აგროსიახლეები

თაფლის წარმოება აჭარაში _ დენის სალუქვაძე მეფუტკრე ფერმერებს შეხვდა

მეფუტკრეობა აჭარაში სულ უფრო მეტად იძენს ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მნიშვნელობას. დარგი არა მხოლოდ სოფლად დასაქმების ერთ-ერთ ეფექტიან წყაროდ იქცა, არამედ მაღალი ხარისხის ქართული თაფლის პოპულარიზაციის შესაძლებლობადაც.
ამ კონტექსტში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ქედის მუნიციპალიტეტში, ფერმერ რეზო თურმანიძის საფუტკრე მეურნეობას ეწვია, სადაც ადგილობრივ მეფუტკრეებთან ერთად დარგში არსებული ვითარება, მიღწევები და განვითარების პერსპექტივები განიხილა.

მინისტრის თქმით, სამინისტროს პროგრამებისა და აგროგამოფენებში ფერმერთა ჩართვის შედეგად, რეგიონში ყველა პირობა შეიქმნა, რომ ქართული თაფლის წარმოება და ექსპორტის პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

ფერმერი რეზო თურმანიძე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბენეფიციარია, მან საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად არაერთხელ ისარგებლა საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით.

საფუტკრეში დამონტაჟებულია თანამედროვე ინვენტარი და აღჭურვილობა, რაც თაფლის წარმოების ეფექტიანობასა და პროდუქტიულობას ზრდის.

მინისტრთან ერთად მეურნეობაში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და აგრარული ექსტენციონისტები, რომლებმაც ფერმერს კონსულტაციები გაუწიეს სეზონური სამუშაოების, თაფლის სერტიფიცირებისა და ბაზარზე წარდგენის მიმართულებით.

აჭარაში მეფუტკრეობა თანდათანობით მდგრადი სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წარმატებულ მოდელად იქცევა.

სახელმწიფოსა და ფერმერთა თანამშრომლობა, ინოვაციური მიდგომების დანერგვა და ადგილობრივი პროდუქციის ხარისხზე ორიენტირება ქმნის რეალურ საფუძველს, რომ ქართული თაფლი, როგორც ბუნებრივი, სუფთა და მაღალი ხარისხის პროდუქტი, არა მხოლოდ შიდა, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც გამორჩეულად დაფიქსირდეს.

თაფლი, როგორც სოფლის სიმდიდრე და ბუნების საჩუქარი, დღეს უკვე ქვეყნის აგრო-ბრენდის ნაწილია.