოვლის საფარის ქვეშ იონჯა უძლებს ყინვებს 40 გრადუსამდე და მეტს, პირველი მეორე წლის სარგებლობის იონჯა უფრო ზამთარ გამძლეა, ვიდრე ხუთი ექვს წლიანი.
იონჯა გამოირჩევა აგრეთვე გვალვაგამძლეობითაც, მიუხედავად მისი მაღალი გვალვაგამძლეობისა, ძლიერ მგრძნობიარეა მორწყვისადმი. ყველაზე მეტად წყალს ყვავილობის ფაზაში მოითხოვს, ნიადაგისადმი იონჯა შედარებით ნაკლებად მომთხოვნია, მისი თესვა შეიძლება სხვადასხვა შემადგენლობის ნიადაგებზე, მაგრამ ის უფრო კარგად ვითარდება და ხანგრძლივად ცოცხლობს კარგი ჰაერაციის მქონე შავმიწებზე წაბლა, რუხ და სხვა ტიპის ნიადაგებზე.
იონჯა ვერ იტანს გრუნტის წყლებს, ჭარბ ტენიანობას და წყლის დადგომას. მისთვის გამოუსადეგარია დაჭაობებული და მაღალი მჟავიანობის მქონე ნიადაგები, ასეთ მიწებზე საჭირა და აუცილებელია მისი მოკირიანება.
წინამორბედი კულტურებისდმი იონჯა არ არის დიდად მომთხოვნი თუკი ნაკვეთი არ არის დასარევლიანებული და დამუშავდება ხარისხიანად. ის წარმატებით მოიყვანება საშემოდგომო ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირას და სხვა სათოხნი კულტურების შემდეგ. მისი თესვა უმჯობესია მოხდეს სუფთა შავ ანეულზეც.
იონჯის ხანგრძლივი დროით სარგებლობა დამოკიდებულია ადგილობრივ პირობებზე და ნათესის მოვლის წესებზე, იონჯა მაქსიმალურ მოსავალს იძლევა დათესვიდან მეორე წელს, ბალახ მინდვრიან თესლბრუნვაში იონჯას იყენებენ 2-3 წლის განმავლობაში, ხოლო თესლბრუნვის გარეთ მინდვრებზე მისი გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში 20-25 წლამდეც კი.
იონჯა გარკვეულ მოთხოვნილებას აყენებს, როგორც მინერალური, ასევე ორგანული საკვებ ნივთიერებათა მიმართ. პირველ რიგში მისთვის საჭიროა კომბინირებული აზოტიანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები, იონჯა კარგად რეაგირებს თანამედროვე კომპლექსურ მალე ხსნად სასუქებზე, მაგალითად როგორიცაა 24-24-24 ან სხვა მსგავსი შემადგენლობის სასუქებზე _ 250-300კგ/ჰა-ზე.
დადებით შედეგს იძლევა (ფოთლოვანი კვება) ხსნადი სასუქების, სტიმულატურების გამოყენება და სხვა. ორგანული სასუქები (ნაკელი) შეტანა (20 ტონა/ჰა-ზე )ხდება ძირითადი ხვნის წინ. აღნიშნული აგროტექნიკით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებით საგრძნობლად იზრდება მოსავლიანობა გათიბვების ჯერადობა და პროდუქციის ხარისხი.
იონჯის თესვა წარმოებს საფარი კულტურის ქვეშ და უსაფროდ სუფთა სახით. უსაფროდ იონჯა ძირითადად ითესება სარწყავ მიწებზე ზაფხულში ან ადრე შემოდგომაზე, შემოდგომაზე თესვის შემთხვევაში ის ისე სწრაფად ვითარდება და ხშირ შემთხვევაში, დაზამთრებამდე იძლევა ერთ განათიბს.
საფარქვეშ დათესილი იონჯა პირველ წელს სუსტად ვითარდება და მცირე მოსავალს იძლევა, მაგრამ ამით ჩვენ ვიგებთ ერთ სავეგეტაციო წელიწადს, საფარი კულტურის მოსავლის აღების შემდეგ მცენარე სწრაფად ვითარდება და იმავე წელს იძლევა 1-2 განათიბს.
