კვლევა წანერი-ნაგებას მყინვარული სისტემის შესახებ
გამოქვეყნდა კვლევა წანერი-ნაგებას მყინვარული სისტემის შესახებ (ზემო სვანეთი), რომელიც კავკასიაშიсერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და დინამიკური ბუნებრივი ცვლილების მაგალითია.
კვლევამ აჩვენა, რომ 1820 წლიდან 2025 წლამდე მყინვარის ფართობი დაახლოებით 43%-ით (48-დან 30.6 კმ²-მდე) შემცირდა, ხოლო სიგრძეში თითქმის 4 კმ-ით დამოკლდა. ყველაზე სწრაფი დნობა დაფიქსირდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით 2014-2025 წლებში, რაც პირდაპირ უკავშირდება ზაფხულის ტემპერატურის ზრდას და ზამთრის ნალექების შემცირებას.
2015 წლიდან მყინვრის წინ დაიწყო გლაციალური ტბის ფორმირება, რომელიც სულ რაღაც ათ წელიწადში გაიზარდა 14 ათასი მ²-დან 107 ათას მ²-მდე და შეიცავს დაახლოებით 640 ათას მ³ წყალს. ტბა კონტაქტშია მყინვარულ ყინულთან, შემოსაზღვრულია მორენული ნაფენებით და ციცაბო ფერდობებით, რაც ქმნის გლაციალური ტბის გარღვევის და უეცარი წყალმოვარდნის პოტენციურ საფრთხეს. ტბის მაქსიმალური სიღრმე 21 მეტრია.
კვლევა წარმოადგენს მყინვარული ტბის დეტალური გაზომვის პირველ პრეცენდენტს კავკასიაში და ქმნის საწყის ბაზას მომავალი მონიტორინგისა და რისკების მართვისთვის.
მთავარი რეკომენდაციები:
- მყინვარზე, მყინვარულ ტბაზე და მიმდებარე ფერდობებზე რეგულარული დაკვირვება მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათებით, საველე გასვლებით (მათ შორის ტბის განმეორებითი ბათიმეტრიით) და უპილოტო საფრენი აპარატებით.
- ტბის სტაბილურობისა და შესაძლო გარღვევა/წყალმოვარდნის სცენარების მოდელირება-მორენის გამძლეობისა და პოტენციური ბიძგის მექანიზმების გათვალისწინებით.
- ადრეული გაფრთხილების სისტემისა და საზოგადოებრივი მზადყოფნის პროგრამების დანერგვა მულხურას ხეობაში და თემის სოფლებში.
წანერის-ნაგების შემთხვევა კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია იმის რომ გლობალური დათბობა უკვე ცვლის საქართველოს მთის ჰიდროლოგიასა და უსაფრთხოების რეჟიმს, ამიტომ აუცილებელია მეცნიერების, სპეციალისტების, ხელისუფლებისა და ადგილობრივი თემების ერთობლივი მოქმედება.
კვლევა ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის, დიდი ბრიტანეთის დანდის უნივერსიტეტის და ჩინეთის მთის საფრთხეების ინსტიტუტის მეცნიერებისა და სპეციალისტების მონაწილეობით.
პუბლიკაცია გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში Water. ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.mdpi.com/2073-4441/17/22/3209
კვლევა დაფინანსდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი / LEPL International Education Center-ის და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