საქართველოს პირობებში მიღებულია იონჯის თესვა საშემოდგომო ან საგაზაფხულო თავთავიანი პურეულის საფარქვეშ.
დიდი მნიშვნელობა აქვს საფარი კულტურების თავის დროზე მოსავლის აღებას და მინდორის განთავისუფლებას მისგან, აგრეთვე გათიბვის შემდეგ აზოტოვანი სასუქის შეტანას, დაფარცხვას და მორწყვას. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მრავალწლიანი დაკვირვებით, ადრე გაზაფხულზე იონჯის თესვა შვრიასთან ერთად ერთდროულად საუკეთესო შედეგს იძლევა, იმ შემთხვევაში, რომ შვრიის მოსავლის გათიბვა უნდა მოხდეს რძისებრ-ცვილისებრ სიმწიფეში, გათიბული მასა უნდა დაიწნეხოს შემჭიდროებულ ვადებში და ფართობიდან მისი გატანა უნდა მოხდეს დროულად, საიდანაც მიიღება საუკეთესო დაბალანსებული თივა. ხოლო ამის შემდგომ იონჯა სწრაფად ვითარდება და ვღებულობთ 1- 2 განათიბს.
იონჯის თესლი უნდა იყოს კონდიციური, 1 ან მე-2 კლასის, აღმოცენების უნარით 90- 96% და სისუფთავის მიხედვით 96-98%. უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში უკვე 20-25 წელია მეთესლეობის სისტემა არ არსებობს, აქედან გამომდინარე როგორც სხვა კულტურების თესლები იონჯის თესლიც საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოდის, რაც ხშირ შემთხვევაში ბევრ გაუგებრობას ქმნის. ამიტომ თესლის მყიდველებს ურჩევთ თესლის შეძენის დროს მყიდველისაგან მოითხოვოს თესლის შესაბამისი სერთიფიკატი, სადაც მითითებული იქნება რომელი ქვეყნაშია წარმოებული რომელი ჯიშია, რომელი რეპროდუქციაა, დამუშავებულია თუ არა მავნებელ დაავადებებსე, რამდენია 1000 მარცვლის წონა, რის მიხედვითაც უნდა ვიანგარიშოთ თესვის ნორმა და სხვა. სქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ადრე წლებში დამუშაბებული მონაცემების და არსებული ჯიშების მიხედვით იონჯის თესვის ნორმა ჰექტარზე მერყეობდა 15- დან 16 კგ-მამდე. წვრილი თესლის გამო, თესლის ჩათესვის სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 2-3 სმ. იონჯის თესვა წარმოებს სპეციალური ბალახის სათესი მანქანებით ან ხორბლის უნივერსალური სათესით, მწკრივებად და თან მიყოლებით იტკეპნება. აქვე უნდა აღვნიშნოს, რომ დღეს-დღეობით ქვეყანაში სპეციალური და უნივერსალური სათესების ნაკლებლობაა, ამიტომ იონჯის კულტურს თესვით დაინტერესებულ დამწყებ ფერმერებს (გლეხებს) მინდა გაუზიარო ჩვენი მრავალწლიური პრაქტიკული გამოცდილება, იონჯის თესვა შესაძლებელია ნებისმიერი ხორბლის სათესით. იონჯის 1-კგ-მი თესლი შესაბამისი ნორმით კარგად აურიოთ 6-7 კგ-მ მშრალ სილაში ან გაცრილ მიწაში, ჩავყაროთ სათესში, სათესი დავაყენოთ მაქსიმალურად დაბალ თესვის ნორმაზე და დავიწყოთ თესვა, ასეთ შემთხვევაში იონჯის თესლი განაწილდება თანაბრად მთელ ფართობზე თესვის ნორმასაც დაცული იქნება. პატარა ფართობებზე ასეთი სილაში ან მიწაში კარგად არეული თესლი შესაძლებელია დაითესოს მობნევითაც ხელით, ოღონდ უნდა მოხდეს მისი ჩაკეთება ნიადაგში მსუბუქი თათებიანი ფარცხით. ასეთი თესვის შემთხვევაში თესვის ნორა( დაზღვევის %-ტი) იზრდება.
იონჯის ძირითადი მავნებელა: ბუგრი, მდელოს ფარვანა,იონჯის ხვატარი და სხვა.მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენება პრეპარატები: აქტარა, კარატე, დეცისი და სხვა. ძირითადი დაავადებებია; ჭრაქი, ჟანგა, ნაცარი, ფუზარიოზული ჭკნობა და სხვა. მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენება პრეპარატები; ტებუკონაზოლი, პროპკონაზოლი და სხვა.
აღნიშნულ მავნებელ-დაავადებებისადმი მიმართ იონჯა გამძლეა და ნაკლებად ავადდება იმ შემთხვევაში, როდესაც სრულად არის დაცული მისი მოვლა-მოყვანის აგროწესებით გათვალისწინებული სამუშაოები, გათიბვის ვადები და ჯერადობა.
მოსავლის აღების ვადის განსაზღვრის დროს მხედველობაშია მისაღები, რომ ყველაზე მეტი კვებითი ღირებულება აქვთ ფოთლებს, ღეროსთან შედარებით ისინი 2-3-ჯერ მეტ ცილას და ხსნად ნახშირწყლებს, 12-ჯერ მეტ მონელებად ცილას, 3-4 მეტ ვიტამინებს და 4-ჯერ ნაკლებ უჯრედანას შეიცავენ.
ფოთოლთა მასის მაქსიმალური რაოდენობა მოდის მცენარეზე დაკოკრებისა და ყვავილობის დაწყების ფაზაში, ამ პერიოდში გათიბული ბალახი სასარგებლო ნივთიერებათა მაქსიმალურ რაოდენობას შეიცავს. დაგვიანებით გათიბვის შემთხვევაში თივის ხარისხი უარესდება.
პირველი გათიბვა სასურველია შესრულდეს ნიადაგის ზედაპირიდან 6-8 სმ-ის სიმაღლეზე ამ პერიოდში მნიშვნელოვნად მცირდება დანაკარგები უზრუნველყოფილია წამონაზარდების კარგად განვითარება.
დაბლად მოჭრის დროს (4-5 სმ) სუსტდება დატოტვის უნარიანობა და მნიშვნელოვნად ნაკლები ენერგიით ვითარდება გენერაციული ღეროები. ზამთარში შესვლის წინ ბოლო გათიბვა მიზანშეწონილია გაითიბოს 8-10 სმ სიმაღლესე ნიადაგის ზედაპირიდან, რადგან დარჩენილი ნაწვერალი კარგად აკავებს თოვლს და დაცულია ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიული მოქმედებისაგან.
მოთიბული ბალახი ღვარეულებად უნდა დარჩეს მინდორში, სწრაფად შეშრობის მიზნით შეიძლება ღვარეულები გადაბრუნდეს და შემდგომ შეგროვდეს ბულულებად ან აიკრიფოს და დაიწნეხოს წნეხამკრეფით. აღნიშნული სამუშაოები უნდა ჩატარდეს დილით ადრე ან საღამოთი, მინდორი სწრაფად უნდა გაიწმინდოს მოთიბული ბალახისაგან, რათა ხელი არ შეუშალოს ნათესს ახალი წამონაზარდის განვითარებას.
ყოველი გათიბვის შემდეგ საჭიროა ნათესი გამოიკვებოს ფოსფორიანი, კალიუმიანი და აზოტოვანი სასუქებით, შესაბამისი ნორმით და დაიფარცხოს, დაფარცხვა აუმჯობესებს ჰაერაციას და წყლის რეჟიმს ნიადაგში, ხელს უწყობს კოჟრის ბაქტერიების გამრავლებას და დამატებითი ღეროების განვითარებას, ყოველი გათიბვის შემდეგ სარწყავ ზონაში ნათესი უნდა მოირწყას.
მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არსებული სოფლის მეურნეობის განვითარების არსებული სისტემა რადიკალურად შეიცვალა, მიწების პრივატიზაციის კერძო საკუთრებაში გადასვლის შემდეგ.
აქედან გამომდინარე სხვა კულტურებთან ერთად იონჯის ნათესი ფართობები საგრძნობლად შემცირდა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს-დღეობით მოსახლეობა ნაკლებ ყურადღებას იჩენს ამ მეტად მნიშვნელოვანი კულტურის მიმართ. აღნიშნულიდან გამო სტატიის დაწერის და მისი გამოქვეყნების მიზანს წარმოადგენს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ფერმერებს სოფლის-მეურნეობის მუშაკებს, მოსახლეობას, რომ (როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული) იონჯის კულტურა წარმოადგენს მრავალწლიან საკვებ ბალახებს შორის ერთად-ერთ საუკეთესო მაღალპროდუქტიული კვებითი ღირებულების მქონე პარკოსან კულტურას. მეცხოველეობის დარგის განვითარების კუთხით მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, გარდა ამისა მისი ჩართვა მიწათმოქმედებაში, თესლბრუნვაში, თესლბრუნვის რგოლში, ან ცალკე მინდვრად, სამომავლოდ მკვეთრად აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს, იცავს ნიადაგს, როგორც ქარიმიერი ასევე წყლის მიერი ეროზიისაგან, ასუფთავებს სარეველებისაგნ და სხვა.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელ დღეს ქვეყანაში ტექნიკის მომსახურეობა საკმაოდ ძვირად ღირებულია ამ მხრივ მოსახლეობის უმეტეს ნაწილის უჭირს და ყოველ წლიურად ერთწლიანი კულტურისათვის ვერ ამუშავებს ნიადაგს ამის გამო უმეტეს შემთხვევაში მოსახლეობაში მიწები წლების განმავლობაში არის დაუმუშავებელი, შეიძლება ითქვას მიტოვებული, იონჯის კულტურის შემთხვევაში, ნიადაგის მოხვნა. ხნულის თესვის წინა დამუშავება და თესვა, ხდება ერთხელ და შემდგომ ყველაზე ცოტა ოთხი და მეტი 6-7 წლის განმავლობაში ერთდა იგივე ნაკვეთიდან ვღებულობთ მეცხოველეობისათვის უნიკალურ დაბალანსებულ საკვებს. აქედან გამომდინარე მოსახლეობას ურჩევთ დაინტერესდნენ და მეტი ყურადღება გამოიჩინონ იონჯის კულტურის მოვლა-მოყვანის მიმართ.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი დაკვირვებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იონჯის კულტურის ჩართვას დასვლეთ საქართველოს მიწათმოქმედებაში, როგორც დაბლობ ასევე შემაღლებულ მთაგორიან ადგილებში, რადგანაც მეცხოველეობის, საკვები ბაზის მკვეთრი ნაკლებლობაა.
აღნიშნულ სტატიაში შევეცადე, მარტივი გასაგები ენით გადმომეცა ინფორმაცია იონჯის კულტურის სამეურნეო დანიშნულებაზე. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად და აუცილებელ პირობად მიმაჩნია, რეგიონებში, ადგილებზე სოფლის მეურნეობის რეგიონალურმა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა, სხვა საკითხებთან ერთად მეტი ყურადღება დაუთმონ და მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას იონჯის კულტურის მრავალმხრივ გამოყენების მნიშვნელობაზე, მისი მოვლა-მოყვანის აგროტექნიკის საკითხებზე და სხვა.
საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ უშუალოდ ჩავერთოთ, ან უპასუხოთ დასმულ კითხვებს, შენიშვნებს, აღნიშნული საკითხის ირგვლივ.
ადოლ ტყეშელაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,
სსიპ სოფლის მეორნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი აგრონომი

